არის თუ არა თაფლი შაქარზე სასარგებლო
2019 / 23 დეკემბერი
როდესაც ადამიანები შაქრის მავნელობაზე საუბრობენ, იქვე აუცილებლად თაფლსაც ახსენებენ ხოლმე. ისინი დასძენენ, რომ შაქრის გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და რომ ჯობს ის თაფლით ჩავანაცვლოთ.
რამდენად შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს?
არც ისე.
მოდით, ვნახოთ რატომ.
შაქარსა და თაფლში დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის გლუკოზა და ფრუქტოზაა. მთავარი, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს ისაა, რომ თაფლი მონოსაქარიდებისგან შედგება, შაქარი კი – დისაქარიდებისგან.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თაფლში გლუკოზა და ფრუქტოზა ცალ-ცალკე გვხვდება, შაქარში კი – ერთად.
თუმცა, ეს ორგანიზმისთვის ბევრს არაფერს ცვლის.
როდესაც ჩვენი ორგანიზმი შაქარსა და თაფლს გადაამუშავებს, საბოლოოდ ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე რამეს: მონოსაქარიდებს იღებს.
იმ დისაქარიდს, რომელიც შაქარში გვხვდება, საქაროზას (გლუკოზა და ფრუქტოზა ერთად) ვუწოდებთ.
როდესაც ჩვენ შაქარს მივირთმევთ, საქაროზას ვიღებთ, ხოლო როდესაც თაფლს – გლუკოზასა და ფრუქტოზას ცალ-ცალკე. საბოლოოდ კი საქაროზაც გლუკოზამდე და ფრუქტოზამდე დაიყვანება.
ცხადია, დისაქარიდი უნდა დაიშალოს, რათა მონოსაქარიდები მივიღოთ, ამას კი დრო სჭირდება.
ამიტომ, თაფლი, შაქართან შედარებით უფრო სწრაფად მოგვცემს ენერგიას, ვინაიდან თაფლში გლუკოზა და ფრუქტოზა ისედაც ცალ-ცალკეა.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოდესმე ენერგიის სწრაფი წყარო დაგჭირდებათ და არჩევანი შაქარსა და თაფლს შორის გექნებათ, აჯობებს თაფლი აირჩიოთ.
თუმცა, გარდა ბოლო შემთხვევისა, ორგანიზმი მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს. მისთვის მნიშნელობა არ აქვს, თქვენ თაფლს მიიღებთ თუ – შაქარს: ისინი მაინც ერთსა და იმავე საკვებ ნივთიერებებს შეიცავენ და საბოლოო შედეგიც ერთია.