5 შემთვევა, რა დროსაც ტელემედიცინა საუკეთესო გადაწყვეტილებაა

5 შემთვევა, რა დროსაც ტელემედიცინა საუკეთესო გადაწყვეტილებაა

2021 / 19 ნოემბერი

კორონავირუსის პანდემიის დაწყების დღიდან მოყოლებული ტელემედიცინა სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში. უეცრად აღმოცენებულმა ჯანდაცვის კრიზისმა ტელემედიცინის გამოყენება ჩვეულებრივ ყოველდღიურობად აქცია. მაგალითისათვის: აშშ-ში ტელემედიცინის პრაქტიკული გამოყენება წინა წელთან შედარებით 38-ჯერ გაიზარდა

 

ამჟამინდელ მოცემულობაში განსაკუთრებული დატვირთვა ჯანდაცვის პირველად რგოლზე მოდის. ტელემედიცინამ სპეციალისტებთან კომუნიკაცია განსაკუთრებით კომფორტული და ერგონომიული გახადა - მცირდება ექიმთან ფიზიკური ვიზიტისთვის დახარჯული დრო და იკლებს გასინჯვის წინა შფოთვაც.

 

რა შემთხვევებშია ტელემედიცინა განსაკუთრებით მოსახერხებელი?

 

 

  • კორონავირუსით ინფიცირების საეჭვო ნიშნები

 

 

მიმდინარე პანდემიის პირობებში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ჩივილის დროს ჩვენი გონება ავტომატურად კორონავირუსით ინფიცირებისკენ გვიბიძგებს. ასეთ დროს კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია ადამიანს დროული და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ოჯახის ექიმთან ვიდეო კონსულტაცია მინიმუმამდე ამცირებს ფიზიკური კონტაქტის საჭიროებას და ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკსაც. ოჯახის ექიმი ზუსტად გეგმავს სადიაგნოსტიკო გამოკვლევებს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს თვითნებურად ჩატარებული (ზოგჯერ სრულიად არასაჭირო) ანალიზების ხარჯი. რაც ყველაზე მთავარია: ტელემედიცინის დახმარებით ადამიანს საშუალება ეძლევა ჯეროვანი სამედიცინო დახმარება იმ შემთხვევაშიც კი მიიღოს, თუ იგი მოცემულ მომენტში ქვეყნის შიგნით არ იმყოფება.

 

 

  • სეზონური გრიპისა და უბრალო გაციების საეჭვო ნიშნები

 

 

საქართველოში შემოდგომის მეორე ნახევრიდან გაზაფხულის შუა პერიოდამდე გრიპის სეზონია. ამჟამად ცირკულაციაში მყოფი კორონავირუსის დელტა-ვარიანტი თავისი კლინიკური სიმპტომატიკით ძალიან ჰგავს სეზონურ გრიპს, რის გამოც მათ დროულ დიაგნოსტირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამ პერიოდში ავად გამხდარი ადამიანები გაურკვევლობაში ვარდებიან ხოლმე: “ეს რესპირატორული ჩივილები კორონავირუსით არის გამოწვეული, თუ გრიპით? ან იქნებ სულაც უბრალოდ გავცივდი?”. ასეთ შემთხვევაში ოჯახის ექიმთან ვიდეო ან სატელეფონო კონსულტაცია ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.

 

  • ლოკალური, მსუბუქი ალერგიული რეაქციების დიაგნოსტირება

 

 

ამერიკის ალერგიისა და ასთმის ფონდის თანახმად, ალერგია ზრდასრული მოსახლეობის 30%-ს, ხოლო ბავშვების 40%-ს უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. ტელემედიცინა მარტივი, ლოკალური ალერგიული რეაქციების დიაგნოსტირებისა და მენეჯმენტის საშუალებას იძლევა. რა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი სპეციფიკური ტესტების ჩატარება ხდება აუცილებელი, რაც კლინიკაში ფიზიკურ ვიზიტსაც მოიაზრებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ალერგოლოგთან ონლაინ-კონსულტაცია არამხოლოდ პირველადი, ვიზუალური დიაგნოსტირებისათვის, არამედ დანიშნული მედიკამენტური თუ ლოკალური თერაპიის შესაფასებლადაც მოსახერხებელია

 

 

  • ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მონიტორინგი

 

 

ოჯახის ექიმებს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან რეგულარული კონტაქტი უწევთ, რა დროსაც ისინი დეტალურად იკვლევენ დაავადების დინამიკას, გეგმავენ საჭირო გამოკვლევებს და აკონტროლებენ მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობას. ასეთი პაციენტების მენეჯმენტი ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ კონტაქტს არც კი საჭიროებს. ტელემედიცინის დახმარებით მცირდება ექიმთან ვიზიტის თანმდევი შფოთვა, რაც ზოგჯერ პაციენტებს ვიზიტის გამოტოვებისკენაც კი უბიძგებს, რასაც შემდგომში შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვეს. 

 

 

  • მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა

 

 

მენტალურ ჯანმრთელობას პანდემიის თანმდევმა სტრესმა განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა. საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული ტაბუ შესაბამისი დახმარების მიღებას ბევრი ადამიანისთვის არაკომფორტულსა და მიუწვდომელს ხდის. მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტები ონლაინ-კონსულტაციებს აქამდეც აქტიურად იყენებდნენ და როგორც კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს, ძალზედ ეფექტურადაც. არის მოლოდინი, რომ სამომავლოდ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჰიბრიდულ სახეს მიიღებს, სადაც ტელემედიცინა დიდ ადგილს დაიკავებს


 

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ტელემედიცინის მომხმარებელთა უმეტესობა გაწეული ონლაინ-დახმარებით კმაყოფილია და როგორც ირკვევა, ეს განცდა ორმხრივია - იგივე აზრზეა სამედიცინო საზოგადოებაც. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტივი ხდება, როცა შენი ჯანმრთელობა შენსავე ხელშია. 



რეკომენდებული