როგორ გამოვიყენოთ პირბადე სწორად?

როგორ გამოვიყენოთ პირბადე სწორად?

2020 / 02 ოქტომბერი

სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოება პირბადის ტარების მნიშვნელობაზე კორონავირუსის გამოჩენის დღიდან საუბრობს. შემდგომმა კვლევებმა მისი საკვანძო მნიშვნელობა კიდევ უფრო უკეთ გამოკვეთა. როგორც დგინდება, სწორად გამოყენებული პირბადე, ჯერ-ჯერობით, ერთ-ერთი ყველაზე კარგი თავდაცვის საშუალებაა.

 

დახველებისას, დაცემინებისას თუ საუბრისას ჩვენ გარემოში რესპირატორულ წვეთებს გამოვყოფთ. პირბადის ტარების ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ჰაერში გამოყოფა შევამციროთ. ჩვენ ამგვარად ვიცავთ ირგვლივ მყოფებს და შესაბამისად, თუ ნიღაბს ყველა ატარებს - ჩვენც დაცულები ვიქნებით.

 

რა თქმა უნდა, მხოლოდ პირბადის ტარება პანდემიასთან ბრძოლის სხვა პრევენციულ საშუალებებს არ ანაცვლებს. მის ეფექტიანობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელების საპნით ხშირი დაბანა და სოციალური დისტანციის შენარჩუნება. როგორც კვლევებით ირკვევა, ამ ღონისძიებების ერთდროული გამოყენება კორონავირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

 

ერთი რამ ცალსახაა: ნიღბის ეფექტიანობა მისი მოხმარების წესების ზუსტ და სრულ დაცვაზეც არის დამოკიდებული.

 

ამ ბლოგში დეტალურად აღვწერთ, თუ როგორ უნდა გამოიყენო პირბადე სწორად:

 

●     პირბადის გაკეთებამდე ხელები საპნით დაიბანე ან სანიტაიზერით დაიმუშავე

 

ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ საპნით ხელების დაბანა (გამდინარე წყლით, მინიმუმ 20წმ განმავლობაში) კორონავირუსს ანადგურებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე გაკეთებამდე ვირუსებით ან ბაქტერიებით არ “დავსვაროთ”.

 

უშუალოდ პირბადეს არ უნდა შეეხო - იგი ზონრის საშუალებით უნდა აიღო და კარგად დაათვალიერო, რომ მის უდეფექტობაში დარწმუნდე. თუ პირბადის მთლიანობა დარღვეულია, მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

 

●     სახეზე მჭიდროდ მორგებული პირბადე ცხვირისა და პირის მიდამოს უნდა ფარავდეს

 

პირბადის გაკეთების შემდგომ უნდა დარწმუნდე, რომ იგი ცხვირისა და პირის მიდამოს მჭიდროდ ეკვრის. მისი ცხვირზე ფიქსაციისთვის ნიღაბს სპეციალური პლასტმასის ფირფიტა აქვს, რომელიც მის ცხვირზე დამაგრებაში გეხმარება.

 

ნიკაპზე ჩამოწეული პირბადე, რომელიც ცხვირს არ ფარავს, არაეფექტიანია!

●     მოხმარებისას არ შეეხო პირბადეს

 

ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად უგულებელყოფილი წესია. პირბადეს ზოგჯერ ინსტიქტურად ვეხებით, ზოგჯერ კი გასწორების მიზნით. ეს ქცევა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, რადგანაც ასეთ დროს ვირუსის გავრცელებისა და დაინფიცირების რისკი იზრდება. პირბადესთან შეხების შემთხვევაში რეკომენდირებულია ხელების საპნით დაბანა ან სანიტაიზერით დამუშავება.

●     პირბადე დაბინძურებისთანავე შეცვალე

 

ქირურგიული ნიღაბი თავისი არსით ერთჯერადი მოხმარების ნივთია. შესაბამისად, იგი ერთხელ გამოყენების შემდეგ უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ტარება ეფექტიანი ვერ იქნება.

●     ნიღბის მოხსნისას არ შეეხო მის ზედაპირებს. გადაგდებისთანავე  ხელები საპნით დაიბანე ან სანიტაიზერით დაიმუშავე

 

ნიღბის ორივე ზედაპირი “დასვრილად” ითვლება. ხელების დაბინძურებისგან თავდასაცავად, მისი მოხსნა ზონრებიდან იმგვარად არის რეკომენდირებული, რომ ხელები ნიღბის არც წინა და არც უკანა ზედაპირს არ უნდა შეეხოს. პირბადის მოხსნისთანავე ხელები საპნით, გამდინარე წყალში უნდა დაიბანო ან სანიტაიზერით დაიმუშავო.

 

გახსოვდეს: ნიღბის ტარება ეფექტიანია მხოლოდ ხელების დაბანასთან ან მისი სანიტაიზერით დამუშავებასთან ერთად

 

“როგორც CDC-ის დირექტორი, ვამბობ, რომ პირბადე ამჟამად საზოგადო ჯანდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. იგი ჩვენი თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა”, - აღნიშნა რობერტ რედფორდმა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა. მისი აზრით, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მას ვაქცინაც კი ვერ ჩაანაცვლებს. როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად დარჩება.

 

რეკომენდებული