კანის მოვლა ზამთარში - ინტერვიუ ზაზა თელიასთან

კანის მოვლა ზამთარში - ინტერვიუ ზაზა თელიასთან

2021 / 13 დეკემბერი

ზამთრის სუსხი ბევრისთვის საკმაოდ უსიამოვნო და შემაწუხებელია, რადგანაც ამ პერიოდში სხვადასხვა დერმატოლოგიური პრობლემა იჩენს თავს, რისთვისაც კანის ჯეროვანი დაცვაა საჭირო. ცივი სეზონისთვის დამახასიათებელ დერმატოლოგიურ პრობლემებთან და სახის კანის მოვლის თავისებურებებთან დაკავშირებით, ჩვენ რამდენიმე კითხვით დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას მივმართეთ:

  • რა გავლენას ახდენს ზამთრის მშრალი სუსხი ჩვენ კანზე?

გარე ტემპერატურის შემცირების პარალელურად, შიდა გარემოში საგრძნობლად იკლებს ჰაერის ტენიანობაც, რაც გავლენას ახდენს ჩვენს კანზე. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო კანის სიმშრალეა. ზამთრის პერიოდში ყველაზე მოწყვლადი ის ადამიანები არიან, რომელთაც კანის სიმშრალე ზოგადად აწუხებთ ან ატოპიური დერმატიტი აქვთ დიაგნოსტირებული. ამ უკანასკნელის დროს გამოხატულია ბარიერული დეფექტი, რის შედეგადაც აორთქლების ხარჯზე კანიდან ჭარბი რაოდენობით სითხე იკარგება. როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის პერიოდში ყველა სახლში გათბობაა ჩართული, რის გამოც მკვეთრად იკლებს ჰაერის ტენიანობაც. ეს ფაქტორები ხშირად დაავადების გამწვავების მიზეზი ხდება.  

  • რა გავლენას ახდენს პირბადე ჩვენი სახის კანზე და როგორ უნდა მოვუაროთ მას?

პანდემიის პირობებში სანიტარული ნორმებისა და ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პირბადის სწორი და რეგულარული გამოყენება. ბევრ ადამიანს კანის სხვადასხვა ტიპის დაავადებების მიმართ წინასწარგანწყობა აქვს, რაშიც მხოლოდ კანის სიმშრალე არ მოიაზრება. აქ საუბარია კანის აუტოსენსიტივიზაციაზე, როდესაც ადამიანს კანის ალერგიული დაავადებებისკენ (მაგ. კონტაქტური დერმატიტი) აქვს მიდრეკილება. პირბადის ტარებით სახეზე ისეთი ტიპის პრობლემები შეიძლება განვითარდეს როგორიცაა: კონტაქტური დერმატიტი, პერიორალური დერმატიტი, შესაძლოა გამწვავდეს აკნეც. ამ ყოველივესგან თავის დასაცავად მინიმალური რეკომენდაციების დაცვაა აუცილებელი.

  • რა თქმა უნდა, პირბადის ტარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევწყვიტოთ!
  • ჰიგიენის წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გულისხმობს დღეში მინიმუმ ორჯერ მაინც პირის დაბანას. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს სახის კანის დატენიანება, რაც შერჩეული უნდა იქნეს კანის ტიპის მიხედვით. 
  • თუ შესაძლებელია, ადამიანმა პირბადის შიგნით მაკიაჟის ტარებისგან თავი უნდა შეიკავოს. 
  • იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება კანზე გარკვეული ტიპის პრობლემებს გვიქმნის, შეგვიძლია ვატაროთ ორმაგი პირბადე: კანთან უშუალოდ შეხებისთვის ბამბის პირბადე გავიკეთოთ, რომლის ზემოდანაც სინთეტიკური (იგულისხმება სამედიცინო პირბადე) ნიღაბი უნდა მოვირგოთ. 

 

  • როგორ უნდა შეიცვალოს სახის კანის მოვლის რუტინა ზამთრის პერიოდში? საჭიროა თუ არა მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება? 

 
დამატენიანებლისა და მოვლის სწორი რუტინის შერჩევა უნდა მოხდეს კანის ტიპის მიხედვით. თუ პაციენტს აწუხებს კანის სიმშრალე, დამატენიანებელი საშუალება აუცილებლად უნდა იყოს “მსუყე”, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უნდა შეიცავდეს, ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ჩვენს კანს ეფექტიანად ატენიანებენ. ასეთი ნივთიერებებია: თეთრი ვაზელინი, ე.წ. პეტროლიუმის ჟელე, გლიცერინი, მინერალური ზეთები და სხვ. 

ზამთრის პერიოდში ამგვარი დამატენიანებელი საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის გამოხატული კანის სიმშრალე და ადამიანს ნორმალური ტიპის კანი აქვს.

მზისგან დამცავის გამოყენება მთელი წლის განმავლობაშია აუცილებელი და წელიწადის დროსა თუ ამინდს მნიშვნელობა არ აქვს. მზისგან დამცავის გამოყენება უნდა იყოს კანის მოვლის რუტინის ბოლო ეტაპი: დაბანას უნდა მოჰყვეს დატენიანება, რის შემდგომაც შეგვიძლია მზისგან დამცავის გამოყენება.


  • როდის უნდა მივმართოთ დერმატოლოგს და რამდენად პრაქტიკულია ვიდეო-კონსულტაცია?

ნებისმიერ დაავადებას სწორი დიაგნოსტიკა და ზუსტად შერჩეული მკურნალობა სჭირდება. ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამ კრიტიკულ პერიოდში ექიმთან ფიზიკურ ვიზიტს ვერ ახერხებენ. პანდემიის პირობებში, დღეში საშუალოდ 5-დან 10-მდე ონლაინ-კონსულტაციას მაინც ვატარებ. კარგი ხარისხის ფოტო-მასალა და მაღალი გარჩევადობის ვიდეო დიაგნოზის დასმას შესაძლებელს ხდის, თუ არ ჩავთვლით გარკვეული ტიპის გამონაკლისებს, როდესაც ექიმთან ფიზიკური ვიზიტი აუცილებელია.