ექიმო Health Tech Forward-ზე - ამბები პოლონეთიდან

ექიმო Health Tech Forward-ზე - ამბები პოლონეთიდან

2022 / 17 ოქტომბერი

4-5 ოქტომბერს პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში, გლობალური სამედიცინო კონფერენცია Health Tech Forward გაიმართა, რომელსაც პერიოდულად ციფრული ჯანმრთელობის კომპანია Kilo.Health ატარებს ხოლმე.

 

მოხარულები ვართ, რომ წელს კონფერენციაში ჩვენც შევიტანეთ წვლილი და ციფრული ჯანდაცვის სტარტაპების კატეგორიაში ერთ-ერთ სპონსორად დავესწარით მას.

 

ექიმოს გუნდის დიდი სურვილი იყო, კონფერენციაზე ციფრული ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე კომპანიებთან კონტაქტის დამყარება და მათი გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ გამოცდილებაზე ისაუბრეს Health Tech Forward-ზე გამოსულმა სპიკერებმა მედტექ-კომპანიებიდან და კლინიკურ მენეჯმენტში ჩართულმა წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე ასევე ჩატარდა პრეზენტაციები და პანელები, სადაც ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით გაუმჯობესებული პოტენციური პროცესები განიხილებოდა. სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

 

  • დიაგნოსტიკის შესაძლებლობები და რისკები სახლის პირობებში
  • როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სამედიცინო სერვისებს კლინიკური გადაწყვეტების გამარტივება და პაციენტზე ზრუნვა?
  • ასრულებს თუ არა ვირტუალური მოვლა კატალიზატორის როლს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად?
  • ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის აპები: როგორ შევქმნათ ციფრული გამოცდილება ქცევის ცვლილებისთვის და ა.შ

 

ექიმოს გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი მირზიკაშვილმა კი მედტექში დაშვებულ 10 შეცდომაზე ისაუბრა, რის შემდეგაც რამდენიმე კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ როგორ აკავშირებს ექიმო სერვისებს პაციენტებთან ციფრულად.

 

 

მსგავსი ინტერაქცია და განვითარებული ქვეყნების წარმატებული ან თუნდაც წარუმატებელი ქეისების გაცნობა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. საინტერესოა, როგორ მუშაობენ სხვა ქვეყნებში ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე ჯანდაცვის სფეროში და რაზე კეთდება ხოლმე აქცენტები. ამ კომპანიების დაგროვილი გამოცდილება, გარკვეულწილად, ექიმოსთვის შესაძლებლობების არეალის განმსაზღვრელია.

 

შესაბამისად, სამომავლო განვითარებისთვის ხილული გახდა ის ტერიტორიები, რომელიც აქამდე თითქოს არ ჩანდა; და შემდეგი ნაბიჯებისთვის, იმ ფოკუსების გასწორებაზე ვიმუშავებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, როგორც ლოკალურად, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ავითვისოთ არსებული თუ პოტენციური შესაძლებლობები.

 

საბოლოოდ კი ვფიქრობთ, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ცდილობენ ჯანდაცვის პროცესები გაამარტივონ და უფრო ხელმისაწვდომი გახადონ ადამიანებისთვის.

 

Kilo.Health-ის შესახებ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონფერენცია ჩატარდა Kilo.Health-ის მიერ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ციფრული ჯანმრთელობის კომპანიაა, რომელიც ამ სფეროს აქტიური განვითარებისკენაა ორიენტირებული და მასში მოღვაწე სტარტაპებს ციფრული ჯანმრთელობის პროდუქტების შექმნაში უწყობს ხელს.