ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი ინფექციონისტი კორონავირუსის შესახებ
2020 / 13 მარტი
როგორ გაჩნდა კორონა ვირუსი?
ისტორიულად, კორონავირუსის შემთხვევებში ცხოველი, როგორც შუალედური მასპინძელი და ადამიანის დაინფიცირების წყარო, ყოველთვის ჩართული იყო. მაგალითად, აქლემი SARS-ის, ხოლო ციბეტინი MERS ვირუსის ეპიდემიის დროს. პაციენტების პირველი კლასტერისთვის ცხოველების ღია ბაზარში წასვლის შემდეგ დადგენილი ვირუსი გახდა მიზეზი, რის გამოც დაიწყეს ცხოველებისა და ფრინველების კვლევა. სწორედ აქედან იღებს სათავეს ღამურის თეორიაც, თუმცა ეს ვარაუდი ბოლომდე არ არის დადასტურებული.
როდის ხდება ის გადამდები?
SARS-COV-2 (კორონა) ადამიანის შემთხვევაში გადამდები ხდება სიმპტომების გამოვლენამდე 24-48 საათით ადრე.
რამდენ ხანში ვლინდება სიმპტომები?
კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 5 დღეა, შესაბამისად სიმპტომების გამოვლენა დაინფიცირებიდან საშუალოდ 5 დღეში იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, დაინფიცირებიდან, საშუალოდ 72 საათში ხდება გადამდები.
თუ ადამიანი დაბრუნდა მაღალი რისკის ქვეყნიდან, ან ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელსაც დაავადება დაუდასტურდა, რამდენი ხანი უნდა იყოს იგი იზოლირებული?
ყველაზე დიდმა კვლევამ ჩინეთიდან დაადგინა, რომ მიუხედავად ერთეული შემთხვევებისა (სადაც სიმპტომების გამოვლინება მოხდა 1-დან 24 დღემდე), 14 დღიანი კარანტინი საკმარისია დაინფიცირებულების 97.5%-ისთვის. შესაბამისად, მოქმედი, 14 დღიანი იზოლაციის რეკომენდაცია ძალაში რჩება.
რა დროში ხდება გამოჯანმრთელება?
კლინიკურ გამოჯანმრთელებას, მსუბუქ შემთხვევებში, დაახლოებით 2 კვირა სჭირდება, ხოლო მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში კი -3-დან 6 კვირამდე.
არის თუ არა ვირუსი გადამდები ორსულობის პერიოდში?
ჩინეთში შეისწავლეს ფეხმძიმობის მესამე ტრიმესტრში მყოფი პაციენტები და საბედნიეროდ, ნაყოფის მუცლად ყოფნის დროს გადაცემის შემთხვევა არ დაფიქსირდა.
Update: 14 მარტს, დიდ ბრიტანეთში ახალშობილს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამ დრომდე უცნობია, ახალშობილი მუცლად ყოფნის დროს დაინფიცირდა თუ დაბადებისას.
შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები:
- ხშირად გაისუფთავეთ ხელები
- ხველის დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი
- შეეცადეთ, ხელით არ შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და პირს
- მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს
- თუ თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს (პირველადი კონსულტაცია მიიღეთ ტელეფონით)
და გახსოვდეს, რომ:
შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია!