ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი თუ ფსიქიატრი? ვის როდის მივმართოთ?

ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი თუ ფსიქიატრი? ვის როდის მივმართოთ?

2020 / 27 ივნისი

ფსიქიკური ჯანმრთელობის მომიჯნავე სპეციალიზაციებს შორის გარკვევა ბევრისთვის ნამდვილ თავის ტკივილს წამორმოადგენს. ამის მიზეზი ძალიან მარტივია: რამდენიმე ათეული წლის წინ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ერთი საერთო სპეციალიზაციის ქვეშ ისწავლებოდა. XX საუკუნეში სამედიცინო თვალსაწიერის გაფართოვებამ, ტექნოლოგიურმა წინსვლამ და დიაგნოსტირების მეთოდოლოგიის დახვეწამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე მომუშავე დარგები ერთმანეთისგან გააცალკევა.

მარტივად და ლაკონურად გავერკვეთ, თუ ვინ ვინ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში.

  • ფსიქიატრი 

ფსიქიატრია სამედიცინო დარგია. იგი ფსიქიკურ დაავადებათა გამოვლინებებს, მიმდინარეობას, წარმოშობის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას შეისწავლის. შესაბამისად, ფსიქიატრები განათლებით ექიმები არიან. ისინი მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა შოზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობა, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) და. ა.შ. ფსიქიატრის საქმიანობის მთავარი და განუყოფელი ნაწილია მედიკამენტების დანიშვნა, რაც მას საშუალებას აძლევს პაციენტი ჯეროვნად მართოს. როდესაც მედიკამენტური თერაპიის აუცილებლობა აღარ არის, ფსიქიატრებმა, შესაძლოა, თავიანთი პაციენტები საჭიროებისამებრ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა სპეციალისტებთან გადაამისამართონ.

  • ფსიქოთერაპევტი 

ფსიქოთერაპია დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინაა, ხოლო ფსიქოთერაპიული პრაქტიკა დამოუკიდებელ და თავისუფალ პროფესიას წარმოადგენს. შესაბამისად, ფსიქოთერაპევტი ფსიქოთერაპიული პროცესის წარმმართველი სპეციალისტია. ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისათვის საჭიროა შესაბამისი საუნივერსიტეტო და პოსტ-დიპლომური განათლების მიღება. ფსიქოთერაპევტი მუშაობს შემდეგ შემთხვევებზე: პოსტ ტრავმული სტრესულ მდგომარეობა, ფობიები, ადრეული ბავშვობის ტრავმები, კვებითი აშლილობები, ფსიქოსომატური მდგომარეობები, სუიციდური აზრები, ობსესიური ქცევები და სხვა. ფსიქოთერაპიული ჩართულობა შფოთვის და დეპრესიული მდგომარეობის, ყურადღების კონცენტრაციის პრობლემების, ურთიერთობის ჩამოყალიბების სირთულის, სამსახურებრივი სირთულეების დროსაც საჭირო ხდება. აღსანიშნავია, რომ ფსიქოთერაპია არ შემოიფარგლება მხოლოდ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებზე მუშაობით. მის სამუშაო არეალში ასევე შედის: შინაგანი სიცარიელის შეგრძნება, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების არარსებობა და სხვა. ფსიქოთერაპიული ჩარევა რეკომენდებულია როგორც ზრდასრულებთან, ასევე მოზარდებთან და ბავშვებთან როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური სესიების სახით.

  • ნევროლოგი

ნევროლოგია სამედიცინო სპეციალიზაციაა. იგი შეისწავლის ნორმალური და პათოლოგიურად შეცვლილი ნერვული სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციას. ნევროლოგი განათლებით ექიმია, რომელიც ფოკუსირებულია ნერვული სისტემის ისეთ დარღვევებზე, რომლებსაც გამოხატული ბიოლოგიური საფუძველი აქვთ. იგი მკურნალობს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ინსულტი, პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია და ა.შ. ნერვული სისტემის ასეთი დაზიანებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ როგორც მის ფუნქციაზე, ასევე პაციენტის ზოგად გუნება-განწყობასა და ქცევაზე.  ამიტომაც, ნევროლოგებს შესაბამისი მედიკამენტების დანიშვნის უფლებაც აქვთ. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ დადებითი ეფექტის მისაღწევად, მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად ფსიქოთერაპიაც აუცილებელია.

  • ფსიქოლოგი

ფსიქოლოგია სოციალური მეცნიერების დარგია. იგი შეისწავლის ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, ფსიქიკურ ფუნქციებს, პიროვნებას და მისი სოციალური ფუნქციონირების კანონზომიერებებს, ინდივიდუალურ განსხვავებებს, ადამიანის ქცევას შრომით და სხვა სოციალურ  კონტექსტში. ფსიქოლოგს სამედიცინო განათლება არ აქვს - იგი შესაძლოა ფლობდეს ფილოსოფიის დოქტორის (Ph.D.) ან ფსიქოლოგიის დოქტორის (Psy.D.) ხარისხს. თავის მხრივ, ამ ხარისხებს შორისაც მნიშვნელოვანი განსხვავებაა:

  • ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მისაღებად აუცილებელია სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული განათლების მიღება და დისერტაციის დაცვა
  • ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი უფრო მეტად ფსიქოსოციალური თერაპიის კლინიკური ასპექტებზეა ფოკუსირებული

ფსიქოლოგი ახორციელებს ინდივიდის ფსიქოდიაგნოსტიკას შესაბამისი ვალიდური, სანდო, ადაპტირებული მეთოდების გამოყენებით და ამზადებს დასკვნას, შეფასებას ინდივიდის ფუნქციონირების ნორმასთან შესაბამისობის შესახებ. მას ფსიქოთერაპიის წარმოება შესაბამისი პოსტ - დიპლომური განათლების მიღების გარეშე არ შეუძლია. 


 

საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას ადამიანი  შეიძლება დაიბნეს და ვერ გაერკვეს, თუ კონკრეტულად ვის უნდა მიმართოს დასახმარებლად. მსგავს სიტუაციაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება ოჯახის ექიმთან კონსულტაციაა - ჩივილების მოსმენის შემდგომ მას ზოგადი წარმოდგენა შეექმნება სამედიცინო საჭიროებების შესახებ და პაციენტს შესაბამის სპეციალისტთან გადაამისამართებს, რის შემდეგაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალი სამოქმედო გეგმას დასახავს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე სპეციალისტებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირი აქვთ და მათი გადაწყვეტილებები ყოველთვის პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარეობს. 

რეკომენდებული