პირბადის გამოყენების ახალი წესები

პირბადის გამოყენების ახალი წესები

2022 / 18 იანვარი

კორონავირუსის გამოჩენის  დღიდან მოყოლებული პირბადე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი დახმარებით ჰაერში გამოყოფილი რესპირატორული წვეთების რაოდენობას მექანიკურად ვამცირებთ, რითაც ვირუსის გავრცელებას ვუშლით ხელს. როგორც სამეცნიერო კვლევები და პრაქტიკული გამოცდილება გვიჩვენებს, სწორად გამოყენებული პირბადე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თავდაცვის საშუალებაა.

 

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი, ძველ შტამებთან შედარებით გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება. ამის გამო, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, უარი თქვან მხოლოდ ქსოვილის პირბადეების გამოყენებაზე, რადგანაც,  შესაძლოა, ეს   ომიკრონისგან თავდასაცავად საკმარისი აღარ იყოს. ამის ნაცვლად, ისინი გვირჩევენ ქსოვილის პირბადეებთან ერთად  ქირურგიული ნიღბები ან უფრო ძლიერი რესპირატორული ნიღბებზე გამოვიყენოთ. 

 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ამ საკითხზე თავისი გაიდლაინები რამდენიმე დღის წინ განაახლა. CDC-ს რეკომენდაციით, სასურველია, თუ მრავალშრიანი ქსოვილისგან დამზადებულ ისეთ პირბადეებს გამოვიყენებთ, რომლებიც მჭიდროდ ეკვრის ჩვენ სახეს და მას ცხვირზე ფიქსაციისთვის სპეციალური პლასტმასის ფირფიტა აქვს. სასურველი შედეგის მიღწევა ერთდროულად ორნაირი სახეობის პირბადის გამოყენებითაც შეგვიძლია: ქირურგიულ, ერთჯერად პირბადეზე გარედან შეგვიძლია ნაჭრის ნიღაბი მოვირგოთ. 

 

 

ინფექციურ სნეულებათა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადეკვატური დაცვისთვის პირბადის სწორად შერჩევას ხშირად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც კორონავირუსის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. მათთვის რეკომენდებულია სპეციფიკური რესპირატორების (N95 ტიპის ნიღბების) გამოყენება, რაც ქირურგიულ ნიღაბთან შედარებით უფრო ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს. 

 

CDC-ს რეკომენდაციით, N95 ტიპის რესპირატორების გამოყენება შეიძლება განიხილებოდეს შემდეგ სიტუაციებში:

 

  • სივრცეებში, სადაც ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია ( საუბარია როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეზე)
  • გადატვირთულ საზოგადოებრივი ტრანსპორტში, როდესაც მგზავრობის პერიოდი ხანგრძლივია და ვენტილაცია ვერ ხერხდება

კორონავირუსისგან სპეციფიკური დაცვა სჭირდებათ ასევე ადამიანებს, რომლებიც ინფიცირების მაღალ რისკ-ჯგუფში შედიან:

 

  • COVID-19-ით დაავადებულთა მომვლელები
  • მწვავე დაავადების გაზრდილი რისკი მქონე პირები (იმუნოდეფიციტის მქონე პირები, მოხუცები ქრონიკული დაავადებებით)
  • ადამიანები, რომელთაც ბევრ ადამიანთან ფიზიკური შეხება სამსახურებრივად უწევთ (მაგ: მომსახურების სფეროში დასაქმებულები)
  • არავაქცინირებული პირები

აქვე უნდა აღინიშნოს, ბევრისთვის ასეთი რესპირატორის ტარება არც ისე კომფორტულია. ასეთ შემთხვევაში, ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტები ორი პირბადის გამოყენების რეკომენდაციას გასცემენ. 

 


რა თქმა უნდა, პირბადის ტარება ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ მას სწორად მოვიხმართ.
აუცილებელია, რომ სახეზე მჭიდროდ მორგებული პირბადე ცხვირისა და პირის მიდამოს ფარავდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნიკაპზე ჩამოწეული პირბადე, რომელიც ცხვირს არ ფარავს, არაეფექტიანია. ასევე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მას რაც შეიძლება იშვიათად შევეხოთ და დაბინძურებისთანავე გამოვცვალოთ (ეს განსაკუთრებით ერთჯერად, ქირურგიულ პირბადეებს ეხება). 

 

მხოლოდ პირბადის ტარება პანდემიასთან ბრძოლის სხვა პრევენციულ საშუალებებს არ ანაცვლებს. კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში ფიზიკური დისტანციის დაცვა და დახურული სივრცეების ადეკვატური ვენტილაცია კვლავაც დიდ როლს თამაშობს. კორონავირუსის გავრცელებას განსაკუთრებით ხელს უშლის ვაქცინაციის მაღალი დონე, რადგანაც ვაქცინირებული ადამიანი აუცრელთან შედარებით კორონავირუსს გაცილებით ნაკლებად ავრცელებს და იგი მძიმედ მიმდინარე COVID-19-სგანაც დაცულია.