რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობა?

რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობა?

2022 / 14 მაისი

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ფიზიკურ აქტივობას განსაზღვრავს, როგორც კუნთების მიერ წარმოქმნილ ნებისმიერ მოძრაობას, რომელიც ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურად უწევს ფიზიკური აქტივობის გარკვეული ფორმების შესრულება, თუმცა, უმეტესწილად, აქტივობის ეს დოზა საკმარისი არ არის ხოლმე.

 

დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი ვერ ახერხებს საჭირო ენერგია დახარჯოს მაშინ, როცა მინიმუმ ნახევარსაათიანი ფიზიკური აქტივობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო დატვირთვის მქონეა.

 

და მაინც, რაში გამოიხატება ფიზიკური აქტივობის სარგებელი?

 

  • დადასტურებული ფაქტია, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ისეთი არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილებას და მართვას, როგორიცაა გულის დაავადება, ინსულტი, დიაბეტი და რამდენიმე ტიპის კიბო.
  • ხელს უწყობს ჰიპერტენზიის თავიდან აცილებას;
  • უზრუნველყოფს სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას;
  • აძლიერებს ძვლებს, კუნთებს, სახსრებს და ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს.

 

რა ემოციური სარგებელი აქვს ფიზიკურ აქტივობას?

 

საკმაოდ ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ვარჯიში არა მხოლოდ კარგია ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ის ასევე ხელს უწყობს ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგრადობას.

 

  • ფიზიკური დატვირთვა ამცირებს დეპრესიისა და სტრესის შეგრძნებებს, აუმჯობესებს განწყობას და საერთო ემოციურ კეთილდღეობას;
  • ზრდის ენერგიის დონეს;
  • აუმჯობესებს ძილს;
  • აყალიბებს თვითდისციპლინას;

 

გარდა ამისა, ვარჯიშმა და ფიზიკურმა აქტივობამ შესაძლოა გააუმჯობესოს კოგნიტური ფუნქცია და საშუალება მოგცეს, უფრო სწრაფად კონცენტრირდე საქმიანობაზე, დიდი ხნის განმავლობაში იყო ფოკუსირებული და უსარგებლო ინფორმაციაზე დრო არ დაკარგო.

 

არსებობს თუ არა ფიზიკური დატვირთვის ოპტიმალური ხანგრძლივობა?

 

აერობული აქტივობა - მინიმუმ 150 წუთი ზომიერი აერობული აქტივობა ან 75 წუთი ენერგიული აერობული აქტივობა კვირაში საკმარისია. თუმცა, ჯანმრთელობის კიდევ უფრო დიდი სარგებელის უზრუნველსაყოფად და წონის დასაკლებათ რეკომენდებულია კვირაში მინიმუმ 300 წუთი ვარჯიში.

 

ძალისმიერი ვარჯიში - გააკეთე ძალისმიერი ვარჯიშები კუნთების ყველა ძირითადი ჯგუფისთვის კვირაში ორჯერ მაინც. შეეცადე, თითოეული ვარჯიში საკმარისად მძიმე წონის გამოყენებით შეასრულო.

 

როგორ გავზარდო ფიზიკური აქტივობის დონე?

 


აქ მოცემულია ფიზიკური აქტივობის რამდენიმე იდეა, რომელიც განწყობის ამაღლებაში დაგეხმარება:

 

  • სეირნობა, ველოსიპედით სიარული ან ცეკვა - ეს აქტივობები აძლიერებს შენს სუნთქვას, ასევე აძლიერებს გულს და აუმჯობესებს განწყობას;
  • იოგა - გონებისა და სხეულის ეს პრაქტიკა ჩვეულებრივ აერთიანებს ფიზიკურ პოზებსა და სუნთქვის ვარჯიშებს, რაც სხეულის მოდუნებას იწვევს.
  • აქტივობები, რომლებიც გსიამოვნებს - იქნება ეს მებაღეობა, ჩოგბურთის თამაში, სირბილი თუ სხვა რამ.. აუცილებლად აირჩიე შენთვის სასურველი აქტივობა და არ დაივალდებულო თავი, რათა ეს პროცესი სრულიად ჯანსაღი იყოს.