
რა არის ტელემედიცინა და როგორ გვეხმარება ის?
2022 / 25 თებერვალი
ტელემედიცინა ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელიც ჯანდაცვას უფრო ხელმისაწვდომსა და ხარჯთეფექტურს ხდის; ის პაციენტებს ეხმარება, მარტივად, სწრაფად და ეფექტურად მოაგვარონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ესა თუ ის პრობლემა.
მიუხედავად იმისა, რომ ტელემედიცინის ტენდენცია ჯერ კიდევ 1950 წლიდან გაჩნდა და უკვე რამდენიმე ათეული წელია, მას აქტიურად იყენებენ მსოფლიო მასშტაბით, ბოლო წლებში პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ტელემედიცინამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
პანდემიის პერიოდში ექიმებს და პაციენტებს ინფორმაციის რეალურ დროში გაზიარება ერთი კომპიუტერის ეკრანიდან მეორეზე შეუძლიათ. ტელემედიცინა შესაძლებელს ხდის, კორონავირუსით დაინფიცირებული, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებთან კონსულტაცია და რეკომენდაციები ონლაინ გაიცეს, რაც პანდემიის მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს. სწორედ ამიტომ, ტელემედიცინის გამოყენება 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით 50%-ით გაიზარდა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტელემედიცინა, ამავდროულად, ჯანდაცვის ხარჯებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს: ონლაინ გამოკვლევები, ვიზიტები და კონსულტაციები ბევრად უფრო დაბალბიუჯეტურია, ვიდრე ექიმის ფიზიკურად ნახვა და არასაჭირო ვიზიტი მის ოთახში. ამ ყველაფრის გარდა, პაციენტი ზოგავს დროს და ტრანსპორტირების ხარჯებსაც. მაგალითად, ასევე 2020 წელს ტელემედიცინის გამოყენებამ მსოფლიოს მასშტაბით 50%-ით შეამცირა პაციენტების ხარჯები და, საშუალოდ, თითოეულმა მომხმარებელმა 100 წუთი დაზოგა მისი გამოყენებით.
დღესდღეობით არსებობს ტელემედიცინის 3 გავრცელებული ტიპი:
ინტერაქტიული მედიცინა – რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტებსა და ექიმებს რეალურ დროში დაუკავშირდნენ ერთმანეთს;
შენახვა და გაგზავნა – რაც პროვაიდერებს აძლევს საშუალებას, გაუზიარონ პაციენტის ინფორმაცია სხვა ადგილას მყოფ პრაქტიკოსს;
პაციენტის დისტანციური მონიტორინგი – რომელიც საშუალებას აძლევს დისტანციურ მომვლელებს, თვალყური ადევნონ სახლში მცხოვრებ პაციენტებს მობილური სამედიცინო მოწყობილობების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების მიზნით (მაგ. სისხლში შაქარი ან არტერიული წნევა);
ტელემედიცინის დადებითი მხარეები
დაზოგილი რესურსები - მრავალ კვლევაზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ ტელემედიცინას, ნაკლებ დროს ატარებენ საავადმყოფოში, რაც უზრუნველყოფს ხარჯების დაზოგვას. გარდა ამისა, მგზავრობისა და რიგის არიდება პაციენტებს დროის დაზოგვაშიც ეხმარება.
ხელმისაწვდომობა - ტელემედიცინა უადვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ზრუნვაზე წვდომას. მას ასევე შეუძლია, გააუმჯობესოს ხელმისაწვდომობა სხვა ტიპის აუდიტორიისთვისაც, მათ შორის, ხანდაზმულებისთვის, გეოგრაფიულად იზოლირებული ადამიანებისთვის და პატიმრებისთვის.
პრევენციული მზრუნველობა - ტელემედიცინამ შეიძლება, გაუადვილოს ადამიანებს პრევენციულ მკურნალობაზე წვდომა, რომელიც მათ გრძელვადიან ჯანმრთელობას აუმჯობესებს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც ფინანსური ან გეოგრაფიული ბარიერები აქვთ. მაგალითად, 2012 წელს კორონარული არტერიის დაავადების მქონე ადამიანების კვლევამ აჩვენა, რომ პრევენციული ტელემედიცინა ჯანმრთელობის შედეგებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
მოხერხებულობა - ტელემედიცინა საშუალებას აძლევს ადამიანებს, მიიღონ ზრუნვა საკუთარ სახლში, კომფორტულად და კონფიდენციალურად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული სერვისის მისაღებად ადამიანს არ სჭირდება სამსახურიდან გათავისუფლება ან ბავშვის სხვასთან დატოვება.
ინფექციის გავრცელების შენელება - ექიმთან ვიზიტი ნიშნავს იმ ადამიანებთან ყოფნას, რომლებიც, შესაძლოა, ავად იყვნენ. ეს კი ხშირად განსაკუთრებით საშიშია სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის. ტელემედიცინა გამორიცხავს ექიმის კაბინეტში ინფექციის შეხვედრის რისკს.
