რა გვაწუხებს ზაფხულში: ენტეროვირუსი
2020 / 04 აგვისტო
ზაფხულის დადგომასთან ერთად ენტეროვირუსული ინფექციების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს. როდესაც საუბარი ენტეროვირუსულ ინფექციას ეხება, ადამიანების უმრავლესობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებით მიმდინარე სეზონურ დაავადებას წარმოიდგენს. აღნიშნულის მიზეზი მარტივი ასახსნელია: წვრილი ნაწლავის ლორწოვანის ანთებას ენტერიტი ეწოდება და იგი ღებინებით, ფაღარათით, ზოგადი ინტოქსიკაციით გამოვლინდება. თუმცა, ენტეროვირუსებს ამაში ბრალი არ მიუძღვით. ეს დასახელება მათ თავიანთი გამრავლების ადგილის გამო მიიღეს. საქმე იმაშია, რომ ენტეროვირუსები ნაწლავურ ტრაქტში მრავლდებიან, მაგრამ ისინი სრულიად სხვა დაავადებებს იწვევენ.
ენტეროვირუსები ვირუსთა საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი ჯგუფია. ადამიანის დაინფიცირების უნარი 116 ტიპის ენტეროვირუსს აქვს. სწორედ ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ბავშვთა ასაკის მძიმე დაავადების, პოლიომიელიტის გამომწვევი. უმრავლეს შემთხვევაში ენტეროვირუსები უფრო მსუბუქი სიმძიმის ინფექციებს იწვევენ და მათი ძირითადი სამიზნე ბავშვები და მოზარდები არიან. ამის მიზეზი მარტივია: უფროსებთან შედარებით, ბავშვები და მოზარდები პირად ჰიგიენას უფრო ნაკლებად იცავენ, ხოლო მათ ორგანიზმს აღნიშნულ ვირუსებთან შეხება აქამდე არ ჰქონიათ. ამის გამო ბავშვების და მოზარდების იმუნური სისტემა ენტეროვისთან ბრძოლაში გამოუცდელია.
ენტეროვირუსები ფეკალურ-ორალური და რესპირატორული გზით ვრცელდებიან და ისინი წლის სხვა პერიოდებთან შედარებით, უფრო მეტად ზაფხულში აქტიურდებიან. განსაკუთრებით საყურადღებოა ენტეროვირუსის სასმელი წყლით გავრცელება. ამან შეიძლება ადამიანთა მასიური დაინფიცირება გამოიწვიოს. განსაკუთრებული რისკის მატარებელია დამდგარი, ჭის წყალი. ეს უკანასკნელი შესაბამის ქიმიურ დამუშავებას არ გადის და ადამიანების ორგანიზმში პირვეყოფილი სახით ხვდება. ასვე მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმაც, რომ ენტეროვირუსების სასმელი წყლით გავრცელება ძირითადად ისეთ ადგილებში ფიქსირდება, სადაც შესაბამიმი ინფრასტრუქტურა ჯეროვნად არ არის გამართული.
ენტეროვირუსით ინფიცირების შემდეგ, შემთხვევათა 90%-ში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როცა ასე არ ხდება, დაინფიცირებულს შემდეგი სიმპტომები გამოუვლინდება:
- ღებინება
- გამონაყარი ფეხებზე, ხელებსა და პირის ირგვლივ
- გაციება (სურდო, ტემპერატურის მატება, კუნთების ტკვილი)
დაავადების სიმპტომების სიმძიმე მსუბუქია და დაავადების მიმდინარეობაც კეთილსაიმედოა. ექიმი დიაგნოზს სიმპტომების გაანალიზების შემდეგ სვამს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის აღმოსაჩენად შესაძლოა სპეციფიკური ტესტირებაც ჩატარდეს.
ენტეროვირუსული ინფექციის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. რადგანაც უშუალოდ გამომწვევის საწინააღმდეგო ანტივირუსული თერაპია არ გაგვაჩნია, დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის დროს პაციენტი სიმპტომურად მკურნალობს. აღნიშნულში შედის გაციების მედიკამენტური მკურნალობა და მოსვენებითი რეჟიმი, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან იქნეს აცილებული. ვინადან ღებინების დროს ორგანიზმი სითხეს დიდი რაოდენობით კარგავს, საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად ორგანიზმი დეჰიდრატაციისგან არის დაცული.
ენტეროვირუსების წინააღმდეგ ვაქცინა არ გვაქვს (რა თქმა უნდა, აქ არ ვგულისხმობთ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინას). ვირუსებთან ეფექტიანი ბრძოლა მის პრევენციაში მდგომარეობს. კორონავირუსის პანდემიის წყალობით, აღნიშნული რეკომენდაციები თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ნაცნობია:
- ხელების ხშირი დაბანა საპნითა და გამდინარე წყლით
- ფიზიკური კონტაქტის შეზღუდვა
- ხშირ ფიზიკურ კონტაქტში მყოფი ზედაპირების დეზინფექცია
რადგანაც ენტეროვირუსის ძირითად სამიზნეს ბავშვები წარმოადგენენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ადრეული ასაკიდანვე ასწავლონ და პერიოდულად მათ სათამაშოებს დეზინფექცია ჩაუტარონ.
ენტეროვირუსების შესახებ უფრო დეტალურად, Ekimo-ს ფეისბუქ-ლაივში ექიმმა-გასტროენტეროლოგმა, სოფიო ბერიძემ ისაუბრა