არიან თუ არა ქალები უფრო გაბედულები, როცა საქმე ექიმთან ვიზიტს ეხება?

არიან თუ არა ქალები უფრო გაბედულები, როცა საქმე ექიმთან ვიზიტს ეხება?

2020 / 19 ივნისი

ექიმთან ვიზიტი არავის უყვარს. როგორც ირკვევა, ამის განმაპირობებელი რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს:

  • დიაგნოზის შიში
  • ჯანსაღი ცხოვრების წესზე დამრიგებლური ლექციის მოსმენის შიში
  • ჯანმრთელობის პრობლემის გამო ექიმის მხრიდან განსჯის შიში

 

დიაგნოზის შიში უნივერსალურია როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. ხშირ შემთხვევაში ეს იმდენად მძლავრი მიზეზია, რომ უმრავლესობას ურჩევნია, საკმაოდ მწვავე სიმპტომებიც კი დაითმინოს, ოღონ ექიმს არ გაესინჯოს. საბოლოო ჯამში, ეს მდგომარეობის მნიშნველოვან დამძიმებს იწვევს.

 

ექიმის პირდაპირ მოვალეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება და მის მნიშვნელობაზე პაციენტთან საუბარიც შედის. თუმცა, არასწორი ინტონაციით ნათქვამი რეკომენდაცია, პაციენტის მხრიდან, შეიძლება დამრიგებლურ ლექციად იქნეს აღქმული. ასეთი სტილით გაცემულ რჩევას ფასი არ აქვს და ზოგჯერ პაციენტს განმეორებითი ვიზიტის ჩაგდებისკენ უბიძგებს. ხშირად ადამიანებს თავიანთი ჯანმრთელობის დაზიანებული მდგომარეობის გამო სინდისის ქეჯნა უჩნდებათ - მათ ეშინიათ, რომ ექიმების მხრიდან განსჯის საგნად არ იქცნენ. ამის თავიდან ასარიდებლად კი მარტივ გამოსავალს პოულობენ - გეგმიურ ვიზიტზე საერთოდ აღარ მიდიან. აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი შემთხვევები საეიქიმო ეთიკის უხეში დარღვევაა და იგი დასჯადი ქმედებაა. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა მეგობრული და მზურნველი გარემო შექმნას, რაც პაციენტს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანმდევი შფოთვის დაძლევაში დაეხმარება.

 

მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან ქალებისა და მამაკაცების ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული ქცევები. როგორც კლივლენდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, პროცენტულად კაცების უმეტესობა გამოხატული, შემაწუხებელი ჩივილების პირობებშიც კი არ მიმართავს ექიმს დახმარებისთვის. მეტიც - ბევრი მათგანი მზადაა მისთვის უსიამოვნო საყოფაცხოვრებო საქმის კეთება ითავოს, თუკი ეს კლინიკაში ვიზიტს თავიდან აარიდებს. ასეთი ქცევის მიზეზი შემდეგში მდგომარეობს:

  • მასკულინური კულტურა ექიმთან ვიზიტს სისუსტედ წარმოაჩენს
  • მამაკაცებს ექიმთან გეგმიური ვიზიტის კულტურა არ აქვთ

 

საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ბევრისთვის სისუსტის გამოვლინებად აღიქმება. ამიტომაც, კაცების უმრალესობა ჩივილებს მანამდე მალავს, სანამ ისინი აუტანელი არ გახდება. ამას სავალალო შედეგებამდე მივყავართ: მამაკაცების უმეტესობას ქრონიკული დაავადებები უყალიბდება, ხოლო გაუარესებული ჯანმრთელობა  სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

კაცებისგან განსხვავებით, ქალების უმეტესობა ექიმთან გეგმიური ვიზიტის კულტურას ახალგაზრდობიდანვე ეჩვევა. ადრეული გინეკოლოგიური გამოკვლევებისა და ონკოსკრინინგის ფარგლებში თვითგასინჯვის კულტურა, საბოლოოდ ექიმთან დროული ვიზიტების საწინადარია. თუმცა, აქ უფრო სხვა პრობლემა იკვეთება - ზოგჯერ ქალები ჯეროვან სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.

 

სამედიცინო კვლევების ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ ქალთა ორგანიზმის შესახებ წარმოდგენები ძალიან ზედაპირული გახლდათ. ისინი იშვიათად ხვდებოდნენ სხვადასხვა სამედიცინო კვლევაში, ხოლო ქალთა ჩივილები ადრეც და ახლაც ზოგიერთი სპეციალისტის მიერ სერიოზულად არ აღიქმება. რეალურად, ამას მძიმე შედეგებამდე მივყავართ - ქალების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგება. როგორც დგინდება, ხშირად არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საყურადღებო ჩივილები შეცდომით ემოციურ ფონს მიეწერება ხოლმე, რაც პაციენტში ქმნის განცდას, რომ ექიმს მისი არ ესმის. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შემდგომ გეგმიურ ვიზიტებზეც - კლინიკური კვლევები ცხადყოფს, რომ სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომების მიუხედავადად, ქალები ექიმს აღარ მიმართავენ, რადგანაც მათგან დახმარების იმედი არ აქვთ. ასევე არაპროპორციულია ტკივილის გაყუჩებაც, რადგანაც ექიმთა ნაწილს არასწორად მიაჩნია, თითქოს ქალებს უფრო მაღალი ამტანობა აქვს და ამიტომაც ანალგეზია არ ესაჭიროება. 

 

თუ ჩათვლი, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდი, შემდეგი მარტივი, პრაქტიკული რეკომენდაციები დაგეხმარება:

  • დააზუსტე, რამდენად შეესაბამება ექიმის გადაწყვეტილება გაიდლაინს

გაიდლაინები ხანგრძლივი და პოპულაციაზე გათვლილი კვლევის შედეგეად დგება და თანამედროვე სტანდარტებით მასში  სქესთა შორის განსხვავება გათვალისწინებულია. ჰკითხე ექიმს, რამდენად არის მისი რეკომენდაცია/დანიშნულება გაიდლაინით გამყარებული.

 

  • იყავი პირდაპირი

თუ განცდა გაქვს, რომ ექიმი ვერ იგებს შენ ჩივილებს, ან მას ზედმეტად ზედაპირულად უყურებს, არ მოგერიდოს და პირდაპირ უთხარი საკუთარი ეჭვის შესახებ. მოსთხოვე უფრო გულისყურით მოეკიდოს შენ ჩივილს და საპასუხო არგუმენტი მტკიცებულებით გაამყაროს.

რეკომენდებული