რჩევები მშობლებისთვის - როგორ ვიზრუნოთ ახალშობილზე?

რჩევები მშობლებისთვის - როგორ ვიზრუნოთ ახალშობილზე?

2022 / 30 მაისი

ახალშობილთან ცხოვრება მშობლისთვის ჯადოსნური პერიოდია ხოლმე, თუმცა, ეს პროცესი, ამავდროულად, დამღლელიც შეიძლება იყოს. განსაკუთრებით ახალბედა მშობლებისთვის ჩვილი ბავშვის მოვლა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული - ეს ხომ ის პერიოდია, რომლისთვისაც ზუსტად განსაზღვრული წესები არ არსებობს.

 

თუმცა, სწორედ რომ გამოცდილი მშობლებისა და პედიატრების დახმარებით ჩვენ შევაგროვეთ რჩევები, რომლებიც ახალშობილის მოვლისას უნდა გაითვალისწინოთ.

 


ხშირად კვებეთ თქვენი პატარა

 

მიუხედავად იმისა, ძუძუთი კვებავთ ბავშვს თუ ხელოვნურ საკვებს იყენებთ, ხშირად მიეცით მას ის. როგორც წესი, ახალშობილები ყოველ სამ საათში ერთხელ უნდა იკვებონ - ისე, რომ 24 საათში 8-12-ჯერ ჭამა მოასწრონ. ხშირი კვება ეხმარება ახალშობილს, დაიბრუნოს წონა, რომელიც დაბადების შემდეგ დაკარგა. რაც უფრო გაიზრდება თქვენი შვილი, მით უფრო მეტი საკვების მიღებას შეძლებს დღისით და ნაკლების - ღამით.

 

აქვე გაითვალისწინეთ, რომ მეძუძურ დედებს პედიატრები, როგორც წესი, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ურჩევენ ბავშვის ძუძუთი კვებას.

დაათვალიერე ბავშვთა კვების პროდუქტები ექიმოში. 

 

დაიძინეთ, მაშინ როცა ბავშვს სძინავს

 

თავიდან ახალშობილებს ხშირად სძინავთ - დაახლოებით 16-დან 17 საათამდე დღეში - მაგრამ ეს ძილი ყოველ ერთ ან ორ საათში სიფხიზლის პერიოდებით ირღვევა. ეს ხშირად ხდება ღამითაც, რაც თქვენი ძილის დარღვევასაც იწვევს. სწორედ ამიტომ, ეცადეთ დაიძინოთ მაშინ, როცა თქვენს პატარას სძინავს, რათა მაქსიმალურად შეძლოთ დასვენება.

 

აქვე გაითვალისწინეთ, რომ 1 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველთვის უნდა დააძინოთ ზურგზე - არასდროს გვერდებსა ან მუცელზე; ეს კი იმიტომ, რომ ზურგის ძილი ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს ამცირებს.

 

დაბანეთ ბავშვი უსაფრთხოდ, მაგრამ არც ისე ხშირად

 

ყოველდღიურად გაუსუფთავეთ თქვენს პატარას პირის ღრუს, კისრისა და საზარდულის ირგვლივ მიდამოები. რაც შეეხება სრულად დაბანის სიხშირეს,  კვირაში ერთხელ ან ორჯერ სრულიად საკმარისია. ძალიან ხშირად დაბანამ შეიძლება, კანის სიმშრალე ან ეგზემა გამოიწვიოს (მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლით, ქავილითა და გამონაყარით).

დაათვალიერე ბავშვის მოვლის პროდუქტები ექიმოში. 

რაც შეეხება დაბანის თავისებურებას, პირველი 5-15 დღის განმავლობაში პედიატრები ღრუბლის აბაზანებს გვირჩევენ, რაც ბავშვის პირსახოცში შეახვევასა და რბილ ბრტყელ ზედაპირზე დაწვენას გულისხმობს.

 

გაასუფთავეთ ბავშვის სხეული და სახე სველი ტილოთი და ნუ გამოიყენებთ საპონს, რათა თქვენს პატარას ის თვალებში არ შეუვიდეს. გაწმენდის შემდეგ გამოიყენეთ დამატენიანებელი.

 

ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი, ნელ-ნელა თქვენი პატარას დაბანა პლასტმასის ბავშვის აბაზანასა ან აუზში შეგიძლიათ. აბაზანის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო ატრიბუტი თან გაქვთ, რაც გჭირდებათ - ბავშვის საპონი, შამპუნი, ტილოები, ჭიქა და მშრალი პირსახოცი, რათა აბაზანაში ბავშვის მარტო დატოვება არ მოგიხდეთ.

 

ბავშვის გაღვიძებისას მოეფერეთ და დაამშვიდეთ ის

 

ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენს შვილთან კავშირის დასამყარებლად მასთან გაღვიძებისთანავე კომუნიკაციაა. როდესაც თქვენი პატარა შეფხიზლდება, ეცადეთ შიშველ მკერდზე დააწვინოთ ის.

 

კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც დაბადებიდან დაუყოვნებლივ განიცდიან კანთან კონტაქტს, უფრო მეტად იკვებებიან ძუძუთი, ასევე უფრო ჯანსაღად სუნთქავენ და მოწესრიგებული გულის მუშაობა აქვთ. ასევე, რეგულარულად ესაუბრეთ თქვენს პატარას - ხოლო რადგან ჩვილები ახლომხედველნი არიან, სახე ახლოს მიიტანეთ, რათა უკეთ დაგინახონ.

 

და ბოლოს, ითხოვეთ დახმარება

 

მშობლად გახდომა ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპია, რომელიც სიხარულთან ერთად, შესაძლოა, დიდ სტრესთანაც იყოს დაკავშირებული. ამიტომაც, თუკი დახმარება გჭირდებათ, სთხოვეთ ის თქვენს პარტნიორს ან ოჯახის სხვა წევრებს, მეგობრებს.