რა იწვევს გულყრას ბავშვებში?

რა იწვევს გულყრას ბავშვებში?

2020 / 04 ივლისი

ბავშვთა ასაკის გულყრის შესახებ ნებისმიერი ასაკის მშობელს გაუგია. მის შესახებ ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემა, რადგანაც გულყრა ის კრიტიკული მომენტია, როდესაც სწორი და დროული ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამისათვის კი აუცილებელია, კარგად გავერკვეთ, თუ რა იწვევს გულყრას ბავშვებში და როგორ გამოვლინდება იგი. 

 

გულყრის ეპიზოდის გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, თუმცა ჩვენ ბავშვთა ასაკის ყველაზე უფრო გავრცელებულ, ორ ძირითად მიზეზზე გავამახვილებთ ყურადღებას. ესენია: სხეულის მაღალი ტემპერატურა და ეპილეფსია.

 

სხეულის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ გულყრას ფებრილურს უწოდებენ. იგი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირი, მაგრამ მოულოდნელი პათოლოგიაა. სწორედ ამიტომ არის, რომ მშობლებს მცირეწლოვანი შვილის მაღალი სიცხე ყოველთვის განსაკუთრებით აღელვებთ.  როგორც წესი, მას, კარგი პროგნოზი და მომავალში განმეორებით განვითარების დაბალი რისკი ახასიათებს. აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (NIH) მიერ ფებრილური გულყრების კრიტერიუმებად მიჩნეულია: 

 

  • გულყრა, რომელსაც თან ახლავს სხეულის მაღალი ტემპერატურით (37,8℃) მიმდინარე დაავადება, ხოლო პატარას ასაკი კი ერთ თვეზე მეტია. უხშირესად, ფებრილური დაავადება 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ვითარდება; 
  • გამორიცხულია ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექცია;  
  • პაციენტს აქამდე აფებრილური გულყრის ეპიზოდი არ ჰქონია

ფებრილური გულყრა, ჩვეულებრივ, სხეულის მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადების ადრეულ ეტაპზე ვითარდება. ზოგჯერ ეს დაავადების პირველი სიმპტომიც კი შეიძლება იყოს. ფებრილურ გულყრათა ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპი ტონურ-კლონური კრუნჩხვაა. ამ დროს ბავშვი კარგავს გონებას, აღენიშნება სხეულის დაჭიმვა და კუნთების რითმული შეკუმშვა. ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს ენის მოკვნეტა და უნებლიე შარდვაც. თუმცა, ფებრილური გულყრის დროს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მხოლოდ ტონური კომპონენტის (ზურგის, ხელების და ფეხების კუნთების დაჭიმვა), ან მხოლოდ კლონური კომპონენტის (კისრის, სახის, ხელის კუნთების რიტმული, ბიძგისებური შეკუმშვები) განვითარებას. გულყრის ხანგრძლივობა, უმრავლეს შემთხვევაში, 5-6 წთ-ს არ აღემატება.

თავის მხრივს ფებრილური გულყრები ორ ჯგუფად, მარტივ და რთულ გულყრებად იყოფა. 

მარტივი ფებრილური გულყრის მახასიათებლები:  

  • ხანმოკლე მიმდინარეობა (ხანგრძლივობა არ აღემატება 15 წთ-ს);  
  • კრუნჩხვაში ჩართულია მთელი სხეული;  
  • 24 სთ-ში აღინიშნება გულყრის ერთი ეპიზოდი ან  მაღალი სიცხით მიმდინარე დაავადების განმავლობაში გულყრა მხოლოდ ერთხელ აღინიშნება;  

რთული ფებრილური გულყრის მახასიათებლები: 

  • კრუნჩხვაში ჩართულია სხეულის გარკვეული უბანი;  
  • ხანგრძლივი მიმდინარეობა (გრძელდება 15 წთ-ზე მეტ ხანს); 
  • გულყრის ერთ ეპიზოდზე მეტი 24 სთ-ის ან ფებრილური დაავადების ერთი პერიოდის განმავლობაში
  • გულყრა ვითარდება 38,5˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე; 

აუცილებლად უნდა გვახსოვდეს,  რომ ფებრილური გულყრა  ტვინის დაზიანებას არ იწვევს. ეს სამედიცინო მდგომარეობა ეპილეფსია არ არის. იგი კეთილთვისებიანი, ასაკდამოკიდებული პათოლოგიაა, რომელიც, როგორც წესი, კარგი პროგნოზითა და გამოსავლით ხასიათდება. 

ეპილეფსიური გულყრა ფებრილურთან შედარებით გაცილებით იშვიათია.  იგი თავის ტვინის ნეირონების ნორმალური აქტივობის დარღვევის შედეგად ვითარდება და ქრონიკულ ნევროლოგიური დაავადებად ითვლება. ეპილეფსია ასევე შეიძლება თავის ტვინის ნებისმიერი დაზიანების სიმპტომიც იყოს. ამიტომ, ექიმი გულყრის გამომწვევ ძირითად მიზეზს ყოველთვის სიღრმისეულად იძიებს. 

ეპილეფსიური გულყრა განმეორებადია და იგი შეიძლება კრუნჩხვითი ან არაკრუნჩხვითი იყოს. ეპილეფსიური გულყრების საერთაშორისო კლასიფიკაციით გამოყოფილია გულყრის ორი ძირითადი ტიპი – ფოკალური და გენერალიზებული.

  • ფოკალური ეპილეფსიური გულყრის დროს, თავის ტვინში ნეირონების პაროქსიზმული აგზნება ერთ ჰემისფეროს მოიცავს. იგი შესაძლოა, თავის ტვინის სხვა უბნებზე გავრცელდეს და კრუნჩხვით გულყრაში გადაიზარდოს. თავის მხრივ ფოკალური გულყრა ორი სახის არის: მარტივი და რთული. მარტივი ფოკალური გულყრის დროს შეტევა ნათელი ცნობიერების ფონზე მიმდინარეობს. რთული ფოკალური გულყრისას კი - დათრგუნული ცნობიერების ფონზე.

  • გენერალიზებული ეპილეფსიური გულყრის დროს ნეირონების პაროქსიზმული აგზნება სწრაფად ვრცელდება ან ერთდროულად აღმოცენდება ორივე ჰემისფეროში.

ეპილეფსიურ გულყრის სიმპტომატიკა მის სახეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად: ფოკალური ეპილეფსიური გულყრისას შეიძლება გამოვლინდეს შეგრძნებების, სუნის, გემოს შეცვლა, აღინიშნოს სპონტანური, უნებლიე შეკრთომები ხელში ან ფეხში. ცნობიერება შესაძლოა დაირღვეს ან დროებით დაიკარგოს. გაცილებით უფრო რთულია გენერალიზირებული ეპილეფსიური გულყრის სიმპტომატიკა, რომელიც 6 ძირითად ტიპად იყოფა:

  • აბსანსი –  ახასიათებს “გაშტერება” და მსუბუქი რხევა. იგი მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება და დღის განმვლობაში შეიძლება რამდენჯერმე გამეორდეს. ასევე მოსალოდნელია ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვაც.
  • ტონური გულყრა – იწვევს კუნთების დაჭიმვას. ამ დროს კრუნჩხვაში ძირითადად ზურგის, ხელების და ფეხების კუნთებია ჩართული. ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს ვარდნაც.
  • კლონური გულყრა – ხასიათდება კუნთების რიტმული, ბიძგისებური შეკუმშვებით. ძირითადად მოიცავს კისერს, სახეს, ხელებს.
  • მიოკლონური გულყრა – უეცარი, ხანმოკლე ბიძგები და შეკრთომები ხელებსა და ფეხებში.
  • ატონური გულყრა – ე.წ. “ვარდნის შეტევები”, რომელიც კუნთების კონტროლის დაკარგვის შედეგია. შესაძლებელია, ადამიანი ძირს უეცრად დაეცეს
  • ტონურ-კლონური გულყრა – გენერალიზირებულ კრუნჩხვებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება. ხასიათდება გონების დაკარგვით, სხეულის დაჭიმვითა და ბიძგებით, რასაც ზოგჯერ ახლავს ენის მოკვნეტა და უნებლიე შარდვა.

ხშირად ეპილეფსიურ შეტევას წინ უსწრებს სპეციფიკური სუბიექტური შეგრძნებები, როცა პაციენტი წინასწარ გრძნობს მოსალოდნელ გულყრას. ამას აურას უწოდებენ. როგორც წესი, ეპილეფსიური შეტევები რამდენიმე წუთს გრძელდება. მათი საშუალო ხანგრძლივობა 2-3წთ-ია. ხშირად იგი ყოველგვარი ჩარევის გარეშე სრულდება. ეპიზოდის დასრულებისთანავე პატარამ შეიძლება ჩაიძინოს, ხოლო გამოფხლიზლების შემთხვევაში იყოს დაბნეული, შეშინებული, ვერ ერკვეოდეს დროსა და სივრცეში.

ბავშვთა ასაკის ეპილეფსიის გამომწვევ მიზეზებს შორის არის: გენეტიკური ცვლილებები, თავის ტვინის სტრუქტურული ან მეტაბოლური ცვლილები. ზოგჯერ კონკრეტული გამომწვევის ზუსტი დადგენა ვერც კი ხერხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეპილეფსიის დიაგნოსტიკა რთული, საფეხურებრივი პროცესია. პაციენტის, მისი მშობლების და ზოგჯერ გულყრის შემსწრე მოწმეების გამოკითხვა შესაძლოა 2-3 საათი გაგრძელდეს. ზოგ შემთხვევაში სრული ანამზნეზის შესაკრებად რამდენიმე დღეც კი არაა საკმარისი. აღნიშნულ პროცესში წამყვანი როლი პედიატრებსა და ბავშვთა ნევროლოგებს უჭირავთ.

როგორ უნდა მოიქცე, თუ გულყრის ეპიზოდს შეესწარი:

  1.  შეინარჩუნე სიმშვიდე და არ ჩავარდე პანიკაში; 
  2.  ბავშვი დააწვინე გვერდზე, რათა თავიდან აიცილო ნერწყვის ან პირნაღები (ღებინების შემთხვევაში) მასების სასუნთქ სისტემაში მოხვედრა; 
  3. დარეკე 112-ზე.
  4. ეცადე პატარას ნეწყვი ან ან პირნაღები მასა ნაზად მოაშორო პირიდან; 
  5. თვალი ადევნე გულყრის ხანგრძლივობას; 
  6. ბავშვს არ მისცე რაიმე მედიკამენტი აბის ან კაფსულის სახით.

გულყრის ეპიზოდის დროს სასტიკად აკრძალულია:

  1. პირის ძალით გაღება - ეს სრულიად უსარგებლო და პოტენციურად საშიში მოქმედებაა, რამაც კბილების ჩამსხვრევა ან ქვედა ყბის ძვილის გატეხვაც კი შეიძლება გამოიწვიოს.
  2. ენის დაჭერა - ადამიანს ენა არ ეყლაპება! ამ ტერმინით ენის მიერ სასუნთქი გზების დახშობას აღნიშნავენ. ბავშვის გვერდზე დაწვენის შემდეგ ენა სასუნთ გზებს ვერ ახშობს. შესაბამისად, მისი ხელით დაჭერის საჭიროებაც არ არსებობს
  3. კბილებში მყარი საგნის ჩადება - ესეც პოტენციურად საშიში მოქმედებაა. შეკრული კრიჭის გახსნის აუცილებლობა არ არსებობს. კრუნჩხვის დასრულების შემდეგ კუნთები თავისით მოდუნდება და კრიჭაც გაიხსნება
  4. სახეზე შავი ნაჭრის გადაფარება - ესეც არაეფექტიანი ღონისძიებაა. სახეზე დაფარებულმა ქსოვილმა შეიძლება სუნთქვა გაართულოს
  5. ტკივილის მიყენება (ყურისს ბიბილოების ან თითების დაჩხვლეტა) - გულყრის ეპიზოდს მძლავრი ტკივილი არ აჩერებს. ორგანიზმისთვის ზედმეტი ტრავმატიზმი საზიანოა!



რეკომენდებული