როგორ იყენებენ ტელემედიცინას საერთაშორისო მასშტაბით?
ბოლო რამდენიმე ათეული წელია, ტელემედიცინა განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს იმ ადგილებსა და იმ სამიზნე ჯგუფებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სამედიცინო სერვისები. მაგალითად:
ტელემედიცინა ალიასკაზე
ალიასკა ამერიკის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და კანადის მსგავსად, აქ დიდ ტერიტორიებზე მცირე მოსახლეობა ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, ალიასკა ჯანდაცვის ქსელების სიმცირეს განიცდის.
სწორედ ამ ვითარებამ განაპირობა ის, რომ 1999 წელს ალიასკაზე ტელემედიცინის პროგრამა შეიქმნა. შედეგად, დღეს აქაური სოფლების მცირე თემები აქტიურად სარგებლობენ სხვადასხვა დისტანციური სერვისით და მაქსიმალურად იყენებენ ტელემედიცინის სიკეთეებს.
ბოსტონის Partners Healthcare პროგრამა
Partners HealthCare, ბოსტონში დაფუძნებული არაკომერციული ქსელია ციფრული ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის, რომლებიც პაციენტებს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობენ. კერძოდ, Connected Cardiac პროგრამა 2006 წელს დაინერგა და მას შემდეგ 1200-ზე მეტი გულის უკმარისობის მქონე პაციენტი მიიღო. პროგრამა აერთიანებს დისტანციურ მონიტორინგს, მოვლის კოორდინაციას, მედდის ზედამხედველობას, ქოუჩინგსა და განათლებას. პაციენტები ყოველდღიურად უგზავნიან მონაცემებს წონის, გულისცემის, პულსის და არტერიული წნევის შესახებ პროვაიდერებს, რაც საშუალებას აძლევს მათ, უფრო ეფექტურად შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და შესაბამისად იზრუნონ მათზე. ამ პროგრამამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საავადმყოფოებში გულის უკმარისობასთან დაკავშირებული მიმართვიანობის თითქმის 50 %-ით შემცირებას.
ტელემედიცინა ვანუატუში
სამხრეთ წყნარ ოკეანეში მდებარე ვანუატუს მოსახლეობას, როგორც წესი, მინიმუმ 6 საათიანი გემით მგზავრობა სჭირდება იმისთვის, რომ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებამდე მიაღწიოს. ხოლო ისინი, ვისაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, საკაცით უნდა გადაიყვანონ კუნძულზე და 500 მეტრის სიგრძის ფერდობზე ავიდნენ, რათა უახლოეს საავადმყოფომდე მივიდნენ.
2016 წელს ქვეყანას პირველად მიეცა საშუალება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ესარგებლა, რამაც მალევე ტელემედიცინის განვითარება გამოიწვია. დღეს კი ეს სისტემა ადგილობრივ ექთნებს დისტანციურ ექიმებთან და სპეციალისტებთან აკავშირებს, რომლებიც მათ განათლებითა და ტელემედიკური კონსულტაციებით უზრუნველყოფენ.
ტელემედიცინა კაპიტნებისთვის
გემი, რომელიც ნაპირიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მოგზაურობს, ბუნებრივად საჭიროებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე ხელმისაწვდომობას, რადგან ირგვლივ წყლის მეტი არაფერია. 2013 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში შეირჩა 23,299 კომერციული გემი 420,000 ეკიპაჟის წევრით და დადგინდა, რომ ყოველი მეხუთე გემი ყოველწლიურად იძულებულია, შეცვალოს კურსი სამედიცინო მიზეზების გამო. ეს კი ნიშნავს, რომ გემებს სულაც არ აქვთ აღჭურვილობა ეკიპაჟის წევრების ადგილზე სამკურნალოდ.
იმავე კვლევამ აჩვენა, რომ ბორტზე მყოფ ტელემედიკურ აღჭურვილობაზე სწრაფმა წვდომამ შეიძლება არა მხოლოდ ეკიპაჟის ფსიქოლოგიური დამშვიდება გამოიწვიოს, არამედ ასევე შეიძლება დაეხმაროს პრევენციული შემთხვევების 20 პროცენტამდე იდენტიფიცირებას.
დასკვნა
როგორც ზემოაღნიშნული მაგალითები გვიჩვენებს, ტელემედიცინა უაღრესად პოზიტიური და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა და მის სერვისებს შეუძლიათ, შეამსუბუქონ შესაბამისი სამედიცინო სერვისების ნაკლებობა და პაციენტებს სამედიცინო პროცესების მარტივად მოგვარებაში დაეხმარონ.
აქვე გეტყვით, რომ ტელემედიცინის მრავალფეროვანი სერვისებით სარგებლობა მარტივად შეგიძლიათ EKIMO-ს აპლიკაციით.