როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს თვითიზოლაციასთან ადაპტაცია - ფსიქოთერაპევტ თამუნა მერაბიშვილის რჩევები მშობლებს

როგორ გავუმარტივოთ ბავშვებს თვითიზოლაციასთან ადაპტაცია - ფსიქოთერაპევტ თამუნა მერაბიშვილის რჩევები მშობლებს

2020 / 25 მარტი

პანდემიის პირობებში ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ფსიქიკური სტაბილურობის შენარჩუნება, რადგანაც ემოციური ფონი (პანიკა, ძლიერი შფოთვა) ფსიქიკურ მდგომარეობას ართულებს. 

 

სტრესის დროს შფოთვის დონე იმატებს, რაც ლოგიკურია. შფოთვა არის სიგნალი შესაძლო საფრთხეზე და თავდაცვით როლს თამაშობს. გასათვალისწინებელია, რომ მისი გადაჭარბებით გამოხატვა საზიანოა და ჩვენს ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს, თუმცა დაბალი ინტენსივობის შფოთვაც შეუსაბამოა სტრესული სიტუაციისთვის, რადგან ის ხელს უშლის ადამიანის მობილიზებას, რომ გაუმკლავდეს საფრთხეს და ოპტიმალურად დაიცვას თავი. 

 

სტრესული სიტუაციები ზრდასრულებთან ერთად ბავშვებსაც ეხებათ. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელთა გათვალისწინებაც მშობლისთვის საჭიროა, რათა შვილებს სტრესის დაძლევაში დაეხმაროს. რჩევების ავტორია ფსიქოთერაპიული ცენტრი ,,არსის" ფსიქოთერაპევტი თამუნა მერაბიშვილი.

 

აუცილებელია ბავშვებთან კომუნიკაცია

პირველ რიგში, საჭიროა, მშობელი თავად იყოს ფსიქოლოგიურად სტაბილურ მდგომარეობაში, რათა შვილების მისამართით სწორი მესიჯები გასცეს. მაშინ, როდესაც ეპიდემიის შესახებ ინფორმაცია მასობრივად ტრიალებს, აუცილებელია, ბავშვებს ამ თემაზე ვესაუბროთ და გავიგოთ, რას ფიქრობენ. ცხადია, მათ თავისთავად ვერ ექნებათ ძლიერი შიში და პანიკა, მათი შფოთვის წყარო მშობელია. ამიტომ, საჭიროა მოზარდებთან ვირუსის სიმპტომატიკაზე სალაპარაკოდ სწორი ფორმა შევარჩიოთ და ჰიგიენური პროცედურების დაცვა წავახალისოთ. 

 

სტრესულ სიტუაციებში ბავშვების ცნობისმოყვარეობა და შემოქმედებითობა იზრდება

სტრესულ სიტუაციებში ბავშვებისთვის დამახასიათებელია ბევრი კითხვის დასმა. მნიშვნელოვანია, შეძლებისდაგვარად, მათ თითოეულ კითხვას მოვუსმინოთ და შესაფერისი პასუხი გავცეთ. გარდა ამისა, ამ დროს ისინი იწყებენ მოსმენილი ინფორმაციის ნახატებში გადატანას. ხატავენ, როგორ ინფიცირდება ადამიანი, როგორ მიჰყავთ საავადმყოფოში ან როგორ იღუპება ვირუსით. მნიშვნელოვანია, რომ მისმა ასეთმა ქმედებებმა არ გაგაკვირვოთ და არც დაუშალოთ, რადგანაც მას ბავშვისთვის თერაპიული ხასიათი აქვს. ბავშვი თავის გრძნობებს ამ ფორმით გამოხატავს და ემოციურად თავისუფლდება. 

 

ბავშვები ხშირად მიმართავენ როლურ თამაშებს

აღსანიშნავია, რომ ბავშვები ასეთ დროს იწყებენ თემატურ როლურ თამაშებს, როგორიცაა ექიმობანა. ერთი ექიმის როლს ირგებს, მეორე - პაციენტისას, ამ და მსგავს თამაშებში ისინი თავიანთ ემოციებს დებენ. ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია, არ ავუკრძალოთ მსგავსი აქტივობა და არ შევთავაზოთ ალტერნატიული გართობის საშუალებები, რომლებიც მკვეთრად აცდენილი იქნება დღევანდელ რეალობას. პირიქით, ჩვენც შეგვიძლია ჩავერთოთ  და სწორი რეკომენდაციები მივცეთ, მზრუნველობა გამოხატოთ ,,ინფიცირებულის” მიმართ და ავუხსნათ, როგორ ,,გადავარჩინოთ” ის. უნდა ვიცოდეთ, რომ ფსიქიკის ემოციური და რაციონალური კომპონენტები მეტ-ნაკლებად თავსებადი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ თავს მოვიტყუებთ და ფსიქიკური აშლილობის რისკს გავზრდით.  

 

მაშასადამე, ბავშვებთან სტრესულ თემაზე სწორი კომუნიკაცია, ემოციური და კოგნიტური რესურსების სასწავლო თამაშის რეჟიმზე გადაყვანა გვეხმარება ემოციურ ვენტილაციაში, საკითხის ირგვლივ ინფორმაციის მიღებაში, ბალანსის შენარჩუნებასა და სტრესთან ადაპტაციაში. 

 

ნუ დაგვავიწყდება, რომ სტრესის დროს სიტუაცია დაუგეგმავი, გაურკვეველი და სახიფათოა, ამიტომ შფოთვა, შიში და ნეგატიური აზრების არსებობა ლეგიტიმურია. ნუ შეგვეშინდება ჩვენი ნეგატიური ემოციებისა და აზრების, ეს ამ გარემოში რელევანტურია. რაც მეტად ვეწინააღმდეგებით მათ და ვცდილობთ სიმშვიდის შენარჩუნებას, მეტად ვებრძვით საკუთარ თავს და მეტია ალბათობა, რომ პანიკამ მოგვიცვას.

 

ასევე, მნიშვნელოვანია, სწორი ინფორმაციის მოპოვება ავტორიტეტული, სანდო წყაროებიდან იმის შესახებ, თუ როგორ მოვახდინოთ პროფილაქტიკა-პრევენცია და დავიცვათ თავი საფრთხისაგან.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

რეკომენდებული