მენტალური ჯანმრთელობა და უახლოესი მომავლის გამოწვევები
2020 / 28 აგვისტო
უახლოეს პერიოდში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ მეცნიერები უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხმამაღლა საუბრობენ. მიზეზი, რა თქმა უნდა, კორონავირუსის პანდემია გახლავთ. თუკი საწყის ეტაპზე COVID-19-ს გაურკვევლობის შფოთვა სდევდა თან, ამჟამად ყველაფერი უფრო რთულად არის. პანდემიის თანმდევია ეკონომიკური რეცესია, რაც მოწყვლად ჯგუფებში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა ნამდვილად არ გახლავთ.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მზარდი სტატისტიკა 1927 წლის ეკონომიკური ვარდნის, “დიდი დეპრესიის” თანმდევი პრობლემა იყო. მეორე მსოფლიო ომამდე, აშშ-ს მოსახლეობაში სტრესის დონე იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ეს პირდაპირ მათ ჯანმრთელობაზე აისახა -საგრძნობლად გაიზარდა რევმატოიდული კარდიომიოპათიის შემთხვევები
“ეს უბრალო კორელაცია არ გახლდათ, საქმე მიზეზ-შედეგობრიობასთან გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ სტრესი კლავს, რისთვისაც იგი ორ გზას იყენებს: სისხლის მიმოქცევის წრეში ვაზოსპაზმს და იმუნური სისტემის დათრგუნვას”, - აღნიშნავს ექიმი-ნევროლოგი კონსტანტინოს პეტსანისი. პანდემიის პერიოდში მას სპეციალიზაციის შეცვლა მოუწია - იგი ამჟამად პაციენტების სკრინინგითა და გადაუდებელი შემთხვევების დროს ასისტირებით არის დაკავებული.
ექიმი პეტსანისი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან სპეციალისტთა შორის, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს უახლოესი მომავლის მნიშვნელოვან გამოწვევად განიხილავს. ჯერ კიდევ პანდემიის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზევე დეპრესიის, მავნე ნივთიერებათა მოხმარების და პოსტ-ტრავმული დისტრეს სინდრომების (PTSD) შემთხვევათა მკვეთრი მატების ტენდენცია გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ PTSD განსაკუთრებით თვალშისაცემი პანდემიის წინა ხაზზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალში გახლდათ.
აღნიშნული დინამიკა სოციალური იზოლაციასთან მჭიდრო კავშირში გახლდათ. ამიტომაც, ჯანდაცვის სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ტერმინის “სოციალური იზოლაცია” ქვეშ რეალურად ფიზიკური დისტანცირება მოიაზრებოდა, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის დისტანცირებული, მაგრამ მჭიდრო სოციალური კავშირების შენარჩუნება სასარგებლო გახლდათ. აღნიშნული მოსაზრება უკვე სამეცნიერო მტკიცებულებით არის გამყარებული - საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სოციალური ურთიერთობა დეპრესიის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
როგორც ამას აქამდე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები ახალგაზრდები არიან. მოზარდებში შფოთვის ჩივილებმა და აღნიშნული მიზეზით სპეციალისტებთან მიმართვიანობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. საგრძნობლად გაიზარდა ონლაინ-გემბლინგის სტატისტიკაც.
როგორც ვარაუდობენ, მომავალში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით სპეციალისტებთან მიმართვიანობა 20%-ით გაიზრდება. აღნიშნული გამოწვევისთვის შესაბამის დახმარებაზე პასუხისმგებელი მხარეც მზად უნდა აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, მენტალური დახმარების გამწევი ორგანიზაციები პანდემიასთან ადაპტირებას წარმატებით ახერხებენ: ჯგუფური თერაპიის სეანსები უკვე ონლაინ იმართება, ფიზიკური კონტაქტის საჭიროება მინიმუმამდე არის დაყვანილი, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლება.
პანდემიის მიმდინარეობის პირობებში განსაკუთრებით ონლაინ კონსულტაციებზე მოთხოვნილება გაიზარდა. ტელემედიცინის პოტენციურ სარგებლიანობაზე საუბარი აქამდეც მიდიოდა, თუმცა იგი ასე მასიურად პრაქტიკაში არავის დაუნერგავს. აღნიშნული მოცემულობა ბევრ ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალა. როგორც კვლევები ცხადყოფს, ეს დინამიკა როგორც დროის მცირე მონაკვეთში, ასევე შორეულ პერსპექტივაშიც დადებითი შედეგის მომტანია. ეს განსაკუთრებით დისტანცირებულ გეოგრაფიულ რეგიონებს ეხება, სადაც შესაბამისი სპეციალისტი ფიზიკურად არ არის ადგილზე. ამგვარი მიდგომის ფონზე, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ აღარ დარჩება.