ხანდახან, ჯანსაღად კვებაც აშლილობაა

ხანდახან, ჯანსაღად კვებაც აშლილობაა

2019 / 30 დეკემბერი

ორთორექსია, ანორექსიასა და ბულიმიასთან შედარებით, ნაკლებად ცნობილი და აღწერილი კვებითი აშლილობაა, მაგრამ მასაც შეიძლება სერიოზული უარყოფითი შედეგები ჰქონდეს.

ის კაცებსა და ქალებს თანაბრად ემართებათ, ვეგანებსა და ვეგეტარიანელებში კი რისკი უფრო დიდია.

ორთორექსიით დაავადებული ადამიანების კვება, ერთი შეხედვით, იმ ადამიანების ქცევას ჰგავს, რომლებიც ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

ორივე შემთხვევაში, ადამიანი არაჯანსაღი პროდუქტების (მაგ: კონსერვანტები, მარილი, შაქარი, ცხიმი და ცხოველური ნაწარმი) ჭამას არიდებს თავს.

თუმცა, რაღა თქმა უნდა, ორთორექსია მეტია, ვიდრე უბრალოდ ჯანსაღი კვება.
ესაა მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ჯანსაღად კვების იდეით უკიდურესადაა შეპყრობილი, ან, უფრო პოეტურად რომ ვთქვათ, არაჯანსაღი მისწრაფება აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ.

 

ორთორექსია, მართლაც, უწყინარი დიეტის დაცვით იწყება.

პრობლემა ისაა, რომ რაღაც დროის შემდეგ, ჯანსაღად ცხოვრების სურვილი უმართავი ხდება და ადამიანის ცხოვრებაში პრობლემების შექმნასა და მისი მთელი ცხოვრების გაკონტროლებას იწყებს.

კონკრეტული მომენტი, როდის გადადის კვებითი ქცევა კვებით აშლილობაში, რთული დასაჭერია, რადგან ჯანსაღ კვებასა და ორთორექსიას შორის აშკარა ზღვარი არ არსებობს.

ყველაფერი იქამდე დაიყვანება, ზოგიერთი საკვების არჭამა ობსესია (აკვიატება) არის თუ – არა.

ობსესიის საშიშროება დგას, თუ თქვენ:

  • გადამეტებულ დროსა და ენერგიას უთმობთ იმაზე ფიქრს, თუ რა პროდუქტები იყიდოთ, მოამზადოთ და ჭამოთ;
  • თქვენი ცხოვრება იმდენადაა ამ საკითხით მოცული, რომ ჩვეულებრივად ცხოვრების საშუალება აღარ აქვთ;
  • იმდენად ხართ კონცენტრირებული საჭმლის წარმომავლობასა და ტიპზე, რომ თქვენთვის რთული ან შეუძლებელია ნებისმიერი ისეთი რამის მირთმევა, რაც თქვენს სახლში არ დამზადებულა.

საბოლოო შედეგი შეიძლება კვების დეფიციტი ან წონაში კლება იყოს, რადგან ორთორექსიით დაავადებული ადამიანების კვების რაციონი თანდათან სულ უფრო ღარიბდება.

რეკომენდებული