ნატურალური VS სინთეტური კოსმეტიკა

ნატურალური VS სინთეტური კოსმეტიკა

2020 / 21 აგვისტო

კოსმეტიკის ისტორია ადამიანთა ისტორიასავით ძველია. ბოლო 10 ათასი წლის მანძილზე ჩვენ განსხვავებულ ნივთიერებებს ვიყენებდით, რათა საკუთარი ფიზიკური სილამაზისთვის ხაზი გაგვესვა: ძველ ეგვიპტეში ტყვიის კრიალასგან დამზადებულ ქუთუთოების საღებავს თვალის ფორმის გამოსაკვეთად იყენებდნენ, დედოფალი კლეოპატრა კანის დასარბილებლად რძის აბაზანებს იღებდა, ძველ ჩინეთში ფრჩხილებს სოციალური კლასის კუთვნილების ხაზგასასმელად იყენებდნენ და ა.შ. 

 

ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად შეიცვალა და გამრავალფეროვნდა კოსმეტოლოგიური ბაზარიც. კოსმეტიკა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური რუტინის განუყოფელ ნაწილად იქცა. შესაბამისად, ხშირად ჩნდება კითხვაც: რამდენად უსაფრთხოა ის კოსმეტიკა, რომელსაც ვიყენებთ? 

 

კოსმეტიკის ეფექტიანობაზე მედიკამენტების მსგავსი რეგულაციები არ ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, ისინი სკრუპულოზურ სამეცნიერო შემოწმებას არ გადიან. ამიტომაც, აღნიშნული ბაზარი ერთგვარად მისივე მომხმარებლის სურვილებსა და რეკომენდაციებს ექვემდებარება. აღნიშნულის შედეგია სხვადასხვა ტიპის კოსმეტიკური პროდუქტის შეფუთვაზე შემდეგი სახის წარწერები: “ბუნებრივი”, “სუფთა”, “არატოქსიური”, “ქიმიური ნივთიერებებისგან თავისუფალი”. როგორც 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, შესყიდვისას მომხმარებლის 90% სწორედ ასეთი სახის პროდუქციას ანიჭებს უპირატესობას. 

 

რეალურად, რამდენად უფრო უსაფრთხოა “ნატურალური” კოსმეტიკა “სინთეტურთან” შედარებით?

 

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგანაც უპირველესად არ არსებობს “ბუნებრივის” ან “ნატურალურის” დეფინიცია. რადგანაც კოსმეტიკური პროდუქცია მედიკამენტებისა და სურსათი უვნებლობის სამსახურის რეგულაციების მიღმა არსებობს, თითოეული მწარმოებელი თვითონ ადგენს, თუ რას ნიშნავს მისი პროდუქციის კონკრეტული ხაზისათვის “ნატურალური”. როგორც წესი, ნატურალური პროდუქტის ქვეშ მცენარეულ ფუძეზე დამზადებული ინგრედიენტები მოიაზრება, თუმცა, ზოგიერთი მწარმოებელი აღნიშნული ტერმინის ქვეშ უსაფრთხო სინთეტურ ინგრედიენტებსაც მოიაზრებს. “სუფთა პროდუქუციას” ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებს უწოდებენ, რომლებიც პარაბენებს, ფთალატებსა, სულფატებს და სხვა ქიმიურ შენაერთებს არ შეიცავენ. 

 

კიდევ უფრო ჩახლართულია ტერმინ “ორგანულის” განმარტება. აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA) შესაბამისი დეფინიცია მხოლოდ საკვები პროდუქტებისათვის გააჩნია. როცა საქმე კოსმეტიკას ეხება, აქ უკვე უშუალოდ იმას აკვირდებიან, თუ რა პროცენტული რაოდენობით შედის მასში USDA-ს სტანდარტიზირებული ორგანული ინგრედიენტები. მიუხედავად ამისა, “ორგანული” პროდუქტი ავტომატურად უფრო უსაფრთხოს არ ნიშნავს, ხაზგასმით მიუთითებს საკვებისა და წამლის სააგენტო (FDA)

 

ყოველდღიური, რუტინული კოსმეტიკური საშუალებების სახით ადამიანის სხეულზე დაახლოებით 500-ზე მეტი ნივთიერება ხვდება. შეფუთვაზე დატანილი მათი რთული, ტექნიკური დასახელებები ხშირად მომხმარებელს არანაირ ინფორმაციას არ აწვდის. თუმცა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ზოგიერთ უცნაურ ქიმიურ შენაერთს უფრო ახლოსაც გავეცანით. 

 

2004 წელს აკადემიურ გამოცემაში Journal of Applied Toxicology გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა პარაბენების არსებობა ძუძუს კიბოს ქსოვილში აღწერეს. პარაბენები კოსმეტიკურ პროდუქციაში გამოყენებული ქიმიური ნაერთია, რომელიც კონსერვანტის ფუნქციას ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშული კვლევა პარაბენების კიბოს განვითარებაზე არ მიუთითებდა, მის წინააღმდეგ მომხმარებელთა უმეტესობა გამოვიდა. აღნიშნულის გამო 2014 წელს ევროკავშირმა პარაბენების უმრავლესობის გამოყენება აკრძალა, თუმცა, ეს არ შეეხო კოსმეტიკურ პროდუქციაში ყველაზე ხშირად გამოყენებულ პარაბენებს, რადგანაც ეს უკანასკნელი სრულიად უსაფრთხო და მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. 

 

2014 წელს, მომხმარებელთა დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კომპანიამ Johnson & Johnson ქსელიდან ამოიღო ბავშვის შამპუნი, რომლის გახურებითაც გარემოში მცირე რაოდენობით ფორმალდეჰიდი გამოიყოფოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალდეჰიდი კარცინოგენად არის მიჩნეული, მის მცირე რაოდენობას ჩვენი ორგანიზმიც კი გამოიმუშავებს და როგორც კვლევები აჩვენებს, შამპუნის შემადგენლობაში მისი არსებობა სიმსივნის რისკს არ ცვლის. 

 

მსგავსი მითის მსხვერპლი გახდა ალუმინიც, რომელიც ანტიპერსპირანტების შემადგენლობაში შედიოდა. ეს უკანასკნელი საოფლე სადინრების ბლოკირებას და ამგვარად ოფლიანობის შეჩერებას უწყობდა ხელს. მოგვიანებით ალუმინის შემცველობა ძუძუს კიბოს განვითარებასთან ყოველგვარი სამეცნიერო მტკიცებულების გარეშე დააკავშირეს, რამაც მის წინააღმდეგ მომხმარებელთა უმეტესობა განაწყო. დღესაც კი ანტიპერსიპრანტების და დეოდორანტების შეფუთვაზე წაიკითხავთ, რომ იგი ალუმინს არ შეიცავს. 

 

ამგვარი არაერთგვაროვანი მდგომარეობის გამო, ყველაფერი მომხმარებლის პირად პრეფერენციაზეა დამოკიდებული. საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე, რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია გაითვალისწინე:

 

  • არჩევანი ცნობილ ბრენდებზე შეაჩერე

  • დეტალურად გაეცანი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობას და მოიძიე შესაბამისი ინფორმაცია

  • ნუ შეიძენ საეჭვო წარმომავლობის, იაფფასიან კოსმეტიკურ საშუალებებს

 

გახსოვდეს: 

 

  • “ნატურალური” ავტომატურად უფრო უსაფრთხოს არ ნიშნავს

  • “სინთეტური” ავტომატურად საზიანო არ არის

 

რეკომენდებული