კოვიდის შემდგომი ჩივილები და მათი მართვა

კოვიდის შემდგომი ჩივილები და მათი მართვა

2021 / 29 ნოემბერი

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გადატანის შემდეგ ადამიანთა ნაწილს ზოგიერთი ჩივილი კიდევ დიდხანს ახსენებს თავს. ასეთ დროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 4-ზე მეტი კვირის განმავლობაშიც კი შეიძლება შენარჩუნდეს. ამის გამო ვირუსისგან თავისუფალი ადამიანი თავს სრულად გამოჯანმრთელებულად მაინც ვერ აღიქვამს. პოსტ-კოვიდური კლინიკური ჩივილები ორ ძირითად ჯგუფად, ფიზიკურ და ფსიქიკურ სიმპტომებად შეგვიძლია დავყოთ. 

 

ფიზიკურ ჩივილებს მიეკუთვნება:

 

  • ზოგადი საერთო სისუსტე
  • პერიოდულად სხეულის მაღალი ტემპერატურა
  • სუნთქვის გაძნელება
  • მუდმივი ხველა
  • სახსრებისა და კუნთების ტკივილი
  • ტკივილი გულმკერდის,ან მუცლის არეში
  • დიარეა
  • სმენისა თუ მხედველობის დარღვევები
  • თავის ტკივილი
  • გულის ფრიალი 
  • ყნოსვისა და გემოს ხანგრძლივი დაკარგვა
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა

ფსიქიკურ სიმპტომებში მოიაზრება:

 

  • დეპრესია
  • შფოთვა
  • გონების დაბინდვა
  • პოსტ-ტრავმული დისტრეს სინდრომი
  • კონცენტრაციის დაქვეითება
  • ხასიათის ცვლილებები
  • ძილის დარღვევა

 

ეს ჩივილები ფიზიკურ ან ფსიქიკურ აქტივობასთანაც შეიძლება იყოს კავშირში და შესაბამისი დატვირთვისა თუ სტრესის ფონზე უფრო მწვავედაც გამოვლინდეს. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, რთული გასარკვევია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ადამიანი COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულად ჩაითვალოს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ჩივილების შენარჩუნების შემთხვევაში ადამიანებს რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროებათ. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში კლინიკური ჩივილები ხილული ზიანის გარეშე ალაგდება ხოლმე, არის აღწერილი შემთხვევები, როცა მწყობრიდან შინაგანი ორგანოების მთელი სისტემები გამოდის. ამ რისკის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოსტ-კოვიდ ჩივილების ინტერპრეტაცია საკუთარ თავზე ექიმმა აიღოს, რათა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო ეფექტიანად მოახერხოს. სპეციალისტის დანიშნული ლაბორატორიული ანალიზების (მაგ. სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, C-რეაქტიული ცილის რაოდენობრივი განსაზღვრა და ა.შ) გაკეთება კი სახლის პირობებში, სასურველი ლაბორატორიის შინ გამოძახებითაც არის შესაძლებელი

 

პანდემიის გამოცხადების დღიდან მოყოლებული, ტელემედიცინა ქრონიკული დაავადებების მენეჯმენტის საკვანძო ინსტრუმენტად იქცა. დისტანციურმა ვიდეო და სატელეფონო კონსულტაციებმა პაციენტებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება ჯერ კიდევ მაშინ მისცა, როცა სახლიდან გარეთ გასვლაც კი მკაცრად შეზღუდული იყო. ამას გარდა, ექიმთან ონლაინ-კავშირი ნებისმიერ დისტანციაზეა მოსახერხებელი, რაც ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას ყველასთვის ხელმისაწვდომსა და ოპერატიულს ხდის. 

 

 

პოსტ-კოვიდ ჩივილებისგან გამოსავლის ძიება ძალიან ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და სამწუხაროდ, მისგან განკურნების ერთიანი ფორმულა ჯერ კიდევ არ გვაქვს. სპეციალისტები პაციენტებს ურჩევენ, რომ ფიზიკურ დატვირთვას ეტაპობრივად შეეჩვიონ, თავიანთ ორგანიზმს ყური დაუგდონ და მას ზედმეტად არაფერი დააძალონ. ამ პოტენციური გართულებების პრევენციის საუკეთესო გზა კორონავირუსით ინფიცირებისგან თავის დაცვაა. ამის ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალება კი დროული ვაქცინაცია და პრევენციული ზომების ჯეროვანი დაცვაა

 

რეკომენდებული