როგორ ავიცილოთ თავიდან სითბური დარტყმა?
2020 / 18 ივლისი
ზაფხულის დადგომასთან ერთად სითბური დარტყმის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. გარემოს ტემპერატურის მომატების პარალელურად, შესაძლოა, განვითარდეს ჰიპერთერმია ანუ სხეულის ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატოს. სწორედ ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა სითბური დარტყმა.
გარემოს ტემპერატურის მატებაზე საპასუხოდ, ჩვენი ორგანიზმი გადახურებისგან თავდაცვას იწყებს. ამისათვის იგი სხეულის წარზიდულ ნაწილებში (ხელებსა და ფეხებში) სისხლის მიდინებას ზრდის, რაც მას ტემპერატურის ხელოვნურ დაწევაში ეხმარება. ამ პროცესს თან სდევს ოფლის გამოყოფაც, რა დროსაც ჩვენი ორგანიზმი ჭარბ სითბოს სითხის აორთქლების გზით გასცემს. სწორედ ამ პროცესის შეფერხების შედეგად ირღვევა თერმორეგულაცია, რასაც ორგანიზმის გადახურება და სითბური დარტყმა მოსდევს.
სითბური დარტყმის სიმპტომებია:
- სხეულის მაღალი ტემპერატურა
- ცნობიერების ან ქცევის შეცვლა
- ჩქარი და ზედაპირული სუნთქვა
- აჩქარებული გულისცემა
- თავის ტკივილი
- ოფლიანობის დარღვევა
- გულისრევა და პირღებინება
- კანის შეწითლება
სითბური დარტყმა ყველასთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფში არიან: 75 წელს გადაცილებული ასაკოვანი ადამიანები, გულის, ფილტვებისა თუ თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონეები, დიაბეტით, პარკინსონით დაავადებულები. სითბური დარტყმის ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო გარემო უშუალოდ მზის გულზეა.
სითბური დარტყმის თავიდან ასარიდებლად რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინო:
- თავი აარიდე მზის პირდაპირ სხივებს
ეცადე, რომ შუადღის სიცხეს თავი მაქსიმალურად აარიდო. ზაფხულის პერიოდში რეკომენდირებულია, 11:00-17:00 შუალედში გადახურულ, კარგად ვენტილირებულ, გრილ შენობაში დარჩე. თუ გარეთ გადაადგილება მაინც გიწევს: დარჩი ჩრდილში, თავი დაიფარე ქუდით ან ქოლგით, გამოიყენე მზისგან დამცავი კრემი და აუცილებლად თან იქონიე წყალი.
- რეგულარულად მიიღე სითხე
ორგანიზმი ტემპერატურას ოფლის გამოყოფით და მისი აორთქლებით კარგავს. ადვილი მისახვედრია, რომ ამ პროცესის მიმდინარეობისას ორგანიზში მოცირკულირე სითხის რაოდენობა მცირდება. აღნიშნულის გამო სისხლის კონცენტრაცია იზრდება, რის გამოც გულს დამატებით, უფრო აქტიურად უწევს მუშაობა. ამიტომაც, მაღალი ტემპერატურის დროს, ორგანიზმისთვის ყველაზე კარგი დახმარება მისი სითხით მომარაგებაა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შაქრის შემცველი უალკოჰოლო, გაზიანი სასმელი დეჰიდრატაციის პრობლემას ვერ ებრძვის, ხოლო კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელი ერთი შეხედვით თითქოს წყურვილს კლავს, მაგრამ სინამდვილეში დეჰიდრატაციას აღრმავებს.
- შეინარჩუნე სიგრილე
აირ-კონდიციონერის პირობებში სასურველი ტემპერატურის შენარჩუნება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. იგი სითბურ დარტყმასთან ბრძოლაში ჭეშმარიტად ეფექტიანი საშუალებაა. მის გარეშე სასურველი, დაბალი ტემპერატურის შენარჩუნება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. დახურული ფანჯრები და ჩამოფარებული ფარდები საცხოვრებელ სივრცეს გადახურებისგან იცავს. ფანჯრების გაღება ასეთ დროს არაეფექტიანია - სახლში ცხელი ჰაერის ნაკადის შემოსვლა ტემპერატურას დაბლა ვერ დასწევს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ეფექტიანი ღამით არის, როცა გარემოს ტემპერატურა მნიშვნელოვნად მცირდება.
ვენტილატორი სიცხესთან ბრძოლაში გამოცდილი და ძალიან ეფექტური საშუალებაა, მაგრამ მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ გარემოს ტემპერატურა ჩვენი სხეულის ტემპერატურაზე დაბალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი უბრალოდ ცხელ ჰაერს უშვებს ცირკულაციაში, რამაც, შესაძლოა, სითბური დარტყმის პროვოცირება გამოიწვიოს.
- სწორად შეარჩიე ტანსაცმელი
გარემოს მაღალი ტემპერატურა ავტომატურად უფრო ნაკლებ ტანსაცმელს არ ნიშნავს. ასეთ დროს სხეულის დიდი ნაწილი, შესაძლოა, მზის პირდაპირი სხივებისგან დაუცველი აღმოჩნდეს. შესაბამისად, ტანსაცმლის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია, როგორც ორგანიზმის თბორეგულაციისთვის, ასევე მისი მზის სხივებისგან დასაცავად. მუქი ფერის ქსოვილი სითბოს კარგად შთანთქავს და სხეულს უფრო მეტად ახურებს. ამიტომაც, ზაფხულის პერიოდში ღია ფერების მქონე, არასინთეტური ქსოვილის გამოყენებაა რეკომენდირებული. ბამბის ქსოვილში აირ-ვენტილაცია უფრო ადვილად მიმდინარეობს.
- გააკონტროლე კვების რეჟიმი და რაციონი
ზაფხულში უმჯობესია მცირე ულუფებით გამოვიკვებოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საკვებით გადატვირთვა. დიდი რაოდენობით საკვების მონელებას დიდი დრო და ენერგია სჭირდება, რაც გახურებული სხეულის ტემპერატურას კიდევ უფრო მაღლა სწევს. ცივი წვნიანები, სალათები და ხილი არამხოლოდ შიმშილს, არამედ დეჰიდრატაციასაც აქტიურად ებრძვის. კიტრი, ყაბაყი, სალათის ფოთოლი და ნიახური დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს. ხილიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, მარწყვი და საზამთრო.
პირველადი დახმარება სითბური დარტყმის დროს:
- მოარიდე ადამიანი სიცხეს და ეცადე იგი გრილ გარემოში გადაიყვანო.
- რამდენადაც შესაძლებელია, შეუხსენი ან მოაშორეთ ტანსაცმელი და დაადეთ გრილი, ნესტიანი პირსახოცი ან ზეწარი. შეასხურე წყალი.
- თუ ადამიანი გონზეა და შეუძლია ყლაპვა, დაალევინე მცირე რაოდენობით გრილი სითხე. არ მისცე უფლება, რომ დიდი რაოდენობით სითხე სწრაფად დალიოს. ყოველ 15 წთ-ში მიეცი დაახლოებით 100 მლ სითხე.
- თუ დაზარალებულის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან იგი უარს ამბობს სითხეების მიღებაზე, ეცვლება ცნობიერება ან აღებინებს, სასწრაფოდ დარეკე 112-ზე, რადგანაც ეს ნიშნები მდგომარეობის გაუარესების მანიშნებელია.