ინტერვიუ ექიმოსა და BTU-ს მიერ ორგანიზებული Healthtech ჰაკათონის გამარჯვებულებთან

ინტერვიუ ექიმოსა და BTU-ს მიერ ორგანიზებული Healthtech ჰაკათონის გამარჯვებულებთან

2022 / 28 აპრილი

19-20 აპრილს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ერთად Healthtech ჰაკათონი ჩავატარეთ, რომელმაც საკმაოდ საინტერესო და ღირებული გამოცდილება მოგვცა.

 

საქართველოში დაახლოებით 500 000-მდე ქრონიკული დააავადების მქონე პირი ცხოვრობს. ამავდროულად, ამ დაავადებების შესახებ ქვეყანაში ინფორმაციის დეფიციტის პრობლემა მწვავედ დგას. როგორია დაავადებების სიმპტომატიკა, პრევენციის ან თუნდაც მკურნალობის გზები? ამ საკითხების გარშემო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ტექნოლოგიური გადაწყვეტები და ტელემედიცინა ეფექტურად უწყობს ხელს.

 

სწორედ ამიტომ, ჰაკათონით ვეცადეთ, ამ პრობლემაზე ყურადღება გაგვემახვილებინა და მონაწილეებს მობილური აპლიკაციის გამოყენებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალური ასისტენტი შექმნა დავუსახეთ ამოცანად.

 

მონაწილე გუნდები BTU-ს სტუდენტებისა და სხვა სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისგან დავაკომპლექტეთ, რამაც გუნდის წევრებს საშუალება მისცა, ტექნოლოგიური და სამედიცინო ცოდნა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ და საერთო პროდუქტი შეექმნათ. საბოლოო ჯამში კი, ჰაკათონის ფარგლებში 3 გამარჯვებული გუნდი გამოვავილინეთ.

 

ჰაკათონზე მუშაობის გამოცდილებისა და აპლიკაციის იდეების შესახებ სწორედ ამ გუნდების მონაწილეებს გავესაუბრეთ

- როგორი იყო გუნდისთვის მსგავს საკითხზე მუშაობის პროცესი?

 

ქეთა ქუფარაშვილი (I ადგილი) - გუნდისთვის მუშაობის პროცესი საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ უფრო მეტი გავიგეთ ერთმანეთის პროფესიებზე. გარდა ამისა, მუშაობა სახალისო იყო და პროცესში მაქსიმალურად ჩართულები ვიყავით.

 



ჩახნაშვილი (II ადგილი) - პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს ასეთი შესაძლებლობისთვის. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო აიტის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობა. დიდი ყურადღებით ვაზიარებდით ერთმანეთის იდეებს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა...ჩემი გუნდის წევრებისგან ჩემთვის  სრულიად ახალი სფეროს შესახებ მივიღე ინფორმაცია...ასევე მათთვისაც,  სამედიცინო სფეროსთან ასე მჭიდრო შეხება საინტერესო იყო.

 


მერაბ მუმლაური (III ადგილი) - ჰაკათონის გამოცხადების დღიდან, ვფიქრობდით, უნდა მიგვეღო თუ არა მონაწილეობა, რადგან თემამ საკმაოდ დაგვაინტერესა და გვსურდა, საკუთარი თავი ამ მიმართულებითაც გამოგვეცადა. მსგავსი თემატიკის ჭრილში მუშაობა ჩვენთვის პირველი იყო და საკმაოდ ნაყოფიერიც აღმოჩნდა. ვფიქრობთ, ჰაკათონის მიმდინარეობის დროს ზუსტად დავინახეთ ის პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც ვიდექით. დროის ძირითადი ნაწილი იდეის ჩამოყალიბებას დავუთმეთ და ვფიქრობთ, ამ ყველაფერმა შედეგიც გამოიღო.

- გვიამბეთ, როგორ გადაჭერით საკითხი და რა ტიპის აპლიკაციის იდეა ჩამოაყალიბეთ?

 

 

ქეთა ქუფარაშვილი: თავდაპირველად თემის არჩევა და სხვასხვა ქრონიკული დაავადების განხილვა დავიწყეთ. როგორც კი ავარჩიეთ არტერიული ჰიპერტენზია, დავსახეთ დეტალური გეგმა, თუ რა პუნქტები უნდა მოეცვა აპლიკაციას, რათა სასარგებლო ყოფილიყო მომხმარებლისთვის. ჩვენი თემის მთავარი იდეა იყო ის, რომ უფრო გაგვემარტივებინა არტერიული ჰიპერტენზიანი ადამიანებისთვის თავიანთი წნევის მონიტორინგი და ერთ სივრცეში ყოფილიყო ხელმისაწვდომი წნევის სწორად გაზომვის ინფორმაცია, წნევის დღიური, BMI-ის დამთვლელი და განახლებული რეკომენდაციები ამ თემასთან დაკავშირებით.

 

ქეთი ჩახნაშვილი: ჩვენი დავალება მოიცავდა ვირტუალური ასისტენტის შექმნას ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ფაქტი, რომ ვირტუალური ასისტენტი არ მოიაზრებდა მხოლოდ კონკრეტულ შესაძლებლობებს, არამედ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმ გარემოს, რომელსაც აპლიკაცია შეუქმნიდა მომხმარებელს.  აუცილებელი იყო, რომ პროგრამა ინტერაქციული ყოფილიყო. ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად ჩვენს აპლიკაციაში შემოვიტანეთ ნათელი, მსუბუქი ფერები და ძალიან მარტივი დიზაინი, რაც მომხმარებელს კომფორტის შეგრძნებას შეუქმნიდა, ასევე გავაკეთეთ ფუნქციონალი, რომლითაც მომხმარებელს პროგრამა ყოველდღე შეახსენებდა წნევის გაზომვას და ასევე კარგი ამინდის შემთხვევაში ურჩევდა გარეთ გასვლას, რითიც ასისტენტსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის პრობლემის გადაჭრა ვცადეთ. ჩვენს აპლიკაციას ჰქონდა გაზომილი წნევის შეყვანის, აღრიცხვის, საშუალო და მაქსიმალური წნევისთვის თვალის დევნების ფუნქციონალი. აპლიკაცია კვირის განმავლობაში აღრიცხავდა მომხმარებლის კვებას და აქტივობას. ჩვენს აპლიკაციაში ჩაშენებული იყო სთორები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მომხმარებლისთვის საინტერესო ახალი ამბების მიწოდებას და მიზნად ისახავდნენ პაციენტებისთვის მათი დაავადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, აქ განთავსდებოდა ფასდაკლებები მედიკამენტებსა თუ ტექნიკაზე

 

მერაბ მუმლაური: ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის შეგვექმნა ისეთი პერსონალური ასისტენტი, რომელიც პაციენტს დაეხმარებოდა, მაქსიმალურად ეკონტროლებინა თავისი დაავადება. იდეა მდგომარეობდა შემდეგში: პიროვნებას აპლიკაცია ახსენებს 15 წუთით ადრე რომ წამალი აქვს მისაღები, რის შემდეგაც ის თავად აღრიცხავს, მიიღო თუ არა წამალი. ასევე ყოველდღიურად მას მოუწევს კითხვარის შევსება, რომელიც სულ 3 კითხვას მოიცავს - ისინი მისი მდგომარეობის აღწერისთვისაა საჭირო. საწყის ეტაპზე, პაციენტს ჩვენ ვთავაზობთ 10%-იან ფასდაკლებას ექიმოს პარტნიორ კლინიკებში. შემდეგ ეტაპზე, როდესაც პაციენტი ზუსტად ასრულებს თავის დანიშნულებას, რეგულარულად იღებს წამალს, ავსებს ყოველდღიურ კითხვარს, ზემოთ აღნიშნული ფასდაკლება ნელ-ნელა იზრდება და შესაძლებლობა აქვს მას, მაქსიმუმ 30%-იანი ფასდაკლება მიიღოს კლინიკაში. თუ პაციენტი არ ასრულებს, მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ეს ყველაფერი აღირიცხება აპლიკაციაში, რასაც, თავის მხრივ, ექიმიც ხედავს - შესაბამისად, მას არანაირი პროგრესი არ აქვს ფასდაკლების მხრივ და მუდმივად ერთ ადგილასაა გაჩერებული. ის ყველაფერი, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, მაქსიმალურად არის მორგებული პაციენტზე და ორიენტირებულია იმაზე, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს ადამიანმა თავი ამ ფუნქციის გამოყენების დროს. ყველაფერი ეს მაქსიმუმ 10 კლიკის ფარგლებში ხდება და პაციენტს ზედმეტი მოქმედებების შესრულება არ უწევს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ადამიანებს მისცემს მოტივაციას, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და იზრუნონ თავზე.

 

- როგორ შეაფასებთ გამოცდილებას, რაც ამ პროცესში მიიღეთ?

 

ქეთი ჩახნაშვილი: პირადად ჩემთვის, ეს პროექტი გამოცდილების კუთხით ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ, მომავალში,  ასეთი აპლიკაციების შექმნა საგრძნობლად გაამარტივებს პაციენტების მართვას, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების პრევენციას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ექიმოს ამ შესაძლებლობისათვის.

 

მერაბ მუმლაური: ვფიქრობთ, მსგავსი აქტივობები საკმაო გამოცდილებას გაძლევს, როგორც გუნდური მუშაობის მხრივ, ისე - ინდივიდუალურად. 24 საათის განმავლობაში გიწევს იდეაზე ფიქრი და ექსტრემალურ სიტუაციაში გიხდება ყველა გადაწყვეტილების მიღება, რაც, თავის მხრივ, ერთი-ორად ზრდის თვითდაჯერებულობას და დიდ გამოცდილებას გმატებს. მიგვაჩნია, რომ ამ ჰაკათონმა მოგვცა იმის გამოცდილება და რწმენა, რომ 24 საათშიც შეგიძლია შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც ადამიანებს დაეხმარება.

 

 

და ბოლოს, ამიერიდან პირველ ადგილზე გასულ გუნდთან ერთად ჩვენი გუნდი მათი იდეების განვითარებასა და განხორციელებაზე იზრუნებს და შევეცდებით, ექიმოს პლატფორმა პერსონალური ასისტენტი გავხადოთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.