ახალი რეალობა და მასთან შეგუების გზები - სალომე ფანჯიკიძე, ,,კამარას" ფსიქოლოგი

ახალი რეალობა და მასთან შეგუების გზები - სალომე ფანჯიკიძე, ,,კამარას" ფსიქოლოგი

2020 / 19 მარტი

კორონავირუსმა ბევრი ჩვენგანისთვის მოიტანა განახლებული დღის წესრიგი. ახალი რეალობა ყოველთვის გარკვეულ შფოთვას იწვევს ადამიანში. Შესაძლოა, მას არ აშინებდეს უშუალოდ ვირუსისგან გამოწვეული მოსალოდნელი ჯანმრთელობის ზიანი, მაგრამ სტრესს იწვევდეს მხოლოდ ის, რომ ყოველდღიურობა შეცვლილია, ენერგია გაუხარჯავია, მიზნები გადადებულია, გეგმები დროში გაწელილია და ბუნდოვანია, როდის დაუბრუნდება ყველაფერი თავის რიტმს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, რადგან ნერვული სისტემა არის საფუძველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ადავპტირდეთ, ვიყოთ ორგანიზებულები და არ ჩავცვივდეთ სასოწარკვეთაში.

 

როგორ ადავპტირდეთ შეცვლილ რეალობასთან?

 

ადამიანი შემოქმედი არსებაა. მას აქვს პოტენციალი, ქვების ერთმანეთზე გაჩხაკუნებით, დაანთოს ცეცხლი, მიწისგან მოზილოს თიხა და ააშენოს სახლი, შექმნას წამალი, რომელიც კურნავს ავადმყოფს. ეს არის რესურსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ შეცვლილ რეალობასთან საბრძოლველად. გირჩევთ, აღმოაჩინოთ ეს რესურსი თქვენს თავში. ეცადეთ, არ გაიჭედოთ აქამდე არსებულ რუტინაში და მისი დარღვევის გამო არ გადაყვეთ დარდს. აუცილებელ საქმესთან ერთად, გააკეთეთ ისიც, რისი დროც აქამდე არ გქონდათ, მაგალითად:  წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ სერიალს, მოამზადეთ ახალი კერძი, დაალაგეთ სახლი, ივარჯიშეთ. Გახსოვდეთ ისიც, რომ ფსიქიკას აუცილებლად სჭირდება რუტინა, გეგმა. რეკომენდირებულია, შეიმუშავოთ დროში გაწერილი დღის განრიგი. ეს დაგეხმარებათ თქვენი დროის ეფექტურად ხარჯვაში, რის შედეგადაც არ დაგეუფლებათ უფუნქციობისა და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებები. 

 

Შეეცადეთ, დარჩეთ აწმყოში!

 

ადამიანს აქვს წარმოსახვის უნარი, რომელიც ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილ საფრთხეს უტყუარ რეალობად აღვიქვამთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს ჯერ კიდევ ამოუცნობი და გაურკვეველი ვირუსი, დიდია შანსი, რომ ადამიანმა თავის ფანტაზიას გასაქანი მისცეს და დაიჯეროს საფრთხის გარდაუვალობა, რითაც დააზიანებს საკუთარ ფსიქიკას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დარჩეთ აწმყოში, იცოდეთ რა არის თქვენი რეალობა, იმოქმედოთ მისგან გამომდინარე და არა- მოსალოდნელი ილუზორული სიუჟეტიდან. აღსანიშნავია, რომ ფანტაზიის გაღვივებას ხელს უწყობს უკონტროლო ინფორმაციის მიღება. ადამიანები საათობით კითხულობენ სხვადასხვა წყაროების მიერ მიწოდებულ უამრავ სიახლეს, თუმცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ დღის განმავლობაში COVID-19-თან დაკავშირებული ფაქტების გაცნობა მხოლოდ ორჯერ არის რეკომენდირებული. ყოველი ზედმეტი წუთი ზრდის შფოთვის დონეს და ხელს გვიშლის კრიზისის დაძლევაში. 

 

რა ვქნათ მაშინ, როდესაც ფსიქიკა ჩიხში შედის?

 

იზოლაციის პერიოდში, თუ სტრესთან გამკლავება გაგიჭირდებათ, მიმართეთ სიმბოლურ სავარჯიშოებს:

  • კომფორტული გრძნობების გასაჩენად დახატეთ სახლი. დახარჯეთ დრო მისი ფასადის მოსახატად, ეზოს გასალამაზებლად. წარმოიდგინეთ, ვინ ცხოვრობს შიგნით და რამდენად კარგია იქ ყოფნა. ხატვის პროცესში შეეცადეთ, გაიხსენოთ ყველა სასიამოვნო შეგრძნება რაც სახლთან გაკავშირებთ. 
  • თუ გამოსავლის შეგრძნება გაკლიათ, დახატეთ გზები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მიდიან: ზოგი შორს, ზოგი ახლოს, ზოგი- რომელიმე კონკრეტულ ადგილას. დახარჯეთ დრო მათ წარმოსახვასა და გაფორმებაში.
  • თუ ხალისის შეგრძნება გაკლიათ, შეეცადეთ, გაიხსენოთ ბავშვობისდროინდელი ბედნიერი ამბავი, როდესაც ძალიან კარგად გრძნობდით თავს, გაიხსენეთ, სად იყავით, ვინ იყო თქვენთან ერთად. შემდეგ შეეცადეთ, ეს ყველაფერი ფურცელზე გადმოიტანოთ.

 

იმ შემთხვევაში, თუ შფოთვა თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. 

 

გისურვებთ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას. 




რეკომენდებული