COVID-19 და ახალი გარემოებები

COVID-19 და ახალი გარემოებები

2020 / 15 სექტემბერი

კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობის პარალელურად, ჩვენი წარმოდგენა ვირუსის ბუნებისა და მისი მოქმედების მექანიზმის შესახებ სულ უფრო მეტად იზრდება. შესაბამისად იცვლებოდა ჩვენი წარმოდგენაც ვირუსისგან თავდასაცავი კონტრზომების შესახებაც. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კარანტინის რეჟიმში აღარ ვართ, ჩვენი ყურადღება არ უნდა მოდუნდეს, რადგანაც კორონავირუსი ახლა ისეთი აქტიურია, როგორც არასდროს.

 

ამ ბლოგში იმ ძირითად რეკომენდაციებს შეგახსენებთ, რომელთა დაცვამაც, შეიძლება, კორონავირუსით ინფიცირებისგან დაგიცვათ. 

 

  • დაიცავი სოციალური დისტანცია 

 

 

ეს ვირუსით დაინფიცირებისგან თავდასაცავად იდეალური რეკომენდაციაა. კორონავირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი დაინფიცირებული რესპირატორული წვეთებით გადაეცემა, რომლებსაც გარემოში დაცემინების ან დახველების დროს გამოვყოფთ. მათთან კონტაქტის არიდებაში სწორედაც რომ სოციალური დისტანცია გვეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში ეს მანძილი განსხვავებულია (საქართველოში იგი 2 მეტრს შეადგენს), ამ რეკომენდაციას ყველა აქტიურად მისდევს

 

ამას ისიც ემატება, რომ როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, კორონავირუსის ჰაეროვანი გადაცემაც არ უნდა გამოირიცხოს. ეს განსაკუთრებით ეხება, ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებს, სადაც ვენტილაცია ჯეროვნად ვერ ხერხდება. სოციალური დისტანციის დაუცველად დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია

 

  • გაიკეთე პირბადე

 

პირბადის ტარება მოსაბეზრებელ ყოველდღიურობად კი იქცა, მაგრამ იგი კორონავირუსის წინააღმდეგ საოცრად ეფექტიანია. მისი საშუალებით ჩვენს მიერ გარემოში გამოყოფილი რესპირატორული წვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. ამჟამინდელი რეგულაციით, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულოა, თუმცა, ეპიდემიოლოგები ასევე გვირჩევენ, იგი იმ ღია სივრცეებშიც გამოვიყენოთ, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია. პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მითების მიუხედავად, მისი ტარება ზოგ შემთხვევაში სიცოცხლის გადამრჩენიც კი არის. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ეშინოდათ, პირბადის ტარებას საზოგადოებაში ცრუ დაცულობის ილუზია არ შეექმნა, როგორც კვლევებმა აჩვენა, ის ადამიანები, რომლებიც პირბადეს რეგულარულად ატარებენ, სხვა რეკომენდაციებსაც წარმატებით იცავენ. 

 

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს: იმ შემთხვევაში, თუ პირბადე ბევრ ჩვენგანს ეკეთება, ეს ვირუსის გავრცელებას საგრძნობლად შეუშლის ხელს

 

 

  • ხშირად დაიბანე ხელები საპნით, ან დაიმუშავე სანიტაიზერით

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც ხშირად უგულვებელყოფენ, ხელის საპნით დაბანა გახლავთ. ეს უკანასკნელი კორონავირუსის წინააღმდეგ საოცრად ეფექტიანია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ვირუსები ერთგვარი ლიპიდურ შრეში არიან გახვეულნი, რომელთაც საპონი წარმატებით შლის. პანდემიის დაწყების დღიდან მოყოლებული ბევრი რჩევა მივიღეთ, ბევრი ჩვევა შევცვალეთ, თუმცა, ეს რეკომენდაცია უცვლელი სახით მოგვყვება. როგორც ვიცით, ხელის საპნით დაბანას მინიმუმ 20 წმ მაინც უნდა მოვანდომოთ. თუ ხელის დაბანას ფიზიკურად ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ხელის სანიტაიზერი გამოიყენოთ (რეკომენდირებულია, რომ მასში ეთილის სპირტის შემცველობა 60%-ს აღემატებოდეს.

 

  • დაცემინებისას სახეზე მიიფარე იდაყვი, ან ერთჯერადი ცხვირსახოცი

 

სახეზე ხელის შეხება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. როგორც მცირერიცხოვანი კვლევით ვიგებთ, სახეს ერთი საათის განმავლობაში, შესაძლოა, 23-ჯერაც კი შევეხოთ და აქედან მათი ნახევარი ლორწოვან გარსზე მოდიოდეს. ეს ვირუსის ორგანიზმში შესაჭრელად იდეალური შანსია. რადგანაც ამ ქცევის კონტროლი ჩვენთვის საკმაოდ რთულია, აუცილებელია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ასეთ დროს ჩვენი ხელები სუფთაა. ეს კი სრულიად შეუძლებელი იქნება, თუ დაცემინებისას სახეზე ხელებს ავიფარებთ. ასეთ დროს მოწოდებულია პირისა და ცხვირის იდაყვით, ან სულაც ერთჯერადი ცხვირსახოცით დაფარვა (რომელიც უმალვე უნდა გავაგდოთ). ერთი შეხედვით ეს უცნაური ჟესტი თავიდან აგვარიდებს ხელების რესპირატორული წვეთებით დაბინძურებას და მათ უნებურ გავრცელებასაც აღკვეთავს.

 

  •  ყოველდღიურად აკონტროლე საკუთარი ჯანმრთელობა

 

ახლა, როგორც არასდროს, ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. უკვე წარსულს ჩაბარდა ის დღეები, როცა სურდოთი მიმდინარე მსუბუქი გაციების გამო სახლში არავინ რჩებოდა. ბოლო თვეებმა საკუთარი ორგანიზმის შესახებ სულ უფრო მეტი გვასწავლა და კიდევ უფრო მეტად დაგვაფასებინა საკუთარი ჯანმრთელობა. რადგანაც შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია, მნიშვნელოვანია, მისი მდგომარეობა რეგულარულად აკონტროლო და ვირუსით ინფიცირებაზე ეჭვის შემთხვევაში, დახმარება დროულად მოიძიო. 

რეკომენდებული