დაამარცხებს თუ არა პაპილომავირუსის ვაქცინა საშვილოს ყელის კიბოს?

დაამარცხებს თუ არა პაპილომავირუსის ვაქცინა საშვილოს ყელის კიბოს?

2020 / 25 ივლისი

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციის გამომწვევი გახლავთ. იგი სქესობრივი გზით, ინფიცირებული ადამიანის გენიტალიების კანთან, ლორწოვან გარსებთან, სეროზულ სითხეებთან კონტაქტისას ვრცელდება. სქესობრივად აქტიური ადამიანების დაახლოებით 50%, ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, ადამიანის პაპილომავირუსით ინფიცირდება. პაპილომავირუსული ინფექციების უმეტესობა (70% - 90%) უსიმპტომოდ მიმდინარეობს და 1-2 წელიწადში თავისთავად იკურნება. მიუხედავად ამისა, ქრონიკული მიმდინარეობისას, იგი შესაძლოა მძიმე დაავადებაში გადაიზარდოს. მაგალითად: ქალებში HPV-ს სპეციფიკური ონკოლოგიური ტიპით გამოწვეული ქრონიკული ინფექცია, ხშირად კიბოსწინარე დაზიანების მიზეზია. ზოგადად, ადამიანის პაპილომავირუსი ქალებსა და მამაკაცებში პირ-ხახის, ანალურ თუ გენიტალურ კიბოსთან და სხვა რიგ დაავადებებთან ასოცირდება.

 

პაპილომავირუსი განსაკუთრებული სიძლიერით მაინც ქალებს უტევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პაპილომავირუსით გამოწვეული კიბოების 84% საშვილოსნოს ყელის კიბოზე მოდის. ეს უკანასკნელი ქალთა კიბოებში, თავისი გავრცელების თვალსაზრისით, რიგით მეოთხეა. თუმცა, ვაქცინაციის დახმარებით ეს მონაცემები უახლოეს მომავალში კარდინალურად შეიცვლება. 

 

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის გავრცელებული შტამების მსგავს ნაწილაკებს შეიცავს. ამ უკანასკნელს ინფექციის გამოწვევა არ შეუძლია, თუმცა იმუნური სისტემა მათ პაპილომავირუსის მსგავსად უსწორდება. აღნიშნულის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები ორგანიზმს სამომავლო ინფექციისგან წარმატებით იცავს. იგი იმდენად ეფექტიანია, რომ ბევრმა ქვეყანამ HPV ვაქცინაცია სავალდებულო იმუნიზაციის კალენდარში შეიტანა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 9-დან 14 წლამდე ასაკის ყველა გოგონა პაპილომავირუსზე აუცილებლად უნდა აიცრას.

 

2019 წელს ჟურნალში The Lancet ვაქცინაციის ეფექტიანობის შემაჯამებელი მეტა-ანალიზი გამოქვეყნდა. ნაშრომი აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ ათობით სამეცნიერო კვლევას უყრიდა თავს და ჯამში 66 მილიონი ქალისა და მამაკაცის კლინიკურ შემთხვევებს აერთიანებდა. როგორც გაირკვა, იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციას 5 წელზე მეტია იყენებენ, თინეიჯერ გოგონებში პაპილომა ვირუსის გავრცელება 83%-ით,  ხოლო 20-24 წლის ქალებში - 66%-ით შემცირდა. თინეიჯერ ბიჭებში აღნიშნული დაავადების მაჩვენებელი განახევრდა, ხოლო ახალგაზრდა კაცებში - მესამედით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის შემდეგ არა მხოლოდ აცრილი ადამიანია დაცული, არამედ, გარკვეულწილად, მისი პარტნიორიც.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინაციის წყალობით საშვილოსნოს ყელის კიბოს სრულიად აღმოფხვრა შესაძლებელია. 

 

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ვაქცინაცია დრამატულად შეამცირებს ორალური სექსის შედეგად, HPV-თ გამოწვეულ პირის ღრუსა და ყელის კიბოს შემთხვევებსაც. ამ ავთვისებიანი სიმსივნის მაჩვენებლები განსაკუთრებით მაღალი მამაკაცებშია. 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, აშშ-ში  მამაკაცებში პაპილომავირუსით გამოწვეული ყელის კიბოს შემთხვევებმა, იგივე ვირუსით გამოწვეულ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს  რაოდენობრივად გადააჭარბა.

 

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იმდენად ეფექტიანი გამოდგა, რომ აშშ-ს წამლისა და სურსათის სააგენტომ (FDA) ვაქცინაციის ასაკი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამჟამად პაპილომავირუსზე აცრის გაკეთება 45 წლამდე ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასურველ ეფექტს თუნდაც ერთჯერადი იმუნიზაციაც კი იძლევა. 

 

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა - ხაზგასმით აღნიშნავს ამერიკის კიბოს ასოციაცია. მათი განცხადებით, მხოლოდ აშშ-ში 100 მილიონი ვაქცინაცია ჩატარდა და რაიმე სახის სერიოზულ ან ლეტალურ გართულებას ადგილი არ ჰქონია

 

საქართველოში 2017 წელს, წინა ორ წელთან შედარებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. აღნიშნულის შესახებ კიბოს პოპულაციური რეგისტრის შემაჯამებელი ანალიზიდან ვიგებთ. სწორედ 2017 წლიდან, საქართველოში იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) მხარდაჭერით, გოგონებისათვის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა ამოქმედდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ XXI საუკუნის მიწურულს, კაცობრიობა პაპილომავირუსთან ასოცირებულ სიმსივნეებს ვაქცინაციის დახმარებით სრულად დაამარცხებს. რა თქმა უნდა, ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. საბოლოო შედეგის მისაღწევად ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენის შესახებ ჩატარებული საგანმანათლებლო მუშაობაა საჭირო. ბევრ ქვეყანაში მსგავსი ელიმინაციის პროექტები უკვე დაწყებულია.  

რეკომენდებული