სეზონური გრიპი: რჩევები ორსულებისთვის

სეზონური გრიპი: რჩევები ორსულებისთვის

2020 / 05 ოქტომბერი

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ინფექციაა. იგი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება და სეზონურობით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემთხვევები წლის კონკრეტულ დროს აღწევს პიკს. საქართველოს შემთხვევაში გრიპის სეზონი გვიან შემოდგომაზე იწყება. როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის ფონზე,  წლევანდელი გრიპის სეზონი განსაკუთრებით საყურადღებო იქნება. მოვლენათა განვითარების ყველაზე ცუდ სცენარში გრიპი და კორონავირუსი ერთდროულად შემოგვიტევს და როგორ გაუმკლავდება ამას ჯანდაცვის სისტემა, რთული სათქმელია.

 

გრიპს მწვავე დაწყება სჩვევია. მისი სიმპტომები ინდივიდუალურ ხასიათსაც ატარებს და შესაძლოა იგი ყველასთვის ერთნაირი არ იყოს, თუმცა, დაავადების ყველაზე ხშირი ჩივილები ასეთია:

 

  • სიცხე ან ციებ- ცხელება
  • ხველა 
  • თავის ტკივილი
  • ყელის ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • ზოგადი საერთო სისუსტე
  • სურდო

 

გრიპი საშუალოდ 7-10 დღის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა, შესაძლოა მისი სიმპტომები უფრო დიდხანს, 3-4 კვირის განმავლობაში შენარჩუნდეს. ასევე არის შემთხვევები, რომ იგი სხეულის ტემპერატურის მატების გარეშეც მიმდინარეობს. 

 

COVID-19-ის მსგავსად, გრიპსაც თავისი რისკ-ჯგუფები აქვს. მათში განსაკუთრებულ ადგილს ორსულები იკავებენ. ამას თავისი მიზეზიც აქვს: ფეხმძიმობის დროს იმუნიტეტი სუსტება და ორგანიზმი ინფექციების მიმართ უფრო მოწყვლადი ხდება. შესაბამისად, სეზონური გრიპის ვირუსით დაინფიცირებისა და დაავადების გართულებების რისკიც იმატებს. როგორც კვლევები აჩვენებს, დედიდან ნაყოფზე ვირუსის გადაცემა საკმაოდ იშვიათია, მაგრამ იზრდება მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების ალბათობა

 

როგორც ირკვევა, გრიპის საწინააღმდეგოდ გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებს კარგი შედეგი მოაქვს - კორონავირუსის პრევენციულმა ზომებმა 2019-2020 წლის გრიპის სეზონი დაგეგმილ ვადაზე 6 კვირით ადრე დაასრულა. მეცნიერთა და ექიმთა ნაწილი იმედოვნებს, რომ პანდემიის წინააღმდეგ საზოგადოების ძალისხმევა გრიპის წლევანდელ სეზონზეც დადებითად აისახება. 

 

რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია ორსულებს სეზონური გრიპის მშვიდად გადატანაში დაეხმარება

 

 

  • სეზონური გრიპზე აცრა პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა

 

 

სეზონურ გრიპზე აცრა ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო არასდროს ყოფილა. ცალსახად უნდა აღვნიშნოთ: ვაქცინაცია ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე სრულიად უსაფრთხო გახლავთ. აქვე უნდა ითქვას, რომ სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან არის შესაძლებელი. ამ ასაკამდე პატარას გრიპისგან დაცვა კი ორსულობის დროს გაკეთებულ აცრას შეუძლია. ამგვარად, ორსულობის დროს სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია არამხოლოდ უსაფრთხო, არამედ გონივრული გადაწყვეტილებაც გახლავთ.

 

 

  • პირბადის ტარება ამჯერადაც ეფექტიანია

 

 

პირბადე რესპირატორულ წვეთებთან ბრძოლაში საოცრად ეფექტიანია. მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში ექიმების მიერ რეკომენდირებული და წახალისებული გახლავთ. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პირბადე ორსულთან ახლო კონტაქტში მყოფ ადამიანებსაც ეკეთოთ. ამგვარად ისინი ერთმანეთს საკუთარი რესპირატორული წვეთებისგან დაიცავენ.

 

 

  • მჭიდრო ფიზიკური კონტაქტი უნდა შეიზღუდოს

 

 

რადგანაც გრიპი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, სოციალურ დისტანციას აქაც დიდი მნიშვნველობა ენიჭება. ორსულთან მიმართებაში, ამას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ფეხმძიმეებს ასევე ურჩევენ, რომ მჭიდრო, ხალხმრავალ, დახურულ სივრცეებს შეძლებისდაგვარად მოერიდონ.

 

 

  • ხელების ჰიგიენა მნიშვნელოვანია

 

 

ვირუსის შეჭრაში ხელები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, ამიტომაც, მათი საპნით დაბანა ან სანიტაიზერით დამუშავება გრიპის პრევენციისთვის ძალზედ ეფექტიანი საშუალებაა. ასევე კარგი ეფექტის მომცემია ასევე ზედაპირების ხშირი გასუფთავება და დეზინფექცია. ამგვარად ორსული თავიდან აირიდებს რესპირატორულ წვეთებთან შეხებას.

 

 

  • სახეზე ხელის ხშირი შეხება რეკომენდირებული არ არის

 

 

ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაცავი რეკომენდაციაა, მაგრამ იგი საკვანძოა - ვირუსები ორგანიზმში ხშირად ხელების სახეზე შეხების შედეგად აღწევენ. მნიშვნელოვანია, რომ ორსული ამას განსაკუთებით მოერიდოს.



რეკომენდებული