სწორი დიეტა და წონის კორექცია: ინტერვიუ ლალი ნიკოლეიშვილთან

სწორი დიეტა და წონის კორექცია: ინტერვიუ ლალი ნიკოლეიშვილთან

2020 / 19 აგვისტო

წონის კორექციის თანმდევი სწორი დიეტის შერჩევა ყოველთვის რთული და პრობლემურია. აღნიშნულს განსაკუთრებით ართულებს ონლაინ თუ ბეჭდურ მედიაში არსებული აურაცხელი რეკომენდაციები, რომლებიც წონის "სწრაფ და ეფექტიან" დაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს. რეალურად, არასწორი დიეტას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანების პოტენციალი გააჩნია.

 

წონის კორექციასთან და სწორ დიეტასთან დაკავშირებული კითხვებით ჩვენ კლინიკა "დიაკორის" ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს და ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ ლალი ნიკოლეიშვილს მივმართეთ

 
 
  • ადამიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ დიეტის სამედიცინო საჭიროებას და საკუთარ ესთეტიკურ მოთხოვნილებას. შესაბამისად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საჭიროების გარეშე მისდევენ წონის საკორექციო დიეტას და პირიქით. გთხოვთ განგვიმარტოთ, რა არის სხეულის მასის ინდექსი და როდის დგება წონის საკორექციო დიეტის სამედიცინო საჭიროება?

 

- სხეულის მასის ინდექსი გამოითვლება სხეულის წონის გაყოფით სიმაღლის კვადრატზე (სმი= წონა(კგ)/სიმაღლე(მ²)). თუ სხეულის მასის ინდექსი აღემატება 25 კგ/მ²-ს, ადამიანს აქვს ჭარბი წონა, ხოლო თუ სმი აღემატება 30კგ/მ²-ს - დიაგნოსტირდება სიმსუქნე. ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევაში დგება წონის კორექციის საჭიროება.

 

  • წონის კორექციის უამრავი დიეტა არსებობს, რაც ადამიანებს ძალიან აბნევს. რა ტიპის დიეტები არის მოწოდებული წონის კორექციისათვის?

 

- წონის კორექცია რეკომენდებულია სწორი, ბალანსირებული, რეჟიმული კვებით. არ არის რეკომენდებული მონო-დიეტები, შიმშილი და ა.შ. რეკომენდებულია, დიეტა პროფესიონალის მიერ პაციენტის ანამნეზის, თანმხლები დაავადებების, ენერგეტიკული დანახარჯის, კვებითი ჩვევების, ფიზიკური აქტივობის რეჟიმისა და ცხოვრების წესის გათვალისწინებით შედგეს.

 

  • ხშირად ჭარბი წონა სხვა სამედიცინო მდგომარეობებთან არის
    შეჭიდული. როგორ უნდა შევარჩიოთ წონის საკორექციო დიეტა თანდართული ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში?

 

- არა მარტო სიმსუქნის და ჭარბი წონის შემთხვევაში, არამედ ნორმალური წონის ფონზე, როდესაც ადამიანს თანმხლები მწვავე ან ქრონიკული დაავადება აქვს, გარკვეული საკვები ნივთიერებების შეზღუდვა ან შეწყვეტა არის რეკომენდებული. მაგალითად: დიაბეტის დროს აუცილებელია მარტივი ნახშირწყლების რაციონიდან სრულად ამოღება, ხოლო რთული ნახშირწყლების შეზღუდვა. არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში, რეკომენდებულია სუფრის მარილის შეზღუდვა. ასევე, ორივე დაავადების დროს ნაჯერი ცხიმის და ტრანს-ცხიმის შეზღუდვა არის რეკომენდებული.

 

  • ადამიანთა ნაწილი დიეტას ცალსახა პანაცეად ხატავს და მის
    თანმდევად დუნე ცხოვრების წესის ცვლილებას არ მოიაზრებს. ზოგიერთისათვის
    წონის კორექციის თანმდევი ვარჯიში დიეტის შეწყვეტის მიზეზი ხდება. რა კავშირი აქვს დიეტასა და ფიზიკურ აქტივობას? დიეტის პარალელურად, აუცილებელია თუ არა ფიზიკური აქტივობის გაზრდა?

 

- სტაბილური ფიზიკური აქტივობა უნიშვნელოვანესია წონის კორექციისთვის, ენერგეტიკული დანახარჯის გასაუმჯობესებლად, კუნთოვანი და ძლოვანი სისტემის გასაძლიერებლად. ფიზიკური აქტივობა გვეხმარება არა მხოლოდ წონის კლებაში, არამედ სხეულის კომპოზიციის გაუმჯობესებაში. კერძოდ: ფიზიკური ვარჯიში გვეხმარება ორგანიზმისთვის მავნე ცხიმების რაოდენობის შემცირებაში, რაც ქრონიკული დაავადებების პრევენციასა და მართვაში წამყვან როლს ასრულებს.

 

  • ბარიატრიული ქირურგიის განვითარებამ და დახვეწამ აღნიშნული
    მიმართულებით დაინტერესება საკმაოდ გაზარდა. რამდენად ეფექტიანია წონის კორექციისათვის ბარიატრიული ქირურგია?

 

- ბარიატრიულ ქირურგიას თავისი კლინიკური ჩვენება აქვს. ოპერაციული ჩარევა ორგანიზმისთვის  სტრესია და იგი მიკრონუტრიენტების დეფიციტს იწვევს. შესაბამისად, ასეთ დროს პაციენტი მუდმივ კონტროლსა და სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სიმსუქნე მორბიდულია (სიცოცხლისთვის საშიში) და სახეზეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი, ან გამოხატულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია და ამავდროულად ყველა სხვა მეთოდით წონის კლების მცდელობა უშედეგოა, რეკომენდებულია ბარიატრული მკურნალობა.

 

რეკომენდებული