
აუგმენტური რეალობის მნიშვნელობა მედიცინაში
2022 / 20 აპრილი
აუგმენტური რეალობა იგივე გაძლიერებული რეალობაა, რომელიც სამყაროს 3D ფორმატში წარმოგვიდგენს. არსებობს ორი ასპექტი, რომლითაც AR უნიკალურია: მომხმარებლები არ კარგავენ კავშირს რეალობასთან და ამასთანავე, აუგმენტური რეალობის დახმარებით ისინი საჭირო ინფორმაციას წამებში იღებენ. ეს გამორჩეული თვისებები AR-ს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მედიცინის მომავალში.
გაძლიერებული რეალობის მაგალითები მედიცინასა და ჯანდაცვაში
- გაძლიერებული რეალობის საშუალებით პაციენტებს უკეთ შეუძლიათ თავიანთი სიმპტომების აღწერა.
პაციენტები ხშირად ვერ ხვდებიან, რა ფორმით გადმოსცენ სიმპტომები. მათ ეშინიათ, თავიანთი ნათქვამი არსებულ მდგომარეობასთან შედარებით გადაჭარბებული არ იყოს. თუმცა, AR ტექნოლოგიის გამოყენებით უკვე ამ პრობლემასაც აქვს გამოსავალი.
მაგალითად, აპლიკაცია Oculenz-ის საშუალებით, ექიმებს შეუძლიათ, პაციენტებს კონკრეტული მდგომარეობის მქონე ადამიანების ხედვის სიმულაცია აჩვენონ, რაც მათ საკუთარი მდგომარეობის უკეთ აღქმასა და გადმოცემაში დაეხმარებათ.
- აუგმენტური რეალობის საშუალებით, ექთნებს შეუძლიათ, უფრო ადვილად იპოვონ ვენები.
მედტექ სტარტაპი AccuVein იყენებს AR ტექნოლოგიას საიმისოდ, რომ ექთნებს საქმიანობა გაუადვილოს. მისი ხელის სკანერი სამედიცინო პროფესიონალებს სისხლის აღებაში ეხმარება - ის კანის დასკანერებით ექთნებსა და ექიმებს ვენების ადგილმდებარეობას უჩვენებს.
- ფარმაცევტული კომპანიები აწვდიან უფრო ინოვაციურ ინფორმაციას მედიკამენტებზე.
გაინტერესებთ, როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენს ორგანიზმში? ხშირად წამლების ანოტაციები და შემადგენლობა ამ პროცესის შესახებ ზუსტ სურათს არ გვაძლევს.
AR-ის დახმარებით, პაციენტებს შეუძლიათ დაინახონ, თუ როგორ მუშაობს პრეპარატი 3D-ში. გაძლიერებული რეალობა ასევე ეხმარება ლაბორატორიის თანამშრომლებსაც თავიანთი ექსპერიმენტების მონიტორინგში. ფარმაცევტულ ქარხნებში კი კადრებს შეუძლიათ, პრაქტიკული ტრენინგის გარეშე დაიწყონ მუშაობა, რადგან მოწყობილობა მათ ეუბნებათ, რა და როგორ გააკეთონ.
- გაძლიერებულ რეალობას შეუძლია, ექიმებს ოპერაციებსა და გამოკვლევების დაზუსტებაში დაეხმაროს.
ექიმებმა და პაციენტებმაც კი იციან, რომ როდესაც საქმე ოპერაციას ეხება, სიზუსტეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ახლა უკვე, AR-ს შეუძლია, დაეხმაროს ქირურგებს,უფრო პროფესიონალურად ჩაატარონ ოპერაციები. მიუხედავად იმისა, ისინი მინიმალურად ინვაზიურ პროცედურას ატარებენ თუ, პირობითად, ღვიძლს იკვლევენ, AR ჯანდაცვის აპებს შეუძლიათ, ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ და პაციენტებს, შეუფერხებლად მკურნალობაში დაეხმარონ.
კომპანია Sync AR-მა შეიმუშავა პროგრამა, რათა ქირურგებს მისცენ „რენტგენის ხედვა“ ციფრულად გაუმჯობესებული სურათების უშუალოდ ქირურგიული მოწყობილობის მიკროსკოპთან შერწყმით.
- ჰოლოლინზები ცვლის სამედიცინო განათლებას და ანატომიის შესწავლას
Case Western Reserve University-მა და კლივლენდის კლინიკამ Microsoft-თან თანამშრომლობით, ადამიანის სხეულის ვიზუალიზაციისთვის აპლიკაცია HoloAnatomy შექმნეს.
აპლიკაციის მომხმარებლებს კი შეუძლიათ, კუნთებიდან დაწყებული, უწვრილესი ვენებით დამთავრებული, დინამიური ჰოლოგრაფიული მოდელი დაინახონ. ყველაფერი ეს კი ნამდვილად მოახდენს რევოლუციას სამედიცინო განათლებაში, რადგან სტუდენტები ჩვეულებრივი სამუშაო მეთოდის ნაცვლად, ადამიანის სხეულის 3D-ში დანახვას შეძლებენ.
და ბოლოს, გაძლიერებული რეალობა (AR) სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელიც ციფრულ ინფორმაციას მომხმარებლის რეალურ სამყაროსთან აერთიანებს. ზემოთ მოყვანილი მაგალითების საფუძველზე, ცხადი ხდება, რომ ის სრულიად ახალ მიდგომას გვთავაზობს მკურნალობასა და სამედიცინო განათლებაში. სწორედ ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მედიცინისა და ტექნოლოგიის სინთეზში აუგმენტური რეალობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.