ჯანმრთელობაზე ზრუნვა ვირტუალურად: რატომაა ტელემედიცინა მნიშვნელოვანი
2020 / 31 ივლისი
თანამედროვე ჯანდაცვის ბაზარზე ტელემედიცინა ეტაპობრივად სულ უფრო აქტიურდება. აღნიშნულში გარკვეული წვლილი კორონავირუსის პანდემიასაც მიუძღვის - ვირუსის გავრცელებისაგან თავდასაცავად სოციალური კონტაქტების შემცირება გახდა აუცილებელი. სატელეფონო კონსულტაცია და ვიდეო-ზარით დიაგნოსტირება ექიმებისათვის ახალ მოცემულობად იქცა. ტელემედიცინა ექიმსა და პაციენტს შორის არსებულ დისტანციას ეტაპობრივად ამცირებს და შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღებას გაცილებით უფრო მარტივს ხდის.
რა შემთხვევაშია ონლაინ კონსულტაცია ოპტიმალური არჩევანი?
პაციენტის ჩივილების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიაგნოსტირების პროცესში ფიზიკური გასინჯვა ზოგჯერ საკვანძო როლს თამაშობს. თითქმის ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ექიმისა და პაციენტის საქმიანი ურთიერთობის გარკვეულ ეტაპებზე, დისტანციური კონსულტაცია ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.
- სამედიცინო შემთხვევები, რომლებიც ფიზიკურ გამოკვლევას არ საჭიროებენ
ზოგჯერ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, დაგვჭირდება თუ არა ფიზიკური გასინჯვა, თუმცა, გარკვეულწილად მეტ-ნაკლები წარმოდგენა საკუთარი ჩივილების შესახებ გაგვაჩნია. ამიტომაც, არის შემთხვევები, როცა ჯანმრთელობის ზოგადი, მსუბუქი ხასიათის პრობლემების გამო კლინიკაში ფიზიკური ვიზიტი ონლაინ-კონსულტაციით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ. თუ დიაგნოსტირებისთვის ფიზიკური გასინჯვაა აუცილებელი, ამის შესახებ ექიმი აუცილებლად მიგვითითებს.
- ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების პასუხების განხილვა
ლაბორატორიულ ანალიზებსა თუ ინსტრუმენტული გამოკვლევის დასკვნებს დრო სჭირდება. პასუხების გასაცნობად, ხშირად პაციენტს ექიმთან განმეორებითი ვიზიტზე უწევს ჩაწერა. რეალურად ამ ნაბიჯის გავლა ონლაინ კონსულტაცით არის შესაძლებელი. ამგვარად, მნიშვნელოვნად იზოგება როგორც დრო, ასევე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა ექიმსა და პაციენტს შორის დიდი გეოგრაფიული დისტანციაა.
- შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვა
ზოგიერთი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, გამოჯანმრთელებისკენ მიმავალი გზა მხოლოდ მედიკამენტებზე არ გადის. ასეთ დროს ექიმსა და პაციენტს შორის ხანრძლივი კომუნიკაცია აუცილებელ პირობად იქცევა. მკურნალობის კურსი, შესაძლოა, რამდენიმე ეტაპიანი იყოს. (მაგ. გეგმიური ქირურგიულ მკურნალობა, რომელსაც წინ უსწრებს ოპერაციისწინა მედიკამენტოზური მომზადება). ამ შემთხვევაში, ყოველი შემდგომი ნაბიჯის დეტალურად დაგეგმვა ონლაინ კონსულტაციით ძალიან პრაქტიკულია.
- ქრონიკული დაავადების მენეჯმენტი
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს თავიანთ მკურნალ ექიმებთან რეგულარული კონტაქტი აქვთ. უმრავლეს შემთხვევაში, ასეთ ვიზიტებზე მკურნალობის კურსის დეტალური განხილვა მიმდინარეობს: ექიმი ისმენს მედიკამენტოზურ თერაპიასთან დაკავშირებულ ჩივილებს, საჭიროების შემთხვევაში ახდენს წამლის დოზის კორექციას ან მედიკამენტს ცვლის. ამ ეტაპის ონლაინ-კონსულტაციით გავლა ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.
ვისთვის არის მოსახერხებელი ონლაინ კონსულტაცია?
რა თქმა უნდა, ორივე მხარისთვის: როგორც პაციენტის, ასე ექიმისთვისაც. პაციენტის შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტის თანმდევი ყველა გვერდითი მოვლენა (გეოგრაფიულად შორს მდებარე კლინიკაში მრავალგზის მისვლა, რეგისტრატურისა და ექიმის კაბინეტის ცოცხალ რიგებში დგომა) ავტომატურად ქრება. ასევე იხსნება “თეთრი ხალათის” თანმდევი დისკომფორტი და რაც მთავარია: მნიშვნელოვნად იზოგება ძვირფასი დრო და ფინანსები. ტექნოლოგიური პროგრესი პაციენტსა თუ ექიმს საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი დრო გონივრულად გამოიყენოს. ტელემედიცინა ასევე მნიშვნელოვნად ზრდის ექიმთა სამუშაო შესაძლებლობებს, რადგანაც დროის სწორი მენეჯმენტი მათ საშუალებას აძლევთ, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ პაციენტს დაეხმარონ, ვიდრე ეს აქამდე, ტრადიციული სახით კონსულტაციის შემთხვევაში იყო შესაძლებელი.
როგორც კვლევები ცხადყოფს, ტელემედიცინა მნიშვნელოვნად ამცირებს ჯანმრთელობაზე ზრუნვაში დახარჯულ თანხებს და ჯანდაცვის სერვისს უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ტელემედიცინა მათ საშუალებას აძლევთ დაზოგონ ფინანსები და ამავდროულად მუდმივი წვდომა გააჩნდეთ მაღალი ხარისხის სამედიცნო მომსახურებაზე.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოულოდნელი სულაც არ გახლავთ, რომ ტელემედიცინის მომხმარებელ პაციენტთა უმრავლესობა გაწეული სამედიცინო დახმარებით კმაყოფილია. აღნიშნული განსაკუთრებით თვალშისაცემია ვიდეო-კონსულტაციების შემთხვევაში. პაციენტთა მკურნალობაში მიღწეული შედეგით ასევე ყმაყოფილია სამედიცინო საზოგადოებაც. როგორც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, ონლაინ კონსულტაციები ეტაპობრივად დაავადების მენეჯმენტის სამომავლო სტანდარტად იქცევა.