ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

2022 / 28 იანვარი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი / მიალგიური ენცეფალიტი (CFS/ME) ხანგრძლივად მიმდინარე, კომპლექსური მდგომარეობაა, რომელსაც მრავალფეროვანი ჩივილები ახასიათებს. მათგან წამყვანი კლინიკური სიმპტომი მუდმივი გადაღლილობის შეგრძნებაა. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებამ სახელი 1988 წელს შეიძინა, მის შესახებ ისტორიული ცნობები ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნიდან გვხვდება - ადრე მას “ნევრასთენიას” და “ნერვული გამოფიტვას” ეძახდნენ. 

 

  • CFS-ს მიზეზები

 

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის განვითარების ზუსტი მიზეზები ჯერ კიდეც უცნობია. მეცნიერების ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ დარღვევის მიმართ წინასწარგანწყობით იბადება და მოგვიანებით გარკვეული ფაქტორების კომბინაციამ კლინიკური ნიშნების განვითარებას შეიძლება შეუწყოს ხელი. 


აღნიშნულ ფაქტორებს მიეკუთვნება:

 

  • ვირუსული ინფექციები - CFS ზოგჯერ ვირუსული ინფექციის (მეცნიერები ეპშტეინ-ბარისა და ჰერპერს-ვირუსებზე ამახვილებენ ყურადღებას) გადატანის შემდეგ ვითარდება. თუმცა, პირდაპირი კავშირი ჯერ ნაპოვნი არ არის. 
  • იმუნური სისტემის პრობლემები - CFS-ის დროს შეიძლება იმუნური სისტემის პრობლემები გამოვლინდეს, მაგრამ უცნობია, არის თუ არა ეს სინდრომის გამოწვევის უშუალო მიზეზი.
  • ჰორმონული დისბალანსი - CFS-ის დროს ზოგჯერ ორგანიზმის ჰორმონული ბალანსი ირღვევა, რის გამოც ლაბორატორიულ გამოკვლევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
  • ფიზიკური / ემოციური ტრავმა - ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ კლინიკური ნიშნების განვითარებას წინ უსწრებდა რაიმე სახის ფიზიკური ტრავმა, ქირურგიული მანიპულაცია ან ძლიერი ემოციური სტრესი.

 

CFS შეიძლება ბავშვობის ასაკშიც გამოვლინდეს, მაგრამ უფრო ხშირად იგი მაინც 25 - 45 წლის ადამიანებს (უმეტესად ქალებს) ემართებათ.

 

  • CFS-ს კლინიკური ნიშნები

 

CFS-ის ძირითად სიმპტომებს მიკუთვნება:

 

  • მუდმივად გამოხატული უკიდურესი დაღლილობა, რის ფონზეც ყოველდღიური აქტივობა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება
  • დაღლილობის შეგრძნება დასვენებისა თუ გამოძინების შემდეგაც არ ქრება
  • ფიზიკური აქტივობის შემდეგ ძალების აღდგენას დიდი დროს სჭირდება
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები (მუდმივი ძილიანობა, ან პირიქით - ქრონიკული უძილობა)
  • შემეცნებითი სირთულეები, მეხსიერების გაუარესება და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა 

 

 

 

CFS-ის დროს ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი ჩივილები:

 

  • კუნთების ან სახსრების ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • ყელის ტკივილი
  • გაციების მსგავსი ჩივილები
  • გაბრუების შეგრძნება
  • გულის არარეგულარული, სწრაფი რიტმი

 

  • CFS-ის დიაგნოსტიკა

 

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზის დასასმელად რაიმე სახის სპეციფიკური ანალიზი არ არსებობს. ამ დროს ექიმი დეტალურად ეცნობა პაციენტის ჩივილებს, შეისწავლის მისი ცხოვრების წესს და გამოიკვლევს ემოციურ ფონს. საჭიროების მიხედვით, კეთდება სისხლისა და შარდის ანალიზი, რათა გამორიცხოს ანემიის, ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია), ღვიძლისა და თირკმლის პრობლემები. 

უნდა აღინიშნოს, რომ ჩივილების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აღნიშნული სინდრომი ძალიან ჰგავს დეპრესიას, სამსახურებრივ გადაწვას (Burn-out) და ქრონიკული სტრესს, რის გამოც  მისი დიაგნოსტირება ხშირად გვიანდება. სწორედ ამიტომ, თუ ეს ჩივილები თქვენთვის ნაცნობია, ნუ დაიწყებთ თვითდიაგნოსტირებას და თვითმკურნალობას -  დროულად მიმართეთ ოჯახის ექიმის ონლაინ (ვიდეო ან სატელეფონო) კონსულტაციისთვის.

 

  • მკურნალობა

 

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის კლინიკური ნიშნები შეიძლება ძალიან ინდივიდუალურ ხასიათს ატარებდეს, რის გამოც, მკურნალობაც სპეციფიკურად ინიშნება. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა ცხოვრების წესის ჯეროვან გადახედვას, სტრესორების მოშორებას და მოსვენების რეჟიმის შერჩევას. დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმის მოწესრიგებას. სიმპტომურ მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საჭირო გახდეს ფსიქოთერაპიის კურსის დანიშვნაც. CFS-ის კომპლექსურობიდან გამომდინარე, დროული დიაგნოსტირება და ადრეულად დაწყებული რეაბილიტაცია სასურველი შედეგის მიღწევის ალბათობას საგრძნობლად ზრდის.

 

 

ადრე CFS-ის მენეჯმენტი დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგანაც საჭირო კონსულტაციებისთვის, ანალიზების ჩასაბარებლად და მედიკამენტების შესაძენად პაციენტი ფიზიკურად უნდა გადაადგილებულიყო, რაც მისი ისედაც მწირი ფიზიკური და ემოციური ენერგიის ხარჯვას ნიშნავდა. ექიმოს სერვისების (ონლაინ-კონსულტაციები, სახლში ლაბორატორიის გამოძახება და აფთიაქიდან მედიკამენტების გამოწერა სახლში მიტანის სერვისით) წყალობით, ეს სირთულეები პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი.