
5G-ს მნიშვნელობა მედიცინაში
2022 / 01 აპრილი
Covid-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ დისტანციური ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად, მედიცინაში ახალი მიდგომებია საჭირო. ამ გამოვწვევამ კი სფეროს ექსპერტები 5G-ს მნიშვნელობაზე დააფიქრა.
5G ჯანდაცვის სფეროს საშუალებას მისცემს, შექმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯანმრთელობის სენსორების, ალგორითმებისა და ჭკვიანი მოწყობილობების ურთიერთქმედებისთვისა და ტელემედიცინის გამართული მუშაობისთვისაა საჭირო.
5G-ს უპირატესობები
5G ჯანდაცვის სფეროს გაუხსნის კარიბჭეს ახალი გამოგონებებისა და იმ იდეების განხორციელებისთვის, რომლებიც უკვე იყო საზოგადოების ცნობიერებაში - თუნდაც, როგორიცაა ვირტუალური რეალობის პლატფორმები მედიცინაში.
5G ქსელებს მინიმუმ სამი კუთხით ექნებათ უპირატესობა: სიმძლავრე, შეყოვნება და პერსონალიზაცია.
პირველი ეხება როგორც სიჩქარისა და გამტარუნარიანობის ზრდას, ასევე ბევრი მოწყობილობის ერთდროულად დაკავშირების შესაძლებლობას, რაც არის ნივთების ინტერნეტის (IoT) ქსელების წინაპირობა. ამ დროისთვის, ჭკვიანი სენსორები, დაკავშირებული მოწყობილობები და სხვა IoT ხელსაწყოები მიმდინარე ქსელებს მზარდი დატვირთვის ქვეშ აყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ 4G მხარს უჭერს მხოლოდ 4000 მოწყობილობას კვადრატულ კილომეტრზე, 5G-ს შეუძლია მილიონამდე მოწყობილობის მხარდაჭერა.
მეორე განზომილება, შეყოვნება, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოცემული სისტემის რეაგირება, გახდება გასაღები დისტანციური მართვის წინსვლისთვის ბევრ სექტორში. 5G ქსელში, კავშირის დამყარების დრო დაახლოებით ერთ მილიწამამდე დაეცემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტელეჯანმრთელობის, განსაკუთრებით ტელექირურგიის განვითარებაში.
და ბოლოს, 5G-ის მესამე განზომილება არის მორგებული ქსელების გამოჩენა - ანუ, ნაცვლად იმისა, რომ კლიენტები კონკრეტულ ქსელებს დაუკავშირდნენ და პროცესი შეფერხდეს, ოპერატორები გამოყოფენ ქვექსელებს სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად, მორგებული ფუნქციებით. მაგალითად, შეიძლება შეიქმნას ტელეჯანმრთელობის ქვექსელი, რომელიც უსწრაფესად გაგზავნის ამა თუ იმ მონაცემს/სურათებს სხვაგან. ასევე, უზრუნველყოფს ამავე მონაცემების ჩამოტვირთვის სწრაფ სიჩქარეს. კერძოდ, 5G-ს მეშვეობით პლატფორმის მომხმარებლები შეძლებენ, ჩამოტვირთონ მონაცემები წამში 1 გიგაბიტზე მეტი სიჩქარით (1გბ/წმ). ეს არის მინიმუმ 10-დან 100-ჯერ უფრო სწრაფი სიჩქარე, ვიდრე დღევანდელი 4G სერვისები.
რატომ არის 5G საინტერესო ჯანდაცვისთვის?
ჯანდაცვა ისარგებლებს 5G ტექნოლოგიის უამრავი ასპექტით; ეს კი სულაც არ არის შორეული მომავალი: ფინეთის საავადმყოფოებმა უკვე გამოიყენეს ასეთი გადაწყვეტილებების სპექტრი წლების განმავლობაში, დაწყებული ინსულტის რეაბილიტაციის VR მეთოდით, დამთავრებული ჭკვიანი სახვევებით, რომლებიც თვალყურს ადევნებენ პაციენტების გამოჯანმრთელებას და მშობლების მხრიდან საავადმყოფოებში მყოფ ჩვილებთან ურთიერთობას/თვალყურის დევნებას. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.
მაღალსიჩქარიანი 5G ქსელის დამატება არსებულ ჰოსპიტალურ ქსელებში ჯანდაცვას დაეხმარება, უფრო სწრაფად და საიმედოდ გადავიდეს სამედიცინო სურათების უზარმაზარი მონაცემთა ფაილები ერთი ადგილიდან მეორეში, რაც გააუმჯობესებს როგორც ზრუნვას, ასევე მოვლის ხარისხს. მაგალითად, ოსტინის კიბოს ცენტრში, PET სკანერი წარმოქმნის ძალიან დიდ ფაილებს - 1 გიგაბაიტამდე ინფორმაციას თითო პაციენტის თითო კვლევაზე. როდესაც ვინმეს დისტანციური კონსულტაცია სჭირდება, შეიძლება რთული იყოს ასეთი უზარმაზარი ფაილის სწრაფად გაგზავნა ამჟამად არსებული ქსელებით. მომავალში ეს შესაძლოა, უკეთესობისკენ შეიცვალოს და უფრო ხშირ დისტანციურ კონსულტაციებს ჩაეყაროს საფუძველი.
იმისთვის, რომ პაციენტებზე ზრუნვა უფრო მარტივი გახდეს, საჭიროა ჯიბის ზომის დაკავშირებული მოწყობილობები, რომლებიც მუდმივად აკონტროლებენ პაციენტის მდგომარეობას და საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან ექიმს. 5G ტექნოლოგიას შეუძლია ასეთ ქსელებს სტაბილურად/საიმედოდ მუშაობის საშუალება მისცეს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ეს მოწყობილობები 16 პროცენტით შეამცირებს საავადმყოფოს ხარჯებს.
ჯანდაცვის IoT ქსელებისა და მოწყობილობების წინსვლის პარალელურად, ასევე გაიზრდება ჯანდაცვის სფეროში დიდი მონაცემებით მომუშავე ჭკვიანი ალგორითმების შექმნის შესაძლებლობაც. 5G ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ბევრად უფრო ადვილი და საიმედო იქნება ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც პლატფორმაზე გაგზავნილ მონაცემებს სწრაფად გაანალიზებს.