პანდემიის გამოწვევები და უსაფრთხო ორსულობა
2020 / 12 მაისი
COVID-19-ის პანდემიის პარალელურად ორსულებში ნაყოფის ჯანმრთელობაზე შფოთვამ იმატა. მეან-გინეკოლოგები რეგულარულად ანახლებენ თავიანთ რეკომენდაციებს, რათა მკაფიო კომუნიკაციით ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გასცენ.
ორსულობის მიმდინარეობის თანმდევ სტრესს მშობიარობის შემდგომი სიხარული გადაწონის - ხშირად ამ სიტყვებით ამშვიდებენ მეან-გინეკოლოგები თავიანთ პაციენტებს. თუმცა, მიმდინარე პანდემიამ ეს მოცემულობა მკვეთრად შეცვალა. ამის ფონზე გასაკვირი აღარაა, რომ ორსულებში ნაყოფის ჯანმრთელობაზე შფოთვამ მნიშვნელოვნად იმატა.
- როგორ უნდა დაიცვას თავი ორსულმა კორონავირუსით ინფიცირებისგან?
ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგიის რეკომენდაციები ორსულთათვის ასეთია:
- დარჩი სახლში, რამდენადაც ეს შეგიძლია
- მოერიდე ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს
- დაიცავი 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია
- რეგულარულად დაიბანე ხელი საპნით, მინიმუმ 20წმ-ის განმავლობაში
- თუ ხელის დაბანას ვერ ახეხებ, დაიმუშავე მინიმუმ 60% ალკოჰოლის შემცველობის მქონე სადეზინფექციო საშუალებით
- მოერიდე ხელის თვალებზე, ცხვირსა და პირზე მიდებას
სტანდარტული რეკომენდაციების გარდა, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, ორსულებმა საჯარო სივრცეში მოხვედრისას აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე. უსაფრთხოების ასეთი ზომები მათ არამარტო Covid-19-ისგან, არამედ სხვა ვირუსული ინფექციებისაგანაც დაიცავს.
- იზრდება თუ არა ორსულობისას Covid-19-ის გართულებების ალბათობა?
ამ თვალსაზრისით ბოლო კვლევა დამაიმედებელია. ორსულთა ინფიცირების შემთხვევაში შესაძლო გართულებების ალბათობა ისეთივეა, როგორიც სხვა ახალგაზრდა ადამიანებში - ვკითხულობთ ამერიკის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მოდუნების უფლებას არავის აძლევს. საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, აუცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ მეან-გინეკოლოგს, რადგანაც დაავადების პნევმონიით გართულებული მიმდინარეობის დროს ნაადრევი მშობიარობაა მოსალოდნელი.
- გადაეცემა თუ არა ვირუსი ნაყოფს?
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოსაზრებით, ვირუსის დედიდან ნაყოფზე გადაცემა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ჩინეთში აღწერილი ახალშობილების დაინფიცირების შემთხვევები ექიმებს საფიქრალს უჩენს - მათ ზუსტად არ იციან, როდის გადაედოთ ჩვილებს ვირუსი: მუცლად ყოფნის პერიოდში თუ დაბადების შემდგომ. ამიტომაც, ექიმები რესპირატორული ვირუსული ინფექციების შესახებ არსებული ზოგადი ცოდნით ხელმძღვანელობენ - ასეთ შემთხვევაში ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მცირეა.
- უნდა შემცირდეს თუ არა კლინიკაში ექიმთან ვიზიტების რაოდენობა?
ესპერტთა მოსაზრებით, უპრობლემოდ მიმდინარე ორსულობის შემთხვევაში, მეან-გინეკოლოგთან ფიზიკური ვიზიტების რაოდენობა უნდა შემცირდეს და იგი ონლაინ კონსულტაციით ჩანაცვლდეს.
„Covid-19 პანდემიის დროს, დაბალი რისკის ჯგუფში მყოფ ორსულებს ექიმთან ფიზიკურ ვიზიტს ორსულობის მე-12, მე-20, 28-ე და 36-ე კვირაში ვურჩევთ“ - აღნიშნა ვინჩენცო ბერჯელიამ, ამერიკის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა.
- ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, საკეისრო კვეთა ხომ არ არის მიზანშეწონილი?
არა. საკეისრო კვეთას თავისი სამედიცინო ჩვენება აქვს და კორონავირუსით ინფიცირება (ან ეჭვი შესაძლო ინფიცირებაზე) ამ სამედიცინო ჩვენებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, საკეისრო კვეთის შეთავაზება იმ მოტივით, რომ ასეთ დროს დაინფიცირების რისკი შემცირდება, არასწორია.
ჯანმრთელობის მსფოლიო ორგანიზაციის განცხადებით, მშობობიარობის პროცესი სრულად ინდივიდუალური საკითხია და სამეანო ჩვენების გარდა, იგი ორსულის პირად პრეფერენციაზეა დამოკიდებული.
- უსაფრთხოა თუ არა ძუძუთი კვება?
ამ საკითხზე ნერვიულობა არ ღირს - ძუძუთი კვება სრულიად უსაფრთხოა. არსებული კვლევები მიუთითებს, რომ ვირუსი დედის რძით არ ვრცელდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დედა კოვიდ-ინფიცირებულია, მან ზოგადი პროფილაქტიკური წესები უნდა დაიცვას- სახე და ხელები აუცილებლად საპნით დაიბანოს, ხოლო ძუძუთი კვებისას პირბადე ეკეთოს. ექიმთა ნაწილი ასეთ დროს რძის გამოსაწველი მექანიკური საშულებების შეძენასაც ურჩევს პაციენტებს. ამგვარად პატარასთან ფიზიკური კონტაქტი მცირდება, მაგრამ ის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რძის გარეშე არ რჩება.
ორსულებს ამ მძიმე, სტრესულ პერიოდში განსაკუთრებული გაფრთხილება და გვერდში დგომა სჭირდებათ. შფოთთან გასამკლავლებლად ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგია მარტივ, მაგრამ ეფექტიან რეკომენდაციას გასცემს: ჩაისუნთქე 4 წამის განმავლობაში, შეიკავე სუნთქვა 7 წამით და ამოისუნთქე 8 წამის განმავლობაში. ასეთი სუნთქვითი ვარჯიშები ყოველდღიურად, დღეში 3-ჯერ გაკეთე.