როგორ უნდა იკვებო ჯანსაღად?

როგორ უნდა იკვებო ჯანსაღად?

2022 / 03 ივლისი

რას ნიშნავს ჯანსაღი კვება?

 

ჯანსაღი კვება ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის საჭირო ნივთიერებების დაბალანსებულად მიღებას ნიშნავს. ეს ნუტრიენტები მოიცავს: ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს, წყალს, ვიტამინებს და მინერალებს.

 

ხშირად ჯანსაღ კვებას მკაცრ დიეტებთან აიგივებენ, რაც არასწორია. რეალურად ეს პროცესი ყველა იმ საკვების მიღებას გულისხმობს, რაც ნამდვილად გვიყვარს.

 

და მაინც, რატომაა ასე მნიშვნელოვანი ჯანსაღად კვება?

 

უპირველეს ყოვლისა, საკვები სწორედ ისაა, რაც ჩვენი ორგანიზმის გამართულად ფუნქციონირებისთვის ენერგიას გვაძლევს. სწორედ ამიტომ, თუკი შენს კვებას კონკრეტული საკვები ნივთიერებების ან სულაც კალორიების ნაკლებობა ახასიათებს, ამით, შესაძლოა, ჯანმრთელობა დაზიანდეს.  

 

ანალოგიურად, თუკი კალორიების გადაჭარბებულ დოზას მიირთმევ, შეიძლება წონაში მოიმატო, რაც ასევე აზიანებს ჯანმრთელობას. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორიცაა ტიპი 2 დიაბეტი, ძილის ობსტრუქციული აპნოე და გულის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებები.

 

როგორ უნდა იკვებო ჯანსაღად?

 

პირველი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ არის ის, რომ საკვები შენს ერთ-ერთ პრიორიტეტად აქციო. მაგალითად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ სასურსათო მაღაზიაში წასვლა დაგეხმარება, ჯანსაღი არჩევანი გააკეთო ხოლმე, როცა მოგშივდება. ხოლო იმისთვის, რომ ეს შეძლო, უნდა შეიძინო:

 

  • ახალი და გაყინული ხილი და ბოსტნეული
  • ცილის წყაროები, როგორიცაა: ქათამი, კვერცხი, თევზი და ტოფუ
  • ნახშირწყლების წყაროები, როგორიცაა: დაკონსერვებული ლობიო და მთელი მარცვლეული
  • სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორიცაა: თეთრი კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი და გოგრა
  • ცხიმის წყაროები, როგორიცაა: ავოკადო, ზეითუნის ზეთი და ცხიმოვანი იოგურტი
  • მარტივი ინგრედიენტები, როგორიცაა: თხილი, თესლი, თხილის კარაქი, ჰუმუსი, ზეთისხილი და ხმელი ხილი

 

რჩევები ჯანსაღი კვების შესახებ

 

აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა ჯანსაღი კვების დასაწყებად:

 

უპირატესობა მიანიჭე მცენარეულ საკვებს - მცენარეული საკვები, როგორიცაა: ბოსტნეული, ხილი, ლობიო და თხილი, უნდა შეადგენდეს შენი კვების დიდ ნაწილს. ამიტომაც, ცადე, ამ ტიპის საკვები (განსაკუთრებით ბოსტნეული და ხილი) მუდმივად მიიღო.

 

მოამზადე სახლში - სახლში კერძების მომზადება შენი კვების დივერსიფიკაციაში დაგეხმარება. თუკი ჭამას კაფეში ან რესტორანში ხარ მიჩვეული, ეცადე, კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მაინც მოამზადო კერძი სახლში იმისთვის, რომ მომზადებას შეეჩვიო.  

 

გესმოდეს, რომ შენი კვება სრულყოფილი არ იქნება - პროგრესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე  სრულყოფილება. სწორედ ამიტომ, გააცნობიერე, რომ კვების დარღვევა ხანდახან დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

 

გამორიცხე რაციონიდან ტკბილი სასმელები - მაქსიმალურად შეზღუდე შაქრიანი სასმელები, როგორიცაა გაზიანი სასმელები, ენერგეტიკული სასმელები და ტკბილი ყავა. შაქრიანი სასმელების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება, ზიანი მიაყენოს შენს ჯანმრთელობას.

 

მიიღე წყალი რეგულარულად - ჰიდრატაციის შენარჩუნება ჯანსაღი კვების ნაწილია, წყალი კი საუკეთესო საშუალებაა ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად. თუ არ ხარ მიჩვეული წყლის დალევას, აიღე მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი და დაამატე ხილის ნაჭრები ან ლიმონის ნაჭერი არომატისთვის.

 

და ბოლოს, იმისთვის, რომ ორგანიზმის საჭირო ნივთიერებებით გაჯერება შეძლო, აუცილებლად ესტუმრე ნუტრიციოლოგს, რომელიც კვების დაბალანსებაში დაგეხმარება. აქვე გეტყვი, რომ ექიმოს აპლიკაციით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ნუტრიციოლოგთან უფასო კონსულტაციის დაჯავშნა ელექტრონულადვე შეგიძლია.