გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმპტომები და პრევენცია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმპტომები და პრევენცია

2022 / 15 აპრილი

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. დაავადებების ეს ჯგუფი მოიცავს გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებულ სხვადასხვა გართულებას, რომელთა დროსაც  ადამიანი  შეიძლება იყოს, როგორც სიმპტომური, ისე - ასიმპტომური.

 

გულ-სისხლძარღვთა გავრცელებული დაავადებები

  • გულის კორონარული დაავადება - გულის კუნთის მომმარაგებელი სისხლძარღვების დაავადება;
  • ცერებროვასკულური დაავადება - თავის ტვინის მომწოდებელი სისხლძარღვების დაავადება;
  • პერიფერიული არტერიული დაავადება - იმ სისხლძარღვების დაავადება, რომელიც ხელებსა და ფეხებს ამარაგებს;
  • გულის რევმატული დაავადება - გულის კუნთისა და გულის სარქველების დაზიანება რევმატიული ცხელებით, გამოწვეული სტრეპტოკოკური ბაქტერიით;
  • თანდაყოლილი გულის დაავადება - თანდაყოლილი დეფექტები, რომლებიც გავლენას ახდენენ გულის ნორმალურ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე, რაც გამოწვეულია დაბადებიდან გულის სტრუქტურის მანკით;
  • ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია - სისხლის შედედება ფეხის ვენებში, რომელიც შეიძლება გულსა და ფილტვებში გადავიდეს.
  • ხოლო გულის შეტევა და ინსულტი, როგორც წესი, ყველაზე მწვავე შემთხვევებია და, ძირითადად, სისხლის ბლოკირებითაა გამოწვეული, რომელიც სისხლის მიმოქცევას გულსა და ტვინში ხელს უშლის.

 

სიმპტომები

 

გულ-სისხლძარღვთა პრობლემების ძირითადი, ტიპური სიმპტომები მოიცავს:

 

  • ტკივილი ან წნევა გულმკერდის არეში, რაც შეიძლება სტენოკარდიაზე მიუთითებდეს;
  • ტკივილი ან დისკომფორტი მკლავებში, მარცხენა მხარში, იდაყვებში, ყბაში ან ზურგში;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • გულისრევა და დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • ცივი ოფლიანობა;

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორები

 

გულის დაავადების და ინსულტის ყველაზე მნიშვნელოვანი ქცევითი რისკ-ფაქტორებია: არაჯანსაღი კვება, ფიზიკური უმოქმედობა, თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლის მავნე მოხმარება. ქცევითი რისკ-ფაქტორების ეფექტი შეიძლება ინდივიდებში შემდეგნაირი სახით გამოვლინდეს: არტერიული წნევის მომატება, სისხლში გლუკოზის მომატება, სისხლში ლიპიდების მომატება, ჭარბი წონა და სიმსუქნე.

 

პრევენცია

 

გულ-სისხლძარღვთა დააავადებების რისკის შესამცირებლად აუცილებელია, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, რაციონში მარილის შემცირება, მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის მავნე მოხმარების თავიდან აცილება.

 

გარდა ამისა, ჰიპერტენზიის, დიაბეტისა და სისხლში მაღალი ლიპიდების მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა რისკის შესამცირებლად და ამ პირობების მქონე ადამიანებში გულის შეტევისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად.

 

და ბოლოს, მნიშვნელოვანია, ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ საჭირო ანალიზები. შეგახსენებთ, რომ ექიმოს აპლიკაციით შეგიძლიათ, ექიმთან ვიზიტის ელექტრონულად დაჯავშნა, ონლაინ კონსულტაცია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კონტროლისთვის საჭირო ყველა ანალიზის (მაგ: სისხლის საერთო ანალიზი, ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში, კრეატინინის განსაზღვრა და ა.შ) სახლში გამოძახება.