რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ კონსულტაციამდე?

რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ კონსულტაციამდე?

2020 / 07 მაისი

ტექნოლოგიურმა პროგრესმა ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის კლასიკურ მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი პანდემიის პერიოდში გახდა, როდესაც ექიმებთან ვიზიტები გართულდა და სამედიცინო პერსონალი დისტანციურ, ონლაინ-კონსულტაციებზე გადაეწყო.

 

ამის მიზეზი მედპერსონალის გადატვირთვა და ზედმეტი „ადამიანური კონტაქტის“ შემცირებით ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლა გახლდათ. აშშ-ში სამედიცინო პერსონალი პაციენტების მიღების დისტანციურ მოდელზე გადაერთო - სატელეფონო კონსულტაცია და ვიდეო-ზარით დიაგნოსტირება ახალ მოცემულობად იქცა. ეს ამ სფეროს დაფინანსებაზეც აისახა: კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ პანდემიასთან ბრძოლის დისტანციური პროგრამისთვის 200 მილიონი დოლარი გამოყოთუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედიკოსთა ნაწილისთვის ეს სრულიად ახლებური ტიპის გამოწვევა აღმოჩნდა. ამის მიზეზი ძალიან მარტივია: ონლაინ კონსულტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები უნივერსიტეტში არ ისწავლება.

 

ონლაინ კონსულტაციის თითოეულ სახეს (სატელეფონო ზარი, ვიდეო-კონსულტაცია, მეილით მიმოწერა) თავისი უპირატესობა და შეზღუდვები აქვსრა თქმა უნდა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს სრულყოფილი დიაგნოსტირების შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ხაზგასმით აღვნიშნოთ: თუ ონლაინ კონსულტაცია პაცინტის დიაგნოსტირების საშუალებას სრულად ვერ იძლევა, ექიმმა აუცილებლად უნდა დაიბაროს პაციენტი შემოწმებაზე ან გადაამისამართოს საჭირო კვლევაზე. ეს შეგვიძლია დისტანციური კონსულტაციის ერთ-ერთ პრივილეგიათაც მივიჩნიოთ, რადგან გვაძლევს საშუალებას, კლინიკაში მისვლის გარეშე გავიგოთ ჩასატარებელი კვლვების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში დაგეგმოთ ფიზიკური ვიზიტი.

 

სამედიცინო პერსონალის თითოეულ შეკითხვას თავისი სადიაგნოსტიკო დანიშნულება აქვს, ხოლო გამოკითხვას-შესაბამისი სტრუქტურა. ამის წინასწარ ცოდნა ექიმთან კონსულტაციის შიშს დაგაძლევინებს.

 

ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები ონლაინ კონსულტიას უფრო მოსახერხებელსა და შედეგიანს გახდის პაციენტებისა და ექიმებისთვის.

 

რა უნდა გაითვალისწინო, სანამ ექიმთან ონლაინ კონსულტაციას გაივლი:

  • მოამზადე ინფორმაცია შენს შესახებ

ექიმს საუბრისას გარკვევით უთხარი შენი სახელი, გვარი და ასაკი. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, დაგჭირდეს საკუთარი წონისა და სიმაღლის დაზუსტებაც. წინასწარ გაიზომე სხეულის ტემპერატურა, პულსი და არტერიული წნევა - პირველადი გასინჯვისას ეს მონაცემები რუტინული გამოკვლევაში შედის.

 

  • გარკვევით ჩამოაყალიბე საკუთარი ჩივილები

უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ დაწერ კონკრეტულად რა გაწუხებს, რამდენი ხანია რაც ეს ჩივილი გაქვს და რას უკავშირებ მის გაჩენას. ეს შენი ე.წ. „მთავარი ჩივილია“, რის გამოც ექიმს უკავშირდები და მას ძალიან დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ არაფერი გამოგრჩეს. წერის პროცესი ამაში დიდ დახმარებას გაგიწევს.

 

  • მიაწოდე ექიმს დამატებითი ინფორმაცია საკუთარი მდგომარების შესახებ

შესაძლოა, მთავარი ჩივილის გარდა სხვა სიმპტომებიც გაქვს, რომლებსაც საკუთარ მდგომარეობას ვერ უკავშირებ, მაგრამ ექიმისთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს. როგორც წესი, სწორედ ამას ემსახურება მედიკოსის მიერ დასმული კითხვებიც - იგი ამგვარად ცდილობს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული წარმოდგენა შეიქმნას. ამ შემთხვევაშიც, ჩივილების ჩამოწერა დიდ დახმარებას გაგიწევს.

 

  • გაიხსენე ადრე გადატანილი დაავადებები და ჩატარებული მკურნალობა

ზოგჯერ ამას დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობა აქვს. მოსახერხებელი იქნება, თუ ონლაინ კონსულტაციამდე ინფორმაციას ჩაინიშნავ გადატანილ დაავადებებსა და მათი მკრუნალობის შესახებ. თუ შესაბამისი დოკუმენტაციაც გაქვს, აუცილებლად მოიძიე - შესაძლოა მათი გადაგზავნა დაგჭირდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არ დაგავიწყდეს ალერგიული რეაქციებისა და მავნე ნივთიერებების მოხმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

  • არ შეიკავო თავო შეკითხვების დასმისგან

ხშირად ექიმები პაციენტებს რთული სამედიცინო ტერმინოლოგიით ესაუბრებიან. ასეთ დროს სპეციალისტს შეახსენე, მარტივი და გასაგები ენით გესაუბროს. ეს საშუალებას მოგცემს, უკეთ გაერკვე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და დამატებითი კითხვებიც გაგიჩნდეს, რომელსაც იქვე გაეცემა პასუხი.

 

 

 


ონლაინ კონსულტაციები ეტაპობრივად გააქრობს ბევრ ისეთ დაბრკოლებას, რის გამოც ექიმთან ვიზიტისგან თავს იკავებ. მისი დახმარებით საშუალება გექნება მკურნალ ექიმთან მუდმივ კავშირზე იყო და სამედიცინო დახმარება დროულად მიიღო. როგორც ამჟამინდელი მდგომარეობა ცხადყოფს, ონლაინ-მედიცინა ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში ექიმის კაბინეტთან რიგში დგომა ეტაპობრივად წარსულს ჩაბარდება.

 

რეკომენდებული