როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზაფხულის პერიოდში?

როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზაფხულის პერიოდში?

2022 / 18 ივნისი

ერთი შეხედვით, ზაფხული ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული სეზონია. ეს ის პერიოდია, როცა ღია ცის ქვეშ უფრო მეტი დროის გატარება შეგვიძლია მათთან ერთად, თუმცა, წელიწადის ამ დროს თან ახლავს გარკვეული საფრთხეები, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.

 

სწორედ ამიტომ, გიზიარებ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა მოუარო შენს შინაურ ცხოველს ზაფხულში:

 

დააკვირდი სიმპტომებს

მაღალი ტემპერატურა ხშირად ხდება ცხოველებში გადაჭარბებული სუნთქვის, გახშირებული გულისცემისა და გადაღლის მაპროვოცირებელი ფაქტორი. სწორედ ამიტომ, დააკვირდი ამ სიმპტომებს და შეეცადე, ხშირად ამყოფო ხოლმე ის ჩრდილში. ასევე, კარგი იქნება, თუ გარეთ ყოფნის შემდეგ მას გრილ ადგილას შეიყვან და წყლით გააგრილებ.

 

არ დატოვო შენი ოთხფეხა მეგობარი მანქანაში

მოერიდე შინაური ცხოველის დახურულ მანქანაში დატოვებას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სითბური ინსულტი და გაგუდვა. ზაფხულის პერიოდში მანქანაში ტემპერატურამ შეიძლება, 40 გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს 10 წუთში თუკი ის პირდაპირ მზის ქვეშ დგას. ასე რომ, მაშინაც კი, თუ ფიქრობ, რომ სულ რამდენიმეწუთიანი საქმე გაქვს, არ დატოვო შენი მეგობარი მანქანაში მარტო.

 

თავი აარიდე პარაზიტებს

დარწმუნდი, რომ შენი შინაური ცხოველი დაცულია ტკიპებისგან, რწყილებისა და ტილებისგან. ტკიპები ყველაზე აქტიურები მარტის თვეებიდან მაისის შუა რიცხვებამდე და აგვისტოს შუა რიცხვებიდან ნოემბრის ჩათვლით არიან. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია ტკიპების საწინააღმდეგო სპრეი მუდამ ხელთ გქონდეს, რათა შენი ოთხფეხა მეგობარი ამ მავნე პარაზიტებისგან, ქავილისა და ნაკაწრებისგან დაიცვა.  

 

იზრუნე შინაური ცხოველის თათებზე

ზაფხულში ასფალტი ძალიან ცხელდება, რამაც შეიძლება თავისუფლად დაწვას შენი შინაური ცხოველის თათები. გარდა ამისა, ცხელ ზედაპირს თათების დაწვის გარდა შეუძლია, სხეულის ტემპერატურა გაზარდოს. სწორედ ამიტომ, შეეცადე, სათანადოდ იზრუნო შენი ოთხფეხა მეგობრის თათებზე.

 

 

გრუმინგი

ზაფხულში შინაური ცხოველის დაბანა, დავარცხნა და ბეწვის შეჭრა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა სეზონებზე, რადგან ამ გზებით შენი ოთხფეხა მეგობარი გრილდება და თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. სწორედ ამიტომ, ეცადე, რაც შეიძლება ხშირად გააკეთო ეს.

 

თვალი ადევნე შენი შინაური ცხოველის წონას

შინაური ცხოველები ხშირად იმატებენ ზამთრის თვეებში რამდენიმე კილოგრამს. ზაფხული კი შესანიშნავი დროა ვარჯიშისა და ფორმაში ჩაყენებისთვის. წაიყვანე შენი ოთხფეხა მეგობარი სასეირნოდ დილით ადრე ან გვიან საღამოს, რათა თავიდან აიცილო მზის პირდაპირი სხივები. გარდა ამისა, ამავე პერიოდში ჰაერი უფრო გრილი და დამამშვიდებელია როგორც შენთვის, ისე - შენი შინაური ცხოველისთვის.

 

რეგულარული ვიზიტი ვეტერინართან

თუ შენს შინაურ ცხოველს გაუწყლოების ნიშნები, ჭარბი ნერწყვდენა და სუნთქვა, აქვს, აუცილებლად მიაკითხე ვეტერინარს. ასევე, თუ შეამჩნევ სიცხის ან ღებინების რაიმე ნიშანს, დაურეკე ვეტერინარს და აუხსენი სიმპტომები, რადგან ამ სიმპტომებს ხშირად ტკიპის ცხელება იწვევს. შინაურ ცხოველთან ერთად სიცხეში სიარული ამ დროს შეიძლება, მისთვის სტრესული იყოს, ამიტომ გადაამოწმე, შეუძლია თუ არა ვეტერინარს სახლში ვიზიტი.

 

და ბოლოს, შეგახსენებ, რომ ექიმოდან შეგიძლია, ონლაინ დაჯავშნო დისტანციური თუ ფიზიკური ვიზიტი ვეტერინართან. თანაც, 20 ივნისის კვირაში ექიმოში ვეტერინართან კონსულტაცია უფასოა და შეგიძლია, ზემოხსენებული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სათანადო რჩევები მიიღო ექიმოს სპეციალისტებისგან.