რუჯი და კანის დამწვრობა: ინტერვიუ ზაზა თელიასთან
2020 / 07 აგვისტო
ზაფხულის პარალელურად, გარუჯვა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები კვლავ აქტუალური ხდება. ნამზეურის მომხიბვლელი ეფექტის მიღმა მნიშვნელოვანი სამედიცინო რისკები იმალება. რუჯის შესახებ ფართო საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებების მიუხედავად, სამეცნიერო საზოგადოება ცალსახად აცხადებს, რომ უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს. მკვლევართა აზრით, მზესთან შედარებით უფრო უსაფრთხო არც სოლარიუმებია. თუმცა, მიუხედავად არსებული რისკებისა, ადამიანებს თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვთ და ისინი გარუჯვაზე უარს არ ამბობენ.
გარუჯვასთან და მასთან ასოცირებულ სამედიცინო რისკებთან დაკავშირებით, ჩვენ დერმატო-ვენეროლოგ, ზაზა თელიას რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
- არსებობს თუ არა “უსაფრთხო გარუჯვის” ცნება?
- უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს. მრავალი სამეცნიერო მტკიცებულების მიხედვით, ულტრაიისფერი სხივები ზოგადად ადამიანის ორგანიზმსა და სხვადასხვა ორგანოს სერიოზულ ზიანს აყენებს. მთელი ცხოვრების მანძილზე, მზის დამწვრობის თუნდაც ერთი ეპიზოდიც კი კანის კიბოს განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ასევე აღსანიშნავია, რომ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანი ნაადრევად ბერდება.
- ზოგიერთი დაავადების დროს, (მაგ: რაქიტი, პოსტ-მენოპაუზური ოსტეოპოროზი, სეზონური აფექტური აშლილობა) ექიმები პაციენტებს D ვიტამინის მისაღებად მზის აბაზანებს უნიშნავენ. დღის რა პერიოდში შეგვიძლია უსაფრთხო მზის აბაზანების მიღება?
- მზეს განსაკუთრებით 12.00სთ-დან 16.00სთ-მდე პერიოდში უნდა მოვერიდოთ. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელად ვატაროთ ფართოფარფლებიანი ქუდი, რომელიც ჩვენს სახეს და კისერს მზის სხივებისგან დაიცავს.
- მზისგან დამცავის არჩევისას, მომხმარებელი უმეტესად მწარმოებელ კომპანიას და ფასს აკვირდება. რეალურად, რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ასეთ დროს?
- ზახგასმით უნდა აღვნიშნო, რომ უფრო ძვირი უკეთესს არ ნიშნავს! მზის დამცავის არჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგზე:
- მზისგან დამცავი საშუალება ეფექტიანი უნდა იყოს როგორც ულტრაიისფერი სხივი A-ს, ასევე ულტრაიისფერი სხივი B-ს წინააღმდეგ (UVA+UVB).
- საუკეთესო მზის დამცავი საშუალება შეიცავს თუთიის ოქსიდსა (Zinc Oxide) ან ტიტანის დიოქსიდს (Titanium Dioxide).
- მზისგან დამცავი საშუალებები იყოს SPF 30+.
ადამიანებს, რომლელთაც Fitzpatrick-ის კლასიფიკაციით I და II ტიპის კანი აქვთ, უნდა გამოიყენონ SPF50. Fitzpatrick-ის კლასიფიკაციით III ტიპის კანის მქონე ადამიანებმა შეიძლება გამოიყენონ SPF30.
- როგორ და რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი?
-მზისგან დამცავი რუჯის მიღებამდე 30 წუთით ადრე უნდა წავისვათ კანზე. მისი განმეორებითი მოხმარება ასევე რეკომენდირებულია წყალთან ყოველი შეხებისა და გარუჯვიდან 2 საათის გასვლის შემდეგაც.
- ზაფხულში გარუჯვის თანმდევი კანის დამწვრობა ყოველთვის აქტუალური სამედიცინო პრობლემაა. როგორია ასეთ დროს პირველადი დახმარება და როდის მივართოთ ექიმს?
- ძალზედ მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს:
- არ შეიძლება ზეთის გამოყენება!
- არ შეიძლება სხვადასხვა ადგილობრივი მოქმედების მალამოებისა თუ კრემების თვითნებური გამოყენება!
უპირველეს ყოვლისა, კანის დამწვარი უბანი უნდა გაგრილდეს ცივი საფენებით. შემდგომში, ექიმის რეკომენდაციით შეიძლება გამოყენებულ უნდა იქნას ვერცხლის სულფადიაზინის მალამოები (Silver Sulfadiazine). ასევე მნიშვნელოვანია კანის დაცვა შემდგომი გაღიზიანებისგან. სხეულის მაღალი ტემპერატურის ან ტკივილის შემთხვევაში, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ტაბლეტირებული ფორმით (მაგალითად: იბუპროფენი)
- უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები კანის დამწვრობას დასვენებისას, კურორტზე იღებენ. მსუბუქი ჩივილების შემთხვევაში, როგორც წესი, ისინი ექიმს იშვიათად მიმართავენ. რამდენად მოსახერხებელია ასეთ დროს დერმატოლოგთან ონლაინ-კონსულტაცია?
- მზით დამწვრობის დროს, დერმატოლოგთან ონლაინ კონსულტაციის გავლა აუცილებელია. ასეთ დროს თვითმკურნალობა ძალიან სახიფათოა და ამით მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს. ფოტო-სურათების გაზიარებითა და ონლაინ ვიდეო-კონსულტაციის საფუძველზე დერმატოლოგს ადექვატური მკურნალობა დანიშვნა შეუძლია.
ექიმმა ზაზა თელიამ ტელემედიცინის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებსაც უპასუხა