კარანტინული გადაღლა: რატომ ვივიწყებთ უსაფრთხოების წესებს და როგორ შეგვიძლია მასთან ბრძოლა?
2020 / 16 ივნისი
პანდემიის დასაწყისში არსებული დაძაბულობა და შიში დროთა განმავლობაში თითქოს განელდა - ახლა უკვე ისე აპოკლიფსურად აღარ გვეჩვენება ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია, როგორც ადრე. ამ პერიოდში თითოეული ჩვენგანის ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ისტორიულადაც ასე იყო - პანდემია საზოგადოებას ყოველთვის აიძულებდა აქამდე აპრობირებული დღის წესრიგი გადაესხვაფერებინა. თუმცა, ქცევის სავალდებულო ცვლილებას მალევე სიფრთხილის გადაღლა მოსდევს. პანდემიის შემთხვევაში, ამ მოვლენას საკარანტინე გადაღლასაც უწოდებენ. ამგვარად იმ მდგომარეობას აღწერენ, როდესაც პანდემიის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო თავდასაცავი ღონისძიებების ეფექტიანობა სულ უფრო სუსტდება. მაგალითად: პირბადის გაკეთება ხშირად გვავიწყდება, გვეზარება ან სულაც აღარ გვინდა. ასევე, ადრინდელი სიხშირით აღარ ვიბანთ ხელებს. თუკი უწინ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობისას ვტოვებდით სახლს, ახლა ეს უკვე ჩვეულ მოვლენად გვექცა. რეალურად, დაინფიცირების ალბათობა ისეთივეა, როგორიც ადრე - ერთადერთი, რაც შეიცვალა, ჩვენი დამოკიდებულება და ქცევაა.
მკაცრი საკარანტინე ღონისძიებების შემსუბუქების კვალდაკვალ, სამეცნიერო საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ინფიცირების სტატისტიკა გაიზრდებოდა. როგორც უკვე ვიცით, ტემპერატურის მატება ვირუსის გავრცელებას ვერ შეაფერხებს. პირიქით, ამას შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ეპიდემიოლოგიურ სურათზე - მაღალი ტემპერატურის პირობებში სახლში დარჩენა არავის სიამოვნებს, ხოლო ღია სივრცეში სოციალიზაციას დაინფიცირების რისკიც თან სდევს.
როგორც ჩანს, ეს მოვლენათა განვითარების უნივერსალური მოდელია. აშშ-ს ზოგიერთ შტატში მკაცრი საკარანტინე ღონისძიებების შემსუბუქებას მოჰყვა ადამიანების სოციალური გააქტიურება და სიფრთხილის მოდუნება. ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორით გამოწვეული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა გახლავთ: ხანგრძლივი სტრესი, გაფრთხილების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება და ახალი ინფორმაციის გადამუშავების სიძნელე ეტაპობრივად უსაფრთხოების გაიდლაინების შესრულების დაბალ მოტივაციას აყალიბებს. ამ ყოველივეში უკეთ გასარკვევად საბაზისო ფიზიოლოგია დაგვეხმარება.
ჩვენს ტვინში არსებული სპეციფიკური რეგიონი, ამიგდალა (იგივე ნუშისებრი სხეული), ემოციებზეა პასუხისმგებელი. იგი მაშინ აქტიურება, როდესაც რაიმე საშიშს ვხედავთ, ან გვესმის. ამას თან მოსდევს სტრესის ჰორმონების დონის მომატება და სიმპათიკური ნერვული სისტემის გაღიზიანება, რის შედეგადაც გვერთვება შიშთან დაპირისპირების ან მისგან გაქცევის მექანიზმი. პანდემიის პირობებში, ხანგრძლივი დროის მანძილზე სტრესულ გარემოში ვიმყოფებოდით. ჩვენი ტვინი ამგვარ გამღიზიანებელს უკვე იმდენად მიეჩვია, რომ მასზე განსაკუთრებული რეაქცია აღარ აქვს. ეს დაახლოებით ჰორორ ფილმის ნახვას ჰგავს: პრემიერა განსაკუთრებით ემოციურია, ხოლო იგივე სურათის განმეორებით ნახვისას თავდაპირველი შიშის ნამატალიც კი აღარ გვაქვს.
რადგანაც ტვინის საგანგაშო ფუნქცია შესუსტდა, ინფორმაციას ამჯერად ჰიპოკამპი ამუშავებს. ეს უკანასკნელი ამიგდალასა და შუბლის წილს უკავშირდება, რაც ტვინს საფრთხის რეალურობისა და კონტექსტის აღქმის შესაძლებლობას აძლევს - რაზეც ადრე გაუაზრებელი, ქაოტური რეაქცია გვქონდა (პირბადეებისა და სურსათის პანიკური დამარაგება), ეს უკვე ისე მნიშვნელოვნად აღარ გვეჩვენება. მარტივად რომ ვთქვათ, ლოგიკურ აზროვნებაზე პასუხიმსგებელი უბანი ტვინის ემოციურ უბანს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს.
ეტაპობრივად, ჩვენი ქცევების გასამართლებლად ტვინი შესაბამის კონტექსტებსაც “იგონებს”. მაგალითად: თუ აქამდე სახლიდან მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს გავდიოდით, ახლა უკვე საჯარო სივრცეში გასვლის თანმდევი შიში მოხსნილია. შეიძლება, საკუთარი თავი იმაშიც დავაჯეროთ, რომ ახლა გარეთ გასვლა აუცილებლობას წარმოადგენს. როგორც წესი, სიფრთხილის ასეთი მოდუნება საშიშია - ვირუსი ისევ აქ არის და დაინფიცირების რისკიც რეალურია.
კორონავირუსით დასნებოვნებისგან თავდასაცავი ქცევის ჩამოყალიბებას უფრო დიდი დრო სჭირდება. ამას ხელს რეკომენდაციების სწრაფი ცვლილებაც უშლის, რაც თანამდედროვე კვლევების თანდევი მოვლენაა. მთელ ამ პროცესში განსაკუთრებით ცუდ როლს ე.წ. “Covid-შეიმინგი” თამაშობს - ვინმეს არასათანადო ქცევის საჯარო შერცხვენა რეალურ პრობლემას არ წყვეტს. რადგანაც ამ დაავადებასთან ერთად თანაცხოვრება მოგვიწევს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო შორეული გათვლები გვქონდეს. როგორც აქამდე ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, უწყვეტი სახით მკაცრი შეზღუდვები ნაკლებად ეფექტიანია. ასეთ დროს ყველაზე სწორი ინფორმირებული, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობაა. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი მოქმედებების თანმდევი რისკები თუ მათი შესაძლო შედეგები სიღრმისეულად უნდა გავიაზროთ და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამგვარად მივიღოთ. ამიტომ, წესების დამრღვევ ადამიანს შერცხვინების ნაცვლად უმჯობესია გასაგებად ავუხსნათ, თუ როგორ შეუძლია თავისა და გარშემომყოფების დაცვა.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის თანდმევი პროცედურების უშეცდომო დაცვა დიდ ძალისხმევას და ენერგიას მოითხოვს, უნდა გახსოვდეს, რომ ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებები კვლავ უცვლელია:
- ხელების ხშირი დაბანა
- ხალხმრავალ სივრცეებში პირბადის ტარება
- სოციალური დისტანციის დაცვა