ბულინგი სკოლაში: ინტერვიუ ელენე მაღრაძესთან

ბულინგი სკოლაში: ინტერვიუ ელენე მაღრაძესთან

2020 / 11 სექტემბერი

სკოლაში ბულინგი იმ პრობლემათა რიგს განეკუთვნება, რომელზეც ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ. ხშირად უფროსი ასაკის ადამიანები მას სხვა სახელს, ბავშვური ცელქობას არქმევენ. 
რეალურად, ბულინგი სერიოზული საკითხია და იგი ბავშვების ფსიქო-ემოციურ
განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

 

რა მოტივები იმალება ბულინგის უკან? ვინ არის მოძალადე
და რა პრინციპით ირჩევენ მსხვერპლს? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, საზოგადოების წევრებმა, მშობლემა და მასწავლებლებმა, რომ სკოლაში ბულინგი კვლავ დაფარულ პრობლემად აღარ დარჩეს? ამ და სხვა კითხვებით ჩვენ ფსიქოლოგ ელენე მაღრაძეს მივმართეთ

 

  • რა არის ბულინგი და რამდენად საშიში ტენდენციაა იგი ქართული სკოლებისთვის?

 

- ბულინგი არის რეგულარული ხასიათის მქონე მიზანმიმართული, სასტიკი ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური მოპყრობა, ჩაგვრა. მჩაგვრელი, შეიძლება იყოს ინდივიდი, ან ბავშვების მთელი ჯგუფი. ბულინგის შემთხვევებს შეიძლება ყველგან გადავაწყდეთ: ნებისმიერ ქვეყანაში, კულტურაში, სოციუმსა თუ გარემოში. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად სკოლა ზუსტად ის ადგილია, სადაც ბულინგისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიტუაციები იქმნება. 

 

არსებობს პირდაპირი და ფარული ბულინგი.

 

  • პირდაპირი ბულინგი: ბავშვს ღიად აყენებენ შეურაცხყოფას, დასცინიან, ურტყამენ და ა.შ
  • ფარული ბულინგი:  აგრესია ღიად არ არის გამოხატული, მაგრამ ბავშვს პასუხს არავინ არ სცემს, არ ესალმებიან, თამაშში ჩართვის უფლებას არ აძლევენ და ა.შ. 

 

ეს ყოველივე ერთჯერადი აქტი არაა და იგი დროის გარკვეულ პერიოდში მეორდება. 

 

ბულინგი ხშირად უფროსთა თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება ან არ ხდება მისი სწორი სახელდება. ამის გამო ვერ ხერხდება მისი დროული ამოცნობა და შესაბამისად, შემდგომი მართვა. ხშირად მშობლები და მასწავლებლები ბულინგს სერიოზულად არ აღიქვამენ და მას ბავშვურ ჩხუბს ან ცელქობას არქმევენ. ამგვარად ისინი აფიქსირებენ პოზიციას: “ბავშვები თავიანთ საქმეს თვითონვე მოაგვარებენ” . რა თქმა უნდა, ზოგჯერ ასეც ხდება, თუმცა, არის სიტუაციები, როდესაც ბულინგი  სახეზეა და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. თუკი უფროსებს ბულინგზე უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ და პრობლემის არსებობას აღიარებენ, მაშინ მის დროულ აღმოჩენასა თუ მოგვარებასაც შეძლებენ. 

 

 

  • რატომ ჩაგრავენ ბავშვები ერთმანეთს და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს მსხვერპლი?

 

- ბულინგს რაღაც სერიოზული მიზეზი არ სჭირდება და მისი 

მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ბავშვი, რომელიც სხვებისგან განსხვავებულია. რისკ-ჯგუფში შეიძლება შედიოდნენ ინდივიდები, რომელთაც უჭირთ კომუნიკაცია და  სოციალური უნარები ნაკლებად  აქვთ განვითარებული.

 

ბულერების/მჩაგვრელების შემთხვევაში ქცევას საფუძვლად ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ისინი შესაძლოა თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი სხვა გარემოში (ოჯახში, ეზოში და ა.შ.). ბავშვს, რომელსაც ამცირებენ ან აშინებენ, თავისი დათრგუნული ემოციები ზოგჯერ თანატოლებზე გადმოაქვთ. ჩაგვრის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ოჯახში ემოციური კავშირისა და სითბოს ნაკლებობა ან უბრალოდ სახეზე გვქონდეს სხვებისგან გადმოტანილი ქცევა, “გართობა”, დაბალი თვითშეფასება და ამ ქცევებით მისი გადაფარვის მცდელობა, ყურადღების მიქცევა და ა.შ. 

 

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ  დახმარება როგორც ბულინგის მსხვერპლს, ასევე ბულინგის გამტარებელსაც სჭირდება.

 

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ უფროსები, გარდა იმისა რომ ბულინგის მიმართ ზოგჯერ გულგრილები არიან, ხშირად მის პროვოცირებას თავად ახდენენ. მაგ: მასწავლებელი, რომელიც ბავშვს კლასის წინაშე ამცირებს, არქმევს მას ზედმეტსახელს და ა.შ.  მშობელი, რომელიც ხედავს, რომ მისი შვილი სხვას ჩაგრავს და ამას ბავშვურ ცელქობას ეძახის. ანდა პირიქით: სერიოზულად  არ აღიქვამს შვილის მონათხრობ პრობლემას, მის დათრგუნულ მდგომარეობას და რეალური დახმარების ნაცვლად მას თავადვე არცხვენს: “შენ რა, თავს ვერ იცავ? “, “მშიშარა ხარ? “,“სხვებს თუ არ დასცინიან, შენ რატომ გიბედავენ ამას?” და ა.შ. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ბავშვი თავისი პრობლემების შესახებ აღარ საუბრობს და ეტაპობრივად სიტუაციაც უფრო და უფრო მძიმდება. არის შემთხვევებიც, როდესაც მშობლები შვილებს ძალადობისკენ თვითონვე უბიძგებენ, რაც ზოგადად ძალადობის ნორმალიზებას იწვევს და ხშირად სწორედ ეს ხდება ბულინგის მიზეზი. 

 

  • როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ მისი შვილი ბულინგის მსხვერპლია?

 

- რაც უფრო მეტად აქვს ბავშვს მშობლების ნდობა და მათთან ემოციური კავშირი, მით უფრო ადვილია მშობლისთვის იმის შემჩნევა, ბავშვი მსხვერპლია თუ მჩაგვრელი. ბულინგის მსხვერპლ ბავშვებს ხშირად აღარ უნდათ სკოლაში სიარული, რის გამოც იგონებენ სხვადასხვა მიზეზებს, აღარ იჩენენ ინიციატივას, არიან დათრგუნულები, გაღიზიანებულები, დაქვეითებული აქვთ მოტივაცია, განიცდიან მეგობრების ნაკლებობას, უარესდება მათი აკადემიური მოსწრება, გაურბიან სკოლაზე საუბარს. ასეთ დროს ბავშვებს ყველაზე მეტად მშობლების მხარდაჭერა და მათში გვერდში დგომა სჭირდებათ. 

 

  • როგორ უნდა ავამაღლოთ ცნობიერება ბულინგის საფრთხეების და ზიანის შესახებ?

 

- პირველ რიგში უნდა მოხდეს პრობლემის აღიარება და მისი სახელდება, ხოლო ამის შემდეგ - რეაგირება. ნებისმიერი უფროსი, რომელიც ბულინგის  შემსწრეა და მასზე არ რეაგირებს, ზუსტად ისეთივე დამნაშავეა, როგორც მჩაგვრელი. აუცილებელია, რომ ეს პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გავაცნობიეროთ, რათა ეს ქცევა აღარ იყოს ნორმალიზებული არც ჩვენთვის და არც ბავშვებისთვის. 

 

აუცილებელია, რომ მშობლებში, მასწავლებლებსა და ზოგადად სოციუმში წახალისებულ იქნეს პოზიტიური ურთიერთობის მოდელი და არა ძალადობრივი კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ამის მისაბაძი მაგალითები პირველ რიგში თავადვე უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ და ვასწავლოთ ბავშვებს ის ყველაფერი, რასაც მათგან ვითხოვთ. 

 

  • რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს (ბავშვთა ფსიქიატრს / ფსიქოთერაპევტს), თუ ბავშვი ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდა?

 

თუ მშობელი გაერკევევა სიტუაციაში და აღმოაჩენს, რომ ბავშვი ბულინგის მსხვერპლია, რა თქმა უნდა, მას მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. ბავშვებმა პირველ რიგში უნდა იცოდნენ, რომ მარტონი არ არიან, მათ გაუგებენ და დაეხმარებიან, არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა, მშობელთან საუბარი ყველაფერზე შეიძლება  და ხანდახან თავის დაცვა ყველას არ შეუძლია, რაშიც სამარცხვინო არაფერია. ასეთ დროს კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კი არის.