საახალწლო რჩევები - ინტერვიუ ნუტრიციოლოგ ნინო გიგაიასთან

საახალწლო რჩევები - ინტერვიუ ნუტრიციოლოგ ნინო გიგაიასთან

2021 / 30 დეკემბერი

ახალი წლის სადღესასწაულო სუფრა ბევრისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი ხდება. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ გემრიელი საკვებისგან თავის შეკავება ძალიან რთულია. საახალწლო სუფრასთან დაკავშირებული რჩევებისთვის, ჩვენ ნუტრიციოლოგ ნინო გიგაიას მივმართეთ

 

 

  • როგორია კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საახალწლო პერიოდში?

 

იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის სუფრა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია, წონის შენარჩუნებისთვის უნდა ვეცადოთ, ნახშირწყლოვან საკვებზე მეტად აქცენტი გავაკეთოთ ცილოვან პროდუქტსა და ბოსტნეულზე. ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს წყალი. სასურველია, რომ დილით 1 ჭიქა წყლის დალევიდან ნახევარი საათის შემდეგ ვისაუზმოთ და მსგავსი მიდგომა გამოვიყენოთ ყველა კვების წინ. ეს იწვევს  კუჭის სავსეობას, რის შემდეგაც უფრო ნაკლებს მივირთმევთ. ამის გარდა, ჩვენს ორგანიზმს ვაწვდით მისთვის საჭირო მინერალებს.

 

 

  • შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ნებადართულია თუ არა საახალწლოდ დიეტის დარღვევა?

 

 

იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტს გლიკემიური პროფილი მოწესრიგებული აქვს, გონიერი სიფრთხილის ფარგლებში, მას შეუძლია თავს დიეტის დარღვევის უფლება მისცეს. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ორი სახის ნახშირწყლოვან პროდუქტს ერთდროულად არ მიირთმევენ. მაგალითად: თუ მიირთმევს ხაჭაპურს, იქ მჭადი, ღომი და მსგავსი საკვები უკვე აღარ მიიღოს. თავისთავად, საღამოსაც უნდა ეცადოს, რომ ტკბილეული და ცომეული ნაკლებად მიიღოს.

 

  • რა გავლენის მოხდენა შეუძლია არანორმირებულ კვებას ნაღველკენჭოვან დაავადებებზე?

 

 

თუ პაციენტს ნაღველკენჭოვანი დაავადებები აწუხებს, მისთვის შემწვარ-მოხრაკული, მაიონეზიანი და თხილეულით (ნიგვზით) დამზადებული პროდუქტები კვების რაციონიდან ისედაც ამოღებულია. ამის გამო, მათ საახალწლო პერიოდში განსაკუთრებული თავშეკავება მართებთ. უმჯობესი იქნება, თუ მაიონოზიანი კერძების მაგივრად მიირთმევენ არაჟნით დამზადებული კერძებს. სასურველია, რომ დალიონ მინერალური წყალი და არ შეწყვიტონ ფერმენტული მედიკამენტების მიღება.

 

 

  • როგორ მოვიქცეთ, თუ საახალწლო სუფრის წყალობით წონაში მოვიმატეთ?

 

თუ ორგანიზმს წონაში მატებას ვამჩნევთ, აუცილებელია, შემდეგ პერიოდში გვქონდეს ე.წ. “განტვირთვის დღეები”. მაგალითად: ერთი დღე მივირთვათ მხოლოდ მონო-პროდუქტი (ვთქვათ:  ხილი, მაწონი ან კეფირი). ამ ერთი დღის შემდეგ, საღამოს საათებში უბრალოდ შევამციროთ საკვების მიღება. უმჯობესია, თუ 19:00 საათის შემდეგ საკვებს საერთოდ არ შევჭამთ. ასევე, დღის განმავლობაში რაციონიდან მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ ნახშირწყლოვანი საკვები. 

 

 

  • უნდა შევუზღუდოთ თუ არა ამ პერიოდში პატარებს ტკბილეულის მიღება?

 

ზოგადად უმჯობესია, რომ ბავშვები ტკბილეულის ნაკლებად მიღებას მცირე ასაკიდანვე მივაჩვიოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პატარებმა ადრიდანვე გამოიმუშაონ კვებასთან დაკავშირებული ქცევები (მაგალითად: ავუხსნათ მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის დილით საუზმის მირთმევა). რაც შეეხება ახალი წლის პერიოდს, თუ ბავშვს დიაგნოსტირებული არ აქვს შაქრიანი დიაბეტი, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ტკბილეულის მიღება არ უნდა ავუკრძალოთ.

 


ჩვენი ორგანიზმისთვის უქმე დღეები არ არსებობს და მასზე ზრუნვა სადღესასწაულო, დასვენების დღეებშიც აუცილებელია. თუ ამ რეკომენდაციების დაცვაც გაგიძნელდათ, გახსოვდეთ, რომ ნუტრიციოლოგთან ონლაინ ვიზიტი (სატელეფონო / ვიდეო კონსულტაცია) განსაკუთრებით მოსახერხებელია.