მითი ალუმინის შემცველი დეოდორანტის შესახებ
2020 / 10 თებერვალი
დეოდორანტებზე პანიკა 2000-იანი წლებიდან დაიწყო.
ამ დროს გაჩნდა აზრი, რომ დეოდორანტები (განსაკუთრებით კი, ალუმინის შემცველი) კიბოს გაჩენის რისკს ზრდიდა.
ყურადღება განსაკუთრებით მკერდის კიბოზე მახვილდებოდა; გაიზარდა მკერდის კიბოს დეორანტებთან ასოციაცია.
ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ მკერდის კიბო უმეტესად იღლიასთან ახლოს ჩნდებოდა. ისინი ამ ამბავს დეოდორანტებს უკავშირებდნენ, რადგან სწორედ იღლიაში ვისვამთ/ვისხამთ მათ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხოვრების განმავლობაში სტატისტიკურად 8 ქალიდან 1-ს უვითარდება მკერდის კიბო, აზრი, რომ მას დეოდორანტმა, პროდუქტმა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, ხელი შეიძლება შეუწყოს, ფრიად სერიოზულად ჟღერს.
თუმცა, ეს წარმოდგენა სიმართლეს არ შეესაბამება.
საბედნიეროდ, დეოდორანტის გარშემო ატეხილი პანიკა არ ეფუძნებოდა არაფერ რეალურს და, სინამდვილეში, არანაირი დამადასტურებელი საბუთი, რომ ის (თუნდაც, ალუმინიანი) კიბოს ან სხვა დაავადებას იწვევს, არ არსებობს.
თუმცა, ბევრს დღემდე ჰგონია, რომ დეოდორანტი თუ არა, ალუმინი მაინც არის საშიში.
ამ აზრმა, ბუნებრივია, საქართველომდეც მოაღწია. მაგალითად, ჯანმრთელობის ჯგუფებში ხშირად წაიკითხავთ, რომ დეოდორანტის ყიდვის დროს აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ მათ შემადგენლობას და ვიყიდოთ მხოლოდ ისეთები, რომლებიც ალუმინს არ შეიცავენ.
თუმცა, გვინდა გაუწყოთ, რომ თუ მაინცდამაინც ალერგია არ გაქვთ ალუმინზე, შეგიძლიათ ნებისმიერი დეოდორანტი მშვიდად შეიძინოთ.