სად და რა შემთხვევაში შეგვიძლია ტესტირების ჩატარება COVID-19-ზე?

სად და რა შემთხვევაში შეგვიძლია ტესტირების ჩატარება COVID-19-ზე?

2020 / 19 სექტემბერი

ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებამ კვლავ აქტუალური გახადა ის კითხვები, რომელზე პასუხებიც კარგად ვიცოდით, მაგრამ უკვე ზუსტად აღარ გვახსოვს. ამ ბლოგში მოკლედ და ლაკონურად ავხსნით, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კორონავირუსით ინფიცირებაზე გაქვთ ეჭვი.

 

როგორ ვრცელდება კორონავირუსი?

 

კორონავირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი დაინფიცირებული რესპირატორული წვეთებით გადაეცემა. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, ასევე არ უნდა გამოირიცხოს კორონავირუსის ჰაეროვანი გადაცემაც. ეს განსაკუთრებით იმ ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებს  ეხება, სადაც ჰაერის ვენტილაცია ჯეროვნად ვერ ხერხდება.

 

რა სიმპტომები აქვს COVID-19-ს?

 

  • ცხელება
  • ხველა
  • გულისრევა ან პირღებინება
  • დიარეა
  • სუნთქვის უკმარისობა ან გაძნელება
  • ზოგადი საერთო სისუსტე
  • კუნთების ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვა
  • ყელის ტკივილი
  • ცხვირის სისველე/გაჭედვა

 

ვირუსის ინკუბაციის პერიოდი (დრო დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე) ვარიაბელურია და საშუალოდ 5-6 დღეს შეადგენს. იშვიათ შემთხვევებში ინკუბაციურმა პერიოდმა 14 დღესაც კი მიაღწიოს. 

 

რა თანმიმდევრობით გამოვლინდება COVID-19-ის სიმპტომები?

 

უმეტეს შემთხვევაში კორონავირუსით ინციფირების დროს ჩივილები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლინდება: ცხელება, ხველა, გულისრევა/პირღებინება და შემდეგ დიარეა. პირველად სიმპტომთა გამოვლენის უფრო ნაკლებად მოსალოდნელი თანმიმდევრობაა: დიარეა, გულისრევა/პირღებინება, ხველა და ბოლოს ცხელება.  COVID-19-ის სიმპტომების გამოვლენის თანმიმდევრობაზე კვლევა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (USC) მეცნიერებს ეკუთვნით. თუმცა, როგორც კლინიკური პრაქტიკა აჩვენებს, კორონავირუსით ინფიცირების დროს ჩივილები ნებისმიერი, ზოგჯერ კი საკმაოდ უცნაური თანმიმდევრობითაც შეიძლება გამოვლინდეს. 

 

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

 

თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ამისათვის ორი ძირითადი გზა არსებობს:

 

  1. დარეკოთ 112-ში, რის შემდგომაც თქვენ ოჯახის ექიმთან გადაგამისამართებენ, რომელიც სატელეფონო კონსულტაციას გაგიწევთ
  2. გაიაროთ დისტანციური კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან.

 

გახსოვდეთ: კორონავირუსით ინფიცირებაზე ეჭვის დროს, დარჩით სახლში და გაიარეთ დისტანციური (ონლაინ / სატელეფონო) კონსულტაცია. ამის შემდეგ, მოიქცეთ ისე, როგორც ექიმი გირჩევთ!

 

რა შემთხვევაში გამიკეთებენ PCR ტესტირებას?

 

ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დგება ტესტირების აუცილებლობის საკითხიც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტი, იმყოფებით თვითიზოლაციაში და გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ექიმი აუცილებლად გასცემს PCR ტესტირების რეკომენდაციას.

 

ამჟამად არსებობს ტესტირების სავალდებულო და ნებაყოფლობითი წესები.

 

სავალდებულო ტესტირება - უტარდებათ სამთავრობო განკარგულებაში შეყვანილ პირებს, რომელთა დიაგნოსტირების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. ამაში მოიაზრებიან: დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, ე.წ. “წითელ ზონის ქვეყნებში” მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები, სამედიცინო დაწესებულებებსა და “ცხელების ცენტრებში“ ცხელებით მოხვედრილი პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები და ა.შ. 

 

ნებაყოფლობითი ტესტირება - საკუთარი სურვილით და სახსრებით იტარებს ყველა ის მოქალაქე, ვინც სავალდებულო ტესტირების წესს არ ექვემდებარება.

 

PCR ტესტირების ღირებულება 110 ლარიდან 220 ლარამდე მერყეობს (დამოკიდებულია კონკრეტული კერძო ლაბორატორიის ფასზე და  პასუხის გაცემის ვადებზე). პასუხების მიღების ვადა 24-48 საათია. დაჩქარებული პასუხის მოთხოვნის შემთხვევაში პასუხი ნაცხის აღებიდან რამდენიმე საათში უკვე მზადაა, თუმცა, ამისთვის დამატებით თანხის გადახდა არის საჭირო. 





რეკომენდებული