რა საფრთხეს გვიქმნის ანტიბიოტიკების თვითნებურად მოხმარება?

რა საფრთხეს გვიქმნის ანტიბიოტიკების თვითნებურად მოხმარება?

2020 / 11 ივლისი

კორონავირუსის გამოჩენისთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO)  გამაფრთხილებელი განცხადება  გააკეთა: არ მიიღოთ ანტიბიოტიკები თვითნებურად, რადგანაც ისინი ვირუსების წინააღმდეგ უეფექტოა! ამ განცხადებიდან 6 თვის თავზე, WHO-მ კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, რომ ანტიბიოტიკების თვითნებური მოხმარება საზიანოა, ხოლო ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიები XXI საუკუნის მთავარ გამოწვევად შეიძლება იქცეს. 

 

ანტიბიოტიკების მიმართ ადამიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ხშირ შემთხვევაში მათ როგორც გადამრჩენს და ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე მყოფ მედიკამენტებად აღვიქვამთ. უდავოა, რომ ალექსანდერ ფლემინგის მიერ ამ საოცარი მედიკამენტის აღმოჩენა მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი მომენტი გახლდათ. მისი საშუალებით უამრავი ინფექცია დამარცხდა და მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. სწორედ ამიტომაც, ბევრისთვის ანტიბიოტიკის მიღება გამოჯანმრთელებასთან ასოცირდება. თუმცა, აღნიშნულ მედიკამენტს თავისი გამოყენების ვიწრო არეალი აქვს და მისი უმიზნო მოხმარება საზიანოც კი არის. 

 

ანტიბიოტიკებს ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ იყენებენ. მათი მოხმარება ვირუსით გამოწვეული დაავადებების დროს არაფრისმომცემია. სწორედ ამიტომაც, სეზონური გრიპის ან უბრალო გაციებისას მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. მიუხედავად ამისა, 2012 წელს აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ყოველ მესამე ამერიკელს მიაჩნდა, რომ ანტიბიოტიკები გაციების დროს ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანტიბიოტიკების ზედმეტ მოხმარებაში მხოლოდ პაციენტებს არ მიუძღვით წვლილი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გამოთვლებით, ექიმების მიერ დანიშნული ანტიბიოტოთერაპია 30% შემთხვევაში საჭირო არ არის. ამის მიზეზი “თავის დაზღვევის” არაჯანსაღი პრაქტიკაა, რა დროსაც მოსალოდნელი გართულებების შიშით, ექიმები პაციენტს ანტიბიოტიკს უნიშნავენ. ზოგჯერ კი უშუალოდ პაციენტი ითხოვს კატეგორიულად მედიკამენტის დანიშვნას. მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ ცხადია - ასეთ დროს ყველაზე მეტი ზიანი ისევ პაციენტსვე ადგება.

 

ანტიბიოტიკების უკონტროლო მოხმარება მის მიმართ გამძლე, ანუ რეზისტენტული ბაქტერიების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დროთა განმავლობაში, ბაქტერიები თერაპიისგან თავდასაცავ მექანიზმებს შეიმუშავებენ და ინფიცირების შემთხვევაში, ექიმი იძულებული ხდება პაციენტს სულ უფრო მეტად ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნოს. საბოლოო ჯამში ამ პროცესს ე.წ. “სუპერბაქტერიების” ჩამოყალიბებამდე მივყავართ. მეცნიერები ამგვარად ისეთ გამომწვევებს მოიაზრებენ, რომელთა წინააღმდეგაც, ამ ეტაპზე, ანტიბიოტიკები აღარ გაგვაჩნია. 

 

ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სუპერინფექციების გამო 700 000 ადამიანი იღუპება. ის ანტიბიოტიკები, რომლებიც ერთ დროს მათ ამ ინფექციის ადვილად დაძლევაში მიეხმარებოდათ, ახლა უკვე უძლურია. WHO-მ შესაბამისი მოხსენება წლის დასაწყისში უკვე გააკეთა და არსებული საფრთხის შესახებ კიდევ ერთხელ გააფრთხილა საზოგადოება. კიდევ უფრო მძიმე გახლდათ გაეროს პროგნოზი: თუკი აქედანვე კონტრზომებს არ მივმართავთ, სუპერინფექციები 2050 წლისთვის ყოველწლიურად 10 მილიონ სიცოცხლეს შეიწირავენ. 

 

ნათელია, რომ მზარდი სუპერინფექციები ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან ბავშვებს. სწორედ ამიტომაც, მშობლებმა თავი უნდა შეიკავონ პატარების თვითნებური მკურნალობისგან. CDC-ს მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევით ნათელი ხდება, რომ ანტიბიოტიკების თვითნებური მოხმარებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები ბავშვების საავადმყოფოში მოხვედრის მთავარი მიზეზია. 

 

ანტიბიოტიკების დანიშვნის შემთხვევაში, ექიმი ყოველთვის კრიტიკულად აფასებს მოსალოდნელი სარგებლისა და ზიანის ბალანსს. ყველა მედიკამენტის მსგავსად, ანტიბიოტიკებს ორგანიზმზე დამაზიანებელი ეფექტიც აქვთ. ამ მხრივ ყველაზე თვალსაჩინო მისი ნაწლავურ მიკროფლორაზე ზემოქმედებაა. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ზიანდება, რამაც შემდგომში, შესაძლოა, ქრონიკული ნაწლავის ანთებითი დაავადების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი. 

 

ახალი ანტიბიოტიკების შექმნა მარტივი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. მეცნიერებს ამ საქმეში უკვე ხელოვნური ინტელექტის დახმარებაც სჭირდებათ. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ამგვარად ანტიბიოტიკორეზისტენტობის დამარცხებას შეძლებენ. თუმცა, ეს განსაკუთრებით რთული იქნება, თუ ადამიანები მედიკამენტების მიმართა საკუთარ დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად არ შეცვლიან. ეს ბრძოლა კი თითოეული ჩვენგანიდან იწყება. 

 

აუცილებელია, რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია გავითავისოთ:

  • არ გამოიყენო ანტიბიოტიკები თვითნებურად
  • ავად გახდომის შემთხვევაში, ყოველთვის დროულად მიმართე ექიმს
  • დეტალურად გამოკითხე სამედიცინო სპეციალისტს ანტიბიოტიკების დანიშვნის აუცილებლობისა და მათი გვერდითი ეფექტების შესახებ





რეკომენდებული

როგორ ხარ?

როგორ ხარ?

2020 / 03 ივნისი

ფინეთში ხანმოკლე საუბარი არ არსებობს. თავისი სიტყვაძუნწობით ცნობილ ქვეყანაში ორ ადამიანს შორის მოკლე მისალმება და მოკითხვა ძალიან იაშვიათია. სწორედ ამიტომ, ამ სკანდინავიურ ქვეყანაში უცხო ადამიანს არასდროს ეკითხებიან “როგორ ხარ?”. თუ ეს კითხვა მაინც გაიჟღერებს, პასუხად აუცილებლად ამომწურავ პასუხს მიიღებენ.   თანამედროვე სალაპარაკო ენამ და ცხოვრების სწრაფმა რითმმა ამ კითხვას პირვანდელი მნიშვნელობა დაუკარგა და იგი უბრალო ფორმალობად აქცია. თუმცა, ყველაფერს შესაბამისი კონტექსტი აქვს - ექიმის მიერ ნაკითხი “როგორ ხარ” საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგანაც ეს პაციენტისა და მედიკოსის ურთიერთობის პირველი საფეხურია.