რჩევები ექიმებისთვის: როგორ მოვემზადოთ დისტანციური კონსულტაციისთვის?
2020 / 15 მაისი
ტექნოლოგიურმა პროგრესმა ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის კლასიკურ მოდელში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი პანდემიის პერიოდში გახდა, როდესაც ექიმებთან ვიზიტები გართულდა და სამედიცინო პერსონალი დისტანციურ, ონლაინ-კონსულტაციებზე გადაეწყო.
ქვემოთ ჩამოთვლილია რეკომენდაციები, რომლებიც პაციენტისთვის სრულყოფილი ონლაინ კონსულტაციის გასაწევად დაგეხმარებათ:
სანამ პაციენტს ონლაინ კონსულტაციას გაუწევთ:
- მოკლედ გააცანით საკუთარი თავი
დისტანციური კონსულტაციის დროს "ადამიანური" კონტაქტის შესაძლებლობა იკარგება, რაც პაციენტის ნდობაზეც ახდენს გავლენას. ტელეფონზე საუბრისას იგი ვერ ხედავს მიმიკებსა თუ ჟესტიკულაციას, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს - პაციენტი ვერ გრძნობს, რომ მას თანაუგრძნობენ. ამ დისკომფორტის გასაქარწყლებლად კარგი იქნება, თუ პაციენტს საუბრის დასაწყისში საკუთარ კომპეტენციაზე გაესაუბრებით - გააცანით მას თქვენი სპეციალიზაცია და გამოცდილება. შესაძლოა, თანამოსაუბრეს შენ შესახებ ინფორმაცია უკვე მოძიებული ჰქონდეს, მაგრამ ამგვარად საუბრის წამოწყების თანმდევი უსიამოვნო განცდას წარმატებით გააქრობთ
- ონლაინ კონსულტაციაზე სტანდარტული წესები ვრცელდება
მიუხედავად თვისობრივი განსხვავებისა, აქაც სტანდარტული კონსულტაციის წესები მოქმედებს: პაციენტმა გარკვევით უნდა განაცხადოს მიწოდებულ სამედიცინო დახმარებაზე თანხმობა, ხოლო მის მიერ განდობილი ინფორმაცია სამედიცინო საიდუმლოებაა. ონლაინ კონსულტაციისთვის შეარჩიეთ მყუდრო სივრცე და დარჩით კაბინეტში მარტო. ამგვარად სენსიტიური ინფორმაციის გამოკითხვის თანმდევ უხერხულობას გააქრობთ. აუცილებლად გააფრთხილეთ კოლეგები და სხვა პაციენტები, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ გცალიათ - მთელი ყურადღება ონლაინ კონსულტაციაზე უნდა გქონდეთ კონცენტრირებული.
- წინასწარ მოამზადეთ კითხვარი (ე.წ. Check-list)
შესაძლოა პირდაპირი ფიზიკური კომუნიკაციის დროს ამის საჭიროება არ დგას, მაგრამ ონლაინ კონსულტაციისას ის ძალიან მოსახერხებელია. მით უფრო იმ გათვლით, რომ უშუალო კონტაქტს მოკლებული ხართ. წინასწარ შეადგინეთ კითხვარი, ე.წ. Check-list. ეს დაგიზოგავთ დროს და შეგროვებული ანამნეზიც უფრო სრულყოფილი და სტრუქტურირებული იქნება. აუცილებლად გაითვალისწინეთ ონლაინ კონსულტაციის ლიმიტაცია, რათა ნაჩქარევი წინასწარი დიაგნოზი აირიდოთ თავიდან - თუ ფიზიკური გასინჯვის აუცილებლობას ხედავ, დეტალურად აუხსენით პაციენტს ამის შესახებ.
- შეაჯამეთ კონსულტაცია პაციენტთან
გამოკითხვის შემდეგ აუცილებლად გაიმეორეთ მოწოდებული ინფორმაცია, რათა პაციენტი დარწმუნდეს, რომ მისი ჩივილები ზუსტად და ნათლად გაიგეთ. აუცილებლად ჩაეძიეთ პაციენტს, ხომ არ აქვს დამატებითი კითხვები და რამდენად სასარგებლო იყო თქვენ მიერ გაწეული სამედიცინო დახმარება. გააცანით მას შემდგომი მოქმედების გეგმა, მიაწოდეთ ინფორმაცია დიაგნოზის დასადასტურებლად აუცილებელი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ. ფიზიკური გასინჯვის აუცილებლობის შემთხვევაში, დაგეგმეთ ვიზიტი.
ონლაინ კონსულტაციები ეტაპობრივად გააქრობს ბევრ ისეთ დაბრკოლებას, რის გამოც ექიმთან ვიზიტისგან თავს იკავებ. მისი დახმარებით საშუალება გექნება მკურნალ ექიმთან მუდმივ კავშირზე იყო და სამედიცინო დახმარება დროულად მიიღო. როგორც ამჟამინდელი მდგომარეობა ცხადყოფს, ონლაინ-მედიცინა ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში ექიმის კაბინეტთან რიგში დგომა ეტაპობრივად წარსულს ჩაბარდება.