ომიკრონი - კორონავირუსის ახალი შტამი

ომიკრონი - კორონავირუსის ახალი შტამი

2022 / 11 იანვარი

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი, ეტაპობრივად ანაცვლებს დელტა შტამს. ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წინა შტამებისგან განსხვავებით იგი გაცილებით უფრო სწრაფად გავრცელდება, მაგრამ შედარებით მსუბუქად მიმდინარე ინფექციას გამოიწვევს. 

 

  • საყურადღებო მუტაციები

 

მუტაციები ვირუსის გამრავლებისა და გავრცელების თანმდევად, სპონტანურად წარმოიქმნება. როგორც წესი, მათი უმეტესობა კორონავირუსისთვის არაფრისმომტანი და ხშირად სასიკვდილოც კი არის. ახალი, წინანდელზე უფრო ძლიერი შტამის ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ომიკრონმა ეს რეკორდულად მალე მოახერხა. მის გენომურ სტრუქტურაში 50-ზე მეტი მუტაციაა. როგორც ირკვევა, ომიკრონში წინა ვარიანტებში გამოვლენილი მუტაციები მრავლად გვხდება, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ იმუნურ სისტემას მოხერხებულად დაუსხლტეს. 

 

  • შეცვლილი კლინიკური სიმპტომები

 

ადრეული მონაცემების მიხედვით, ომიკრონი შედარებით მსუბუქ ინფექციას იწვევს და მისი კლინიკური გამოვლინებაც ძალიან ჰგავს უბრალო გაციებას. ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს შემდეგი ჩივილები:

 

  • ხველა
  • ზოგადი საერთო სისუსტე
  • ცხვირის “გაჭედვა”, ან სისველე
  • ყელის ტკივილი
  • თავის ტკივილი

 

ძველი ვარიანტებისგან განსხვავებით, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა შედარებით უფრო იშვიათად გვხვდება. თუმცა, ეს ჯერ კიდევ ადრეული მონაცემებია, რომლებიც ერთეული ინფიცირების შემთხვევების ანალიზს ეყრდნობა და უფრო ზუსტი დასკვნებისთვის მეტი დრო და კვლევა არის საჭირო. 

უმეტეს შემთხვევაში, კლინიკური სიმპტომები ინფიცირებულებს 3-5 დღე უგრძელდებათ - განსხვავებით წინა შტამებით ინფიცირებისგან, როდესაც ჩივილები საშუალოდ 10-12 დღე ნარჩუნდებოდა. აცრილ ინფიცირებულებში კლინიკური მიმდინარეობა გაცილებით მოკლეა და ისინი აუცრელებთან შედარებით დაავადებას უფრო მარტივად დაამარცხებენ.

 

 

  • ომიკრონით ინფიცირების სიმწვავე

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბუსტერ-დოზით აცრილების შემთხვევაში, ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. მათთან შედარებით, იმ ადამიანებში, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არიან, მაგრამ ბუსტერი ჯერ არ გაუკეთებიათ, ინფექცია შედარებით უფრო მწვავედ ვლინდება, რაც უფრო მეტ ხველას, მაღალ სიცხესა და მეტ სისუსტეს გულისხმობს. თუმცა, ისინი დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან მაინც დაცულნი არიან. აშშ-ს CDC-ს მიერ ჩატარებული მცირე კვლევით დგინდება, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს და ახლა რეინფიცირდნენ, სიმპტომები მსუბუქად გამოუვლინდებათ.

ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაიტანენ ახალი შტამით ინფიცირებას აუცრელი ადამიანები, თუმცა, ასეთი ინდივიდის გარდაცვალების ფაქტი უკვე დაფიქსირდა. ამგვარი დრამატული შედეგის თავიდან აცილება დროულ სრულ ვაქცინაციას და ბუსტერულ აცრას შეუძლია.

 

  • როგორ მოვიქცეთ, თუ კორონავირუსით ინფიცირებაზე გვაქვს ეჭვი?

 

ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, ნუ დაიწყებენ თვითდიაგნოსტირებას, რადგანაც ომიკრონის კლინიკური სიმპტომების გრიპისა თუ უბრალო გაციებისგან განსხვავება საკმაოდ რთულია. ინფიცირებულთან ფიზიკური კონტაქტის, ან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, დაიწყოთ თვითიზოლაცია და მიმართოთ ოჯახის ექიმის ონლაინ (ვიდეო ან სატელეფონო) კონსულტაციისთვის.

 

 

აჭიროების შემთხვევაში, ტესტირებისთვის გარეთ გასვლაც აღარ დაგჭირდებათ, რადგანაც ლაბორატორიის სახლში გამოძახებაც შეგიძლიათ. დადებითი პასუხის შემთხვევაში ექიმთან დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებთ თვითიზოლაციას.