მოწყობილობები, რომლებიც დიაბეტის მართვას გაგიადვილებს
2023 / 10 თებერვალი
მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანია დაავადებული დიაბეტით და ეს დაავადება ყოველწლიურად 1,6 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ხდება.
დიაბეტი ქრონიკული მეტაბოლური დაავადებაა, რომელსაც სისხლში გლუკოზის მომატებული დონე ახასიათებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი სხეული გამოიმუშავებს ნაკლებ ინსულინს ან საერთოდ არ გამოიმუშავებს მას. არსებობს მისი ორი ძირითადი სახეობა: ტიპი 1 და ტიპი 2. დროთა განმავლობაში დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს გულის, სისხლძარღვების, თვალების, თირკმელების და ნერვების დაზიანება.
საბედნიეროდ, დიაბეტის სამართავი და სამკურნალო ტექნოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეიმჩნევა მსოფლიოში.
ქვემოთ მოცემულია 3, ახალი მოწყობილობა, რომლებიც დიაბეტის მქონე ადამიანებს ცხოვრებას მნიშვნელოვნად უმარტივებს:
იმპლანტირებული სენსორი
თუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ხარ, ალბათ ნემსის ჩხირებს ხშირად იყენებ. სისხლში შაქრის დონის დადგენა დიაბეტის მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები კი დღეში რამდენჯერმე იღებენ თითიდან სისხლს შაქრის დონის დასადგენად. თუმცა, სულ მალე ეს ტექნიკა წარსულს ჩაბარდება. კანქვეშ ჩასმული პატარა სენსორი (იმპლანტირებული სენსორი) პერმანენტულად ზომავს შენს სისხლში შაქარს ყოველ რამდენიმე წუთში. შემდეგ კი ის უსადენო გზით გზავნის შედეგებს სმარტფონსა ან სხვა მოწყობილობაზე.
5 ყველაზე გავრცელებული საკვები დანამატი
ინსულინის ავტომატური ტუმბოები
ინსულინის ან სხვა მედიკამენტების გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა, რაც შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ინსულინის ტუმბოს Basal-IQ ტექნოლოგიას შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს შენს სისხლში შაქრის დონე და შეაჩეროს ინსულინის მიწოდება, როდესაც ის ეცემა.
როგორ უნდა ატარო ინსულინის ტუმბო?
• მოათავსო ის ტანსაცმლის ქვეშ
• ჩაიდოჯიბეში
• დაიმაგრო ქამარზე
• წებოვანი პაჩით მიიმაგრო მუცელსა ან მკლავზე
ინსულინის ავტომატური ტუმბოები, რომლებსაც ასევე უწოდებენ ხელოვნურ პანკრეასს, ნამდვილი ორგანოსავით ფუნქციონირებს. ტუმბო იყენებს ალგორითმს ინსულინის მოთხოვნილების დასადგენად, რათა სისხლში შაქრის დარეგულირებას შეუწყოს ხელი. შემდეგ ის ორგანიზმს ავტომატურად აწვდის სწორ დოზას, რათა სისხლში შაქრის სწორი რაოდენობა სტაბილურად შეინარჩუნოს.
ჭკვიანი კალამი
ინსულინის ჭკვიანი კალამი არის მრავალჯერადად გამოყენებადი ინჟექტორული კალამი ინტუიციური სმარტფონის აპლიკაციით, რომელიც ეხმარება დიაბეტის მქონე ადამიანებს, უკეთ მართონ ინსულინის მიწოდება. ეს ჭკვიანი სისტემა ითვლის და აკონტროლებს დოზებს და უზრუნველყოფს სასარგებლო შეხსენებებს, გაფრთხილებებსა და ანგარიშებს.
ჭკვიან კალამს შეუძლია:
• გამოთვალოს ინსულინის თითოეული დოზა სისხლში შაქრის მიმდინარე დონის, ნახშირწყლების რაოდენობის, კვების ზომის, აქტიური ინსულინის და ექიმის მიერ დადგენილი პარამეტრების საფუძველზე.
• ეხმარება პაციენტს დოზის გამოტოვების თავიდან აცილებაში.
• ეხმარება პაციენტს, შეასწოროს სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებელი.
• იძლევა შეხსენებას, თუ როდისაა შემდეგი დოზის დრო.
• პაციენტს ატყობინებს, თუ როდის იწურება ინსულინის ვადა სხეულში.
რომ შევაჯამოთ, ტექნოლოგიური ინოვაციები ნამდვილად იძლევიან იმის საშუალებას, რომ დიაბეტი აღარ იყოს რთული დაავადება, რომელსაც მუდმივი გადამოწმება სჭირდება. ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების მეშვეობით მისი მართვა ბევრად მარტივი ხდება.