ალკოჰოლის რა რაოდენობა არის ზომაზე მეტი
2020 / 20 იანვარი
ალკოჰოლს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში თუ მოიხმართ, ეს, დიდი ალბათობით, არაფერს დაგიზიანებთ.
თუმცა, ალბათ, თქვენც კარგად იცით, რომ ხშირად დალევა ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
საინტერესოა, სად გადის ზღვარი „ათასში ერთხელ“ დალევასა და ალკოჰოლის პრობლემატურ მოხმარებას შორის.
ერთი სტანდარტული სასმელი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რაოდენობის სუფთა ალკოჰოლს შეიცავს.
მაგალითად, აშშ-ის სტანდარტულ სასმელში 14 გრამი სუფთა ალკოჰოლია (355მლ ლუდი ან 150მლ ღვინო).
რეკომენდებული კი არის, რომ ასეთი სტანდარტის პირობებში, ქალმა მაქსიმუმ 1, კაცმა კი მაქსიმუმ 2 სასმელი მიიღოს დღეში.
განსხვავებული დოზა ქალებისა და კაცების შემთხვევაში ფერმენტების გამოა: ორი მთავარი ფერმენტი, რაც ალკოჰოლის გადამუშავებას უზრუნველყოფს, ალკოჰოლდეჰიდროგენაზა (ADH) და ალდეჰიდდეჰიდროგენაზაა (ALDH). ზოგადად, ქალებს ADH-ის უფრო დაბალი აქტივობა აქვთ, ვიდრე კაცებს. ამის გამო, ქალის ორგანიზმი უფრო ნელა გადაამუშავებს ალკოჰოლს.
კვლევის მიხედვით, აღნიშნული რაოდენობით დალევის დროს, ადამიანთა მხოლოდ 2%-ს ექმნება ალკოჰოლით გამოწვეული პრობლემები. ამ დოზაზე მეტი კი ზოგადად მავნეა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანი კვირის მაქსიმალური რაოდენობა რამდენიმე დღეზე არ შეიძლება გადაანაწილოთ. ანუ, მაგალითად, კვირაში 5 დღე თუ საერთოდ არ დალევთ იმის გამო, რომ დარჩენილ 2 დღეს ბევრი დალიოთ, უკვე ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. განსაკუთრებით ყურადსაღები ეს მაშინაა, თუ ქალი 4 ან მეტ, კაცი კი 5 ან მეტ სტანდარტულ სასმელს სვამს ერთ დალევაზე